რიგები

შაბათი…  გამოძინების და ძალების აღდგენის დროა, როდესაც კვირის განმავლობაში დაღლილ ადამიანს შეუძლია ლოგინში გაინაზოს და უსაქმურობით დატკბეს… ან გიჟივით წამოხტეს რვა საათზე, მეხანძრესავით სწრაფად ჩაიცვას, მოიგდოს მხარზე სპორტული ჩანთა და სახლიდან გავარდეს…

დიდის ამბით მივაბიჯებ წერეთლის მეტროსკენ და ვცდილობ ძილი ჩამოვიბერტყო, თუმცა იგი ჯიუტად არ მიშვებს, თითქმის ისევე, როგორც ჭირვეული ბავშვი ებღაუჭება წასასვლელად გამზადებული მამის ფეხს. ქუჩები ცარიელია და ჩემს გარშემო იშვიათი გამვლელები, ძირითადად ღამე ნამთვრალევი კაცები დაბაჯბაჯებენ. დილის ნიავი ნამდვილი პანაცეაა ძილის დასამარცხებლად, სასიამოვნოდ მიგრილებს სახეს, ყურებში კი მხოლოდ მანქანის დაქოქვის შოროეული დუდუნი ჩამესმის.

აი ვუხვევ მეტროსკენ მიმავალ ქუჩაზე და უცებ ყველაფერი სასწაულებრივად იცვლება… თურმე გაფუჭებული ძრავა კი არ დუდუნებს, არამედ რაღაც პატარა ჯიხურთან შეკრებილი ადამიანთა ჯგუფი. უმეტესობას თმაში ჭაღარა აქვს შერეული, და ყველა მოხუცის დარად თბილად აცვია. თითოეული ადამიანი თითქოს აფრქვევს მოუთმენლობის ტალღებს – აი ”შლაპა” დახურულ ულვაშიან ბაბუას ხელები ზურგსუკან დაულაგებია და მოუსვენრად აბაკუნებს ფეხებს. მის წინ მდგომი შავოსანი ქალი კი გაცილებით ნაკლებად თავშეკავებულია, იგი თამამად, ხმამაღლა ლანძღავს მთავრობას, და მოითხოვს რომ რიგში წინ გაუშვან.

Continue reading

ლესელიძის სკვერში (ნაწ.2)

ლესელიძის სკვერში (ნაწ. 1)

გაოცებული ბებო ჭარხალას ისე აკვირდება,  თითქოს ძაღლის ან კატის რაიმე განსაკუთრებულ ჯიშს გადაეყარაო. სახეზე ზიზღის და სიბრალულის უცნაური ნარევი დასთამაშებს. რამდენჯერმე თავს იქნევს, მაგრამ შემდეგ კვლავ ახსენდება ზრდილობის ფარგლები და ბუკლეტს უბრუნდება.

ამ დროს ყიჟინი ისმის, და აი სკვერი უკვე წალეკა ახალაგზრდათა მთელმა ჯგუფმა. საკმაოდ კარგად გამოიყურებიან, ყველა ლამაზად ჩაცმული და მოვლილია, ეტყობათ, რომ სტუდენტები არიან,  თუმცა აშკარად უბრალოდ ”საბირჟაოდ” არ მოსულან – ზოგს ვიდეოკამერა უჭირავს, ზოგს მიკროფონი და ბლოკნოტი. ორგანიზატორი, როგორც ირკვევა,  ერთი საკმაოდ ცნობილი (მათ შორის სკანდალურად) ჟურნალისტია. მან თავი საკმაოდ თავისებური იუმორით და ასევე იმით გაითქვა, რომ რამოდენიმე წელი ციხეში გაატარა მექრთამეობის (ვითომ?) გამო.

სტუდენტები უკმაყოფილონი არიან მათი უნივერსიტეტის თვითმმართველობის უვარგისობით, მოითხოვენ გამოხატვის თავისუფლებას, და საკუთარი უფლებების დაცვას, ასევე მწვავედ აპროტესტებენ საკუთარი მეგობრების ცემის ფაქტს. ისინი ლესელიძის სკვერს იყენებენ ერთგვარ თავშეყრის პუნქტად, ჟურნალისტი კი მათ – გადაცემის გასაკეთებლად.

ამ კრების შემხედვარე ჭარხალას, სულ უფრო და უფრო ემანჭება სახე. ხმაური მის ”პახმელიაზე” აშკარად უარყოფითად აისახება, მისი ჟესტები საშინელ თავის ტკვივილზე მიუთითებს და მის შემხედვარეს გვინდება კიტრის მწნილი ვუყიდოთ. თუმცა ეს არ გვცალდება, ვინაიდან ასპარეზზე ახალი პერსონაჟი შემოდის.

ყველაზე მეტად ჭარხალას ეს თანამოაზრე და ძმაკაცი ბაზრობის კარტოფილს გავს, აი მიწა რომ არ აქვს შემხმარი. ეტყობა, რომ ის და ჭარხალა ერთ ბოსტანში არიან გაზრდილები. მან გადაწყვიტა ძმაკაცის დახმარება, და ღიად გამოხატავს თავის უკმაყოფილებას ატეხილი ხმაურის გამო.

სტუდენტები და ჟურნალისტი მას აინუნშიც არ აგდებენ და თავიანთ საქმეს განაგრძობენ. ხოლო როდესაც კარტოფილა, მათი აზრით, ზღვარს გადაცდა, ამაზე  ზრდილობიანად მიუთითებენ და ურჩევენ თავის გზაზე იაროს.

Continue reading

ლესელიძის სკვერში

ხის მოხერხებულ სკამზე ვსხედვართ და დიდი ხნის ნანატრი სითბოთი ვტკბებით.  ახლადამოსული ფოთლები საამურ ჩრდილს გვგრის და მათ შორის კეკლუცი მზე გვაჭყეტს. სკვერი თითქმის ცარიელია, იგი თითქოს მიუწვდომელია გამვლელებისთვის, რომლებიც საკუთარ საქმეებში არიან ჩაფლულნი და სადღაც შორს მიიჩქარიან. რაღაცით თევზებს გვანან, წყალქვეშ გუნდებად რომ გადადგილდებიან ხოლმე  ერთი მიმართულებით. თუმცა აი ერთი ბებო წყდება ხალხის რუხ დინებას და ნელი ნაბიჯებით გვიახლოვდება. ეტყობა რომ ქართველი არაა, თუნდაც იმიტომ რომ ქართველი ბებოებისგან განსხვავებით წყვილებს აგრესიულად არ უყურებს, აღარაფერს ვამბობ მის ევროპულ სახის ნაკვთებზე, ცისფერ თვალებსა და ჩაცმულობაზე. ვერასდროს ვერ იხილავთ ასე თანამედროვედ და თავისუფლად ჩაცმულ ქართველ მოხუცს. ცისფერ მოსასხამსა და ბოტასებში გამოწყობილი, იგი ამ ასაკშიც კი მომხიბვლელია თავისი ჭეშმარიტად ქალური სიკეკლუცის გამო.

ბებო ახლო-მახლო განთავსდა, და ერთი წამით მოგვანათა ცნობისმოყვარე ლურჯი თვალები, თუმცა შემდეგ გაახსენდა, რომ უცნობი ადამიანების თვალიერება მთლად ზრდილობიანი არ არის, ჩანთიდან ინგლისურენოვანი ბუკლეტი ამოიღო საქართველოზე და მის კითხვაში ჩაეფლო.

სრულიად ბანალური დებულება გვეუბნება, ადამიანი იქამდე არ ბერდება, სანამ თავად არ ჩათვლის თავს მოხუცად. საერთოდ, ახალგაზრდები ასეთ დაუწერელ კანონებს ცოტა აგდებულას ვუყურებთ, თუმცა ჩვენს ახლოს მჯდომი ბებო ამ აქსიომის თვალნათლივი ილუსტრაციაა.

Continue reading