მაკა

დასრულდა! -გაიფიქრა მაკას აჩრდილმა.  სიგარეტი საფერფლეში ჩაჭყლიტა და უკანასკნელი ყლუპით ყავის ფინჯანი გამოცალა.  კაფეში ქალები ბზუოდნენ. ზოგი საუბრობდა, ზოგი სამუშაო დღის მერე ისვენებდა, ზოგი კი რაღაცას უკვეთავდა, თითოეული ხმა დანასავით ესობოდა მაკას ყურებში. ისეთი მშვიდები იყვნენ, იღიმოდნენ, იცინოდნენ, საკუთარი პაწაწინა სამყაროს იქეთ ვერაფერს ხედავდნენ. ალბათ ამიტომაც მოსწონდათ კაფეში ჯდომა – გარეთ გახედვისას მოყინული ფანჯრების წყალობით ხომ ვერაფერს ხედავდნენ. მაკას წვავდა ბოლით და ლაყბობით გაჟღენთილი ჰაერი, ერთი სული ქონდა გარეთ გასულიყო, მაგრამ არ შეეძლო, ერთი მარტივი მიზეზით – გარეთ უსაშველოდ ციოდა. საქმე მხოლოდ, იმაში არ იყო, რომ თერმომეტრი -8 გრადუს ცელსიუსს უჩვენებდა… უბრალოდ  მაკას ცოხვრებაში ზამთრის მოსვლა რაღაც უცნაურად დაემთხვა ქალაქში უჩვეულოდ ცივი და თოვლიანი დეკემბრის დადგომას.

Continue reading

Advertisements

საღვთო მიწა (ნაწ.2)

ცა იღვრებოდა წვიმად  და ზავდებოდა აქაფებულ, მშფოთვარე ზღვაში.  ტალღები ღმუოდნენ, საღვთო მიწას გაავებულნი ეხეთქებოდნენ და აბრკოლებდნენ მცურავს, რომელიც გადასარჩენად იბრძობა მათ შავ წიაღში. ბოლოსდაბოლოს იგი მიუახლოვდა კუნძულს და მაგრად ჩაეჭიდა მისკენ ხელივით გამოშვერილ ქვას. მცურავი მაღლა აცოცდა, მოძებნა შესაფერისი ადგილი, ჩამოჯდა და სახიდან სველი თმა გადაიწია. სახე ძალიან ბავშვური ქონდა,  ერთი შეხედვით შეიძლება გოგოსიც ყოფილიყო და ბიჭისაც, აი სხეული კი მართლაც ქალის სილამაზის ეტალონს წარმოადგენდა. მაღალი, ამაყი კისერი, ახლადმომწიფებული ყურძნის მტევნებევით სავსე მკერდი, წვრილი წელი და გრძელი სწორი ფეხები.

ქვები სველი იყო და გოგონას ძალზედ უჭირდა წონასწორობის შენარჩუნება, მისი პატარა ტერფები მოუსვენრად დასრიალებდა…  ცა კი არც ფიქრობდა გამოდარებას, პირიქით სულ უფრო და უფრო მსხვილ წვეთებს უშენდა საღვთო მიწაზე მჯდომ განდეგილს…  ქარი ღმუოდა როგორც ტკივილისგან გამწარებული ქალი და უხეში მამაკაცივით უჩეჩავდა თმას  ზღვის წიაღში მყოფ ამ ერთადერთ ადამიანს.

”რატომ? რატომ?” ჩურჩულებდა გოგონა, დრო-და დრო ცისკენ აპყრობდა თავის შავ თვალებს,  რომელბშიც ელვის კლაკნილი ირეკლებოდა…  ასეთ მომენტებში ცა გაბზარულ ჭერს გავდა და ალბათ გოგონას იმედი ქონდა, რომ მოწყალე ღმერთი ამ ბზარიდან გადმოუგდებდა რამეს… თუმცა კი დრო გადიოდა, ბუნება კვლავ ბობოქრობდა, გოგო კი  უშედეგოდ ელოდა დახმარებას…  ბოლოს გოგონამ უკანასკნელად ახედა ცას, პირჯვარი გადაისახა და წყალში გადაეშვა…

Continue reading

საღვთო მიწა (ნაწ.1)

ზღვის მარადი ტალღები იავნანას უმღერიან  პატარა გოჯ მიწას, რომელიც განისვენებს მათ წიაღში, როგორც ღვთის საჩუქარი ვინმე გამოუცდელ მცურავს. გაშავებული ქვებით დაფარული, მხოლოდ იგი თუ მოაგონებს ადამიანს, რომ ამ უკიდეგანო სივრცეში არსებობს ხმელეთი. საუკუნეების მანძილზე, მას შემდეგ, რაც ღმერთმა ამ მიწის ნაგლეჯის უვნებლად დატოვება ინება, აქ  უამრავი ადამიანის ტერფი დგმულა. ძველად აქ ხშირად მოცურავდნენ მღვდლები, რომელთაც სურდათ განმარტოვება, საკუთარ თავში ჩაღრმავება და მრევლისთვის საჭირო სიტყვების პოვნა. გადამწყვეტი ბრძოლის წინა ღამით არაერთ მხედამთავარს მოუპოვებია წალკოტზე მტერთან შებმის სიმამაცე, რომლის შედაგადაც მათი გმირობები საარაკო ხდებოდა. არც გულზე სიყვარულის ალმოდებულები აკლდა აქაურობას, არც იმედგაცრუებულები და გულგატეხილები, ისღა დაგვრჩენია გაგვიკვირდეს, როგორ არ იქმნებოდა კუნძულთან მისაცურ გზაზე რიგები, და როგორ არ ახრჩობდნენ ერთმანეთს პირველობის სურვილით შეპყრობილები. თუმცა წალკოტს გააჩნდა ერთი მეტად საინტერესო თვისება. ყველას ეგონა რომ იგი ერთადერთია ვინც ამ პატარა ადგილის საიდუმლოს ფლობდა, თან იმდენად ერთპიროვნულად, რომ არავის ქონია ვინმესთვის მისი განდობის სურვილი.  ალბათ ასე უკეთესიც იყო – ის რაც ყველასთვისაა ცნობილი, უკვე აღარ გვეჩვენება სასწაულად…   საკმარისია იგი გავთქვათ, მის შესახებ ისეთ ვინმეს შევატყობინოთ, ვისაც წარმოდგენა არ აქვს, რა არის სასწაული, და სასწაული უკვე კარგავს თავის მაგიურ ძალას, იგი ჩვეულებრივ, ყოფით მოვლენად გარდაიქმნება…

Continue reading

კარავში

ღამეა.  კარვის გამჭირვალე კედელში მოჩანს მოჩვენების მაგვარი მთვარე. ალკოჰოლის საკმაოდ დიდი რაოდენობა გაქვთ მიღებული, რაც ხშირ შემთხვევებში ძალიან სასარგებლოა.  კარავში სივიწროვეა, რადგანაც 3 კაცის ნაწვლად 4ნი წევხართ. მარცხნიდან კარვის კედელს ეყრდნობით, მარჯვნიდან კი ულამაზესი გოგო გიწევთ. ღრმად სუნთქავს და წარამარა ექაჩება თავისკენ საბანს, რომელიც თქვენდასაუბედუროდ საერთო გაქვთ. კარავში სიგრილეა და საბნის გარდა თბილი ჟაკეტი გაფარიათ, გოგონა, თითქოს ეწევაო, დროდადრო უშვებს პირიდან ორთქლს…

სიცივე არ გაძინებთ, და გრძნობთ რომ დასაძინებლად სითბო გესაჭიროებათ. თუმცა კი ამ სითბოს ვერ მოგცემთ ვერც საბანი და  ვერც ქურქი, ვერც ფეჩი, და ვერც გარეთ ანთებული კოცონი… ერთადერთი, ვისაც ამ დროს თქვენი გათბობა შეუძლია, მარჯვნივ მწოლიარეა, თუმცა რა მძიმეა იმის გაცნობიერება, რომ ამჟამად გვერდით საჭირო ადამიანი არ გიწევთ. ”საჭირო”-ში სულაც არ იგულისხმება ლტოლვის ობიექტი. აქ ლაპარაკია ადამიანზე, რომელსაც შეუძლია შთანთქოს ტქვენი ნეგატივი, და მის სანაცვლოდ თავისი თბილი, დადებითად დამუხტული აურის ნაწილი გიბოძოთ…

Continue reading

სკამი

ირგვლივ ღამე, სიცარიელე და სიცივეა. უხეში გაბრაზებული ქარი ჭადრებზე იყრის ჯავრს. ისინი სკამზე სხედან და თავები ერთმანეთზე აქვთ მიყუდებული.  ვარსკვლავებში ეძებენ რაღაცეებს, პოულობენ, კარგავენ, კვლავ ეძებენ და ასე გრძელდება უსასროლოდ. დატანჯული ნაძვები შრიალებენ, ქარი ღმუის, ზამთარი სუფევს ყველგან. ცოცხალი არსების ჭაჭანება არაა პარკში. მკრთალად განათებული ცარიელი სკამებით დახუნძლული ბილიკები, შორეული მანქანების ხმა, ვარსკვლავების გულგრილი ციმციმი, ყველაფერი ეს უბრალოდ ფონია, მთავარი სანახაობა კი ჭადრის ქვეშ მდგომ სკამზე ვითარდება, სადაც გაუნძრევლად სხედან ორნი. ერთნაირად ხუჭუჭა თმა, ცისკენ  მუდარით ერთნაირად მიპყრობილი თვალები და მათი გადაჯვარებული თითები გვაფიქრებინებს, რომ მათ აქ ჯდომის საკმაოდ სერიოზული მიზეზი უნდა ქონდეთ. მათ თვალებში უღრუბლო, მელნისფერი ცა ირეკლება და ვარსკვლავები ახლადგამოსულ ცრემლებს გვანან. მათთან ახლოს მისვლას ვერ ვბედავთ და კვლავინდებურად შორიდან ვათვალთვალებთ იმ იმედით რომ რამე შეიცვლება. რამე იცვლება, რამე კი არა, ყველაფერი იცვლება მათ გარდა. ცის მელანში თითქოს წყალს აზავებენ, ქარი თითქოს მუნჯდება, და ჭადრებს თითქოს ეძინებათ. ჩვენც გვეძინება და გვახსენდება აქ მოსვლის მიზეზი, და ამაო სურვილები. სკამზე კი ყველაფერი კვლავინდებურადაა.. ჩვენ მივდივართ და მტკიცე გადაწყვეტილებას ვიღებთ აქ აღარ დავბრუნდეთ, თორემ შეიძლება კვლავ ვიხილოთ წყვილი, რომელიც სკამზე ზის, ცაში რაღაცეებს ეძებს, პოულობს,კარგავს, კვლავ ეძებს და ასე უსასრულოდ…