რიგები

შაბათი…  გამოძინების და ძალების აღდგენის დროა, როდესაც კვირის განმავლობაში დაღლილ ადამიანს შეუძლია ლოგინში გაინაზოს და უსაქმურობით დატკბეს… ან გიჟივით წამოხტეს რვა საათზე, მეხანძრესავით სწრაფად ჩაიცვას, მოიგდოს მხარზე სპორტული ჩანთა და სახლიდან გავარდეს…

დიდის ამბით მივაბიჯებ წერეთლის მეტროსკენ და ვცდილობ ძილი ჩამოვიბერტყო, თუმცა იგი ჯიუტად არ მიშვებს, თითქმის ისევე, როგორც ჭირვეული ბავშვი ებღაუჭება წასასვლელად გამზადებული მამის ფეხს. ქუჩები ცარიელია და ჩემს გარშემო იშვიათი გამვლელები, ძირითადად ღამე ნამთვრალევი კაცები დაბაჯბაჯებენ. დილის ნიავი ნამდვილი პანაცეაა ძილის დასამარცხებლად, სასიამოვნოდ მიგრილებს სახეს, ყურებში კი მხოლოდ მანქანის დაქოქვის შოროეული დუდუნი ჩამესმის.

აი ვუხვევ მეტროსკენ მიმავალ ქუჩაზე და უცებ ყველაფერი სასწაულებრივად იცვლება… თურმე გაფუჭებული ძრავა კი არ დუდუნებს, არამედ რაღაც პატარა ჯიხურთან შეკრებილი ადამიანთა ჯგუფი. უმეტესობას თმაში ჭაღარა აქვს შერეული, და ყველა მოხუცის დარად თბილად აცვია. თითოეული ადამიანი თითქოს აფრქვევს მოუთმენლობის ტალღებს – აი ”შლაპა” დახურულ ულვაშიან ბაბუას ხელები ზურგსუკან დაულაგებია და მოუსვენრად აბაკუნებს ფეხებს. მის წინ მდგომი შავოსანი ქალი კი გაცილებით ნაკლებად თავშეკავებულია, იგი თამამად, ხმამაღლა ლანძღავს მთავრობას, და მოითხოვს რომ რიგში წინ გაუშვან.

Continue reading

Advertisements

დო

გაფუჭებული შუქნიშნების ქალაქში ერთ ფრიად არაგაფუჭებულ ადგილს წავაწყდი. არაგფუჭებულს კი არა, მგონი საერთოდ შუქნიშნების შემაკეთებელი ქარხანაა. სიმშვიდე და გაწონასწორებულობა ამ ადგილის აურის შემადგენელი ნაწილია.  ვინაიდან ჩემი გაფუჭებულობა დღის წესრიგში საკმაოდ მწვავე პრობლემად მედგა, გადავწყვიტე იქ მივსულიყავი დასახმარების ძიებაში.

ფიზიკური აღზრდისა და განავითარების გარდა, მანდ რა თქმა უნდა სულიერსაც ექცევა  უდიდესი  ყურადღება.

საბრძოლო ხელოვნების ოსტატს სენსეის უწოდებენ. ჰოდა სენსეი ხშირად ესაუბრება თავის მოსწავლეებს. მისი თქმით არსებობს ერთგვარი გზე –  ”დო”, რომელიც ყველამ უნდა გავიაროთ. გზა, ცხადია, აბსტრაქტულია. ეს დახვეწისა და თვითშემეცნების გზაა…

გული მიგრძნობს, რომ მისი საუბარი ხშირად გახდება ჩემი შთაგონების წყარო, ასე რომ წერას  აქედანვე დავიწყებ…

პირველმა გაკვითილებმა, კუნთების საშინელი ტკვილის გარდა,  ელვისებრი გასხივოსნებით დამაჯილდოვა:

”ჩემ შვილიშვილს ლექსი ჰქონდა სასწავლი – გვიყვება სენსეი –   იწვალა ერთი ნახევარი საათი და მოდის ჩემთან, უნდა მოგიყვეო. დადგა და ამბობს, დაუზეპირებია.  ჩაარარკაკა სიტყვების ნაკადი და მიყურებს.  ჰო, და ლექსი სადაა – ვკითხე. სადაა გრძნობა, რითმი, პოეზია? თუ შიგნით სურვილის ცეცხლი არ გინთია, არაფერი გამოვა. სიტყვებს დაიზეპირებ, მაგრამ ლექსს ვერასდროს იტყვი”.

ხშირად ამბობთ ლექსებს?