insideout

რა საშინელებაა, როდესაც საკუთარ სულში იხედები და მხოლოდ ცარიელ, გამომშრალ უდაბნოს აღმოაჩენ. მიწას უზარმაზარი შავი ბზარები ადევს, საიდანაც მხოლოდ რომელიმე რეპტილია თუ გამოხოხდება ხოლმე. შემოგხედავს თავისი ცარიელი, გაყინული თვალებით, და კვლავ მიიმალება.

ჯალათი მზე, შხამიანი ისრებივით ისვრის თავის მწველ სხივებს და ცდილობს მოსპოს ყოველივე ცოცხალი. წარსულიდან მხოლოდ ფერფლად ქცეული ყვავილები და მცენარეებიღა შემოგრჩა. მხოლოდ ისინი თუ მოგაგონებს რა მდიდარი და ნაყოფიერი ოაზისი იყო აქ ერთ დროს.

ფეხები ქვიშაში გეძირება, გრძნობ, რომ უდაბნო ცდილობს შენც გშთანთქოს. სასწრაფოდ უნდა გაახილო თვალები…

თუმცა კი, განა გახელისას რამე უკეთესი გელოდება?  ამასობაში ქვიშა უკვე წელამდე იწევს.

ქვიშა მჟავასავით გიხვრეტს კანს, ყელამდე ამოდის, გახრჩობს და  თვალები თავისით გეხილება…

ცა წითლადაა შეღებილი და მზე ჩასასვლელად ემზადება. ქვაზე დიდხანს ჯდომისგან სხეული გათოშილი გაქვს, დგები და წასვლას აპირებ. სიცივე კანქვეშ აღწევს, სრულიად მარტო ხარ ქვების გარემოცვაში. საფლავს ჯერ კიდევ ეტყობა ახლდდაყრილი მიწა.

უდაბნო

წარმოიდგინეთ რომ უდაბნოში მიდიხართ. თქვენს ფეხ ქვეშ დახეთქილი მიწა წყალს ნატრულობს, მზე კი უკვე მესამე საათია რაც ბობოქრობს… მიაბიჯებთ და თან ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრები გახსენდებათ, სწორედ ცასავით ლურჯი ტრუსები და მიწასავით ყვითელი მაისურები აცვიათ. მზე – ბურთივითაა… დიდი თამაშის პატარა მონაწილე ხართ, უნდა იაროთ და იაროთ, არადა რა სიამოვნებით დაწვებოდით და ასე სამუდამოდ გაუნძრევლად დარჩებოდით მიწაზე, რომელიც ამ წამს ყველაზე მეტად საკუთარ მშრალ ტუჩებს გაგონებთ. საკმარისია დაწვეთ და თამაში მაშინვე დასრულდება. ალბათ სადღაც შორს ვიღაცის მონიტორზე გამოჩნდება სიტყვები Game Over. მაგრამ რომ დაწვეთ, თქვენ ვეღარასდროს აღმოჩნდებით ოაზისში და ეს იქნება დანებების საფასური. სწორედ ამიტომაც თქვენ კვლავ ათრევთ ფეხებს. აი ხვლიკი განაბულა ქვაზე, მიწიდან კი სისინა გველი ამოდის. ისინი თავის სტიქიაში არიან, არც ოაზისები ადარდებთ, არც დაღლილობა და არც ბრაზილიის ნაკრები… თქვენგან განსხავევბით, მათ სრულიად გამიზნულად და სწორად გააკეთეს საკუთარი არჩევანი. უდაბნოში მხოლოდ თქვენ ხართ, მათთვის კი ეს სახლია. გარშემო ყოველდღიურობის ამსახველი ყვითელი მირაჟებია, ისინი დაჰქრიან, ზუზუნებენ, გამონაბოლქვს უშვებენ, ჩერდებიან და კვლავ მიჰქრიან. ხომ არ ჯობს მირაჟად გადაიქცეთ, და სიყვითლეს დანებდეთ, ანაც გველის ტყავი მოირგოთ?არა! ოაზისი! იგი წინაა, შორსაა, დარწმუნებული ხართ მის არსებობაში და სანამ გული გიძგერთ მას სიყვითლეზე და გველობაზე ვერ გაცვლით. Continue reading