insideout

რა საშინელებაა, როდესაც საკუთარ სულში იხედები და მხოლოდ ცარიელ, გამომშრალ უდაბნოს აღმოაჩენ. მიწას უზარმაზარი შავი ბზარები ადევს, საიდანაც მხოლოდ რომელიმე რეპტილია თუ გამოხოხდება ხოლმე. შემოგხედავს თავისი ცარიელი, გაყინული თვალებით, და კვლავ მიიმალება.

ჯალათი მზე, შხამიანი ისრებივით ისვრის თავის მწველ სხივებს და ცდილობს მოსპოს ყოველივე ცოცხალი. წარსულიდან მხოლოდ ფერფლად ქცეული ყვავილები და მცენარეებიღა შემოგრჩა. მხოლოდ ისინი თუ მოგაგონებს რა მდიდარი და ნაყოფიერი ოაზისი იყო აქ ერთ დროს.

ფეხები ქვიშაში გეძირება, გრძნობ, რომ უდაბნო ცდილობს შენც გშთანთქოს. სასწრაფოდ უნდა გაახილო თვალები…

თუმცა კი, განა გახელისას რამე უკეთესი გელოდება?  ამასობაში ქვიშა უკვე წელამდე იწევს.

ქვიშა მჟავასავით გიხვრეტს კანს, ყელამდე ამოდის, გახრჩობს და  თვალები თავისით გეხილება…

ცა წითლადაა შეღებილი და მზე ჩასასვლელად ემზადება. ქვაზე დიდხანს ჯდომისგან სხეული გათოშილი გაქვს, დგები და წასვლას აპირებ. სიცივე კანქვეშ აღწევს, სრულიად მარტო ხარ ქვების გარემოცვაში. საფლავს ჯერ კიდევ ეტყობა ახლდდაყრილი მიწა.