მაკა

დასრულდა! -გაიფიქრა მაკას აჩრდილმა.  სიგარეტი საფერფლეში ჩაჭყლიტა და უკანასკნელი ყლუპით ყავის ფინჯანი გამოცალა.  კაფეში ქალები ბზუოდნენ. ზოგი საუბრობდა, ზოგი სამუშაო დღის მერე ისვენებდა, ზოგი კი რაღაცას უკვეთავდა, თითოეული ხმა დანასავით ესობოდა მაკას ყურებში. ისეთი მშვიდები იყვნენ, იღიმოდნენ, იცინოდნენ, საკუთარი პაწაწინა სამყაროს იქეთ ვერაფერს ხედავდნენ. ალბათ ამიტომაც მოსწონდათ კაფეში ჯდომა – გარეთ გახედვისას მოყინული ფანჯრების წყალობით ხომ ვერაფერს ხედავდნენ. მაკას წვავდა ბოლით და ლაყბობით გაჟღენთილი ჰაერი, ერთი სული ქონდა გარეთ გასულიყო, მაგრამ არ შეეძლო, ერთი მარტივი მიზეზით – გარეთ უსაშველოდ ციოდა. საქმე მხოლოდ, იმაში არ იყო, რომ თერმომეტრი -8 გრადუს ცელსიუსს უჩვენებდა… უბრალოდ  მაკას ცოხვრებაში ზამთრის მოსვლა რაღაც უცნაურად დაემთხვა ქალაქში უჩვეულოდ ცივი და თოვლიანი დეკემბრის დადგომას.

Continue reading

Advertisements

შემოდგომა…

დასრულდა ზაფხული და შემოდგომა დაიწყო. თქვენი არ ვიცი და წელიწადის დროთა ცვლილება ყოველთვის ძალიან მხვდება ხოლმე გულზე. უფრო სწორედ, კი არ მხდვდება, არამედ გარკვეულ განცდებს იწვევს. არასდროს არ გიფქრიათ, რომ ეს ციკლი  ძალიან გავს ადამიანის ცხოვრებას? გაზაფხული – დაბადება, ბავშვობა და სიჭაბუკე, ზაფხული – ცეცხლითა და ენერგიით აღსავსე  ახალგაზრდობა, შემოდგომა – სიმწიფე და დაბერება, ზამთარი – სიკვდილი, ცივი და გარდაუვალი. მართალია, ხალხური სიბრძნე გვასწავლის, რომ ყველაფერს თავის დროა აქვს, მაგრამ თქვენის ნებართვით იმ ნერვების მომშლელ პატარა ბავშვს და მამამისს აქ არ ვახსენებ, უბრალოდ ავღნიშნავ, რომ შეუძლებელია ყველაფრისდამი ამ ქვეყნად თანაბარი დამოკიდებულება გქონდეს… წელიწადის ყოველი დროის დადგომას შესაბამისი განწყობით ვხვდები – ძალიან მიხარია გაზაფხული და ზაფხული. რაღაცნაირად ვიტან ზამთარს (მითუმეტეს თოვლიანს, მაგრამ ამის ბედნიერება ვინ მომცა), რადგან ვიცი, რომ მას გაზაფხული და სითბო მოჰყვება, მაგრამ შემოდგომა და განსაკუთრებით მისი მეორე ნახევარი ჩემთვის სრულიად აუტანელია. ფოთლები ჭკნება, ცვივა, სიცივე სულ უფრო შესამჩნევი ხდება, და პათოსში არ ჩამითვალოთ, მაგრამ მეჩვენება რომ ჰაერში სიკვდილის სუნი ტრიალებს (ნუ ”დაღუპული” ფოთლების მაინც).

Continue reading

ზამთრის უკანასკნელი და გაზაფხულის პირველი დღე

დაფიქრებულხართ რა დიდი სხვაობაა 28 თებერვალსადა 1 მარტს შორის? აი გარეთ ვიხედები, თითქოს იგივე სუსხიანი ამინდია, ღრუბლებით დატყვევებული უმზეო ცა, ქარი სიცივე. მაგრამ საკმარისია კალენდარში ჩავიხედოთ, და ვხვდებით გაზაფხული მოსულა. ეხლა თქვენ იტყვით, სუსხი თუა და სიცივე, და ქვეყანა თუ ინგრევა, შენ რაღა გიხარია შე უბედუროო.  მე კი მშვიდად და აუღელვებლად გიპასუხებთ – გაზაფხულის დადგომა. მერე რა, რომ ჯერ მხოლოდ კალენდარში. ეს იმის მომასწავებელია, რომ მალე ჰაერიც დათბება,  თაფლის საამო სურნელით გაიჟღენთება და ასე შემდეგ.

აბა დაფიქრდით, რამდენჯერ გამოგვიტოვებია ჩვენს ცხოვრებაში გაზაფხულის დადგომა, მხოლოდ იმიტომ რომ კალენდარი არ გვქონდა ხელთ. მხოლოდ იმიტომ, რომ გარეგნული სიცივისა მიღმა შენიღბულ გაზაფხულს ვერ ვამჩნევდით. შემდეგ კი, როდესაც მის პირველ გამომჟღავნებებს თბილ პალტოში შეფუთულები ვეგებებოდით, უკვე გვიანი იყო.

Continue reading

ბეღურა

წარმოიდგინეთ რომ პატარა ბეღურა ხართ და დათოვლილ ტოტზე ზიხართ. გშიათ, გცივათ და სულაც არ გიხარიათ პირველი თოვლი. ქვემოთ ბავშვები გუნდაობენ და უბრალო თოვლს თოვლის პაპად აქცევენ.  მათი სიცილი და მხიარული შეძახილები თქვენს პაწაწინა გულამდე ვერ აღწევს. თუმცა აი ერთმა ლოყებღაჟღაჟა პატარა გოგომ თამაშს თავი დაანება. იგი დროდრო თქვენსკენ იხედება, და თანატოლებს რაღაცას დაჟინებით ეუბნება. ბოლოს, ძალიან რომ მოგაბეზრებენ თავს, ჰაერში აფრინდებით და თოვლიან ქარს შეეჭიდებით. გასცდებით ეზოს, ვიწრო ქუჩებს და თქვენს ირგვლივ გაფუჭებული შუქნიშნების ქალაქის უკიდეგანო სითეთრე გადაიშლება. ცა და მიწა ახლა თითქოს შეერთებულია. ზეციურ სასუფეველსა და ცოდვილ წუთისოფელს შორის  საზღვარი წაშლილია. თოვლმა თითქოს ყველაფერი შთანთქა, მდუმარე მთაწმინდაც კი მთლიანად შემოსა თეთრად…

თქვენ კი გშიათ.  თუმცა ხვდებით რომ ადამიანებს ახლა მშიერი ბეღურის გამოკვებაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო საქმეები ელით…

აი ნაცნობი ბეღურა მოფრინავს, ისიც თქვენნაირ დღეშია. მიგიპატიჟებთ თავის ბუდეში სადაც ნახევარ ჭიაზე დაგპატიჟებთ. თქვენ თავიზიან უარს ეტყვით და შემოუთვლით, ბარტყებს დაუტოვე, ისედაც რთულად იშოვება ჭიებიო. შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში განიხილავთ ადამიანების სიძუნწეს. საკმარისია თითო ადამიანმა დღეში ფანჯრიდან ერთი ნატეხი პური მაინც გადმოაგდოს და ამდენი ჩიტი შიმშილით აღარ დაიხოცება – ამბობს თქვენი ნაცნობი.

Continue reading

გაზაფხულის მოლოდინში


რა კარგია, როდესაც დილით მზის სხივი გაღვიძებს. როდესაც იგი შემოიჭყიტავს შენს ფანჯარაში როგორც ახლო მეგობარი, და რბილად წაგითაქებს თავში. როდესაც იდაყვებზე აიწევი და მას სასიამოვნო სითბოს სახეს მიუშვერ. რა კარგია როდესაც იცი რომ ზამთარი ილევა, რომ მის დასრულებამდე მხოლოდ 15 დღეა დარჩენილი, როდესაც ახლადამდგარი ფანჯარას ეცემი და ხეზე მჯდარ მტრედს დაინახავ. შემდეგ მუსიკის თანხლებით ივარჯიშებ, შხაპს მიიღებ და ჩაით ხელში კომპიუტერთან წამოსკუპდები. რა კარგია, როდესაც მომავალი ნათელ ფერებში გესახება, როდესაც ჩემი სენსეის თქმისა არ იყოს, მყარად დაგახარ მიწაზე და გრძნობ რომ იგი შენს ფეხქვეშაა… მგონი ცხოვრებას გადავეჩვიე. იმდენად უცნაური შეგრძნება იყო ყველაფერი ზემოთჩამოთვლილის გაცნობიერება, რომ რაღაც მომენტში საკუთარ თავს ვკითხე – კი მაგრამ, ეს მე ვარ? საავადმყოფოში წოლილხართ? მე არა. ალბათ ზუსტად იგივე შეგრძნებაა, როდესაც ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გამოგწერენ და გარეთ გასულს გიკვირს, რომ ირგვლივ საავადმყოფოს რუხი კედლების ნაცვლად სიცოცხლით აღსავსე ქალაქს ხედავ. ერთი კი დანამდვილებით ვიცი – ზამთარი სულს ღაფავს. რაც არ უნდა მოხდეს, 15 დღეში იგი დასრულდება. შიშველი ხეები აყვავილდება და ასე შემდეგ… ხვალ ვალენტინობაა და ეს ჩემ სიტყვებს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუმცა სიყვარულის დღის შესახებ დაწვრილებით ხვალ დავწერ. ველი გაზაფხულს, როგორც პირობითს, ისე ნამდვილსაც…

Continue reading

ბუმბული

თეთრი ბუმბული ქარში ცეკვავდა. მისი ტალღოვანი მოძრაობები იპყრობდა ჩვენს ყურადღებას.  ყურადღებით ვუთვალთვალებდით, რომ არ გაუჩინარებულიყო რადგან იგი ჩვენთვის რაღაც უცნობ მარშრუტს მიჰყვებოდა.  ქარი ეფერებოდა მას, ისევე როგორც ფოთლებიან ხეებს ეფერება ხოლმე, თუმცა ახლა გარეთ თებერვალი იდგა და ქარმაც სიყვარული ახალი ობიექტი გამონახა…

ბუმბული ნაზი იყო, იმაზე ბევრად ნაზი ვიდრე ბალიშებში შეგხვედრიათ. ახალი ზეწარივით გლუვი და ქათქათა, იგი არაფრით გავდა ბალიშებში მობინადრე ”გაბურძგნულ” თანამოძმეებს.

ბუმმბულის გარშემო  სიცოცხლე კვლავინდებურად გრძელდებოდა ზუზუნით დაქროდნენ მანქანები, ქარზე ქანაობდნენ შურიანი ნაძვები, თებერვლის  ჯერ კიდევ სუსტი მზის შუქით მბზინვარე მტკვარში თოლიები დატივტივებდნენ. ბუმბული გაუყვა თამარ მეფის ხიდს, გადააფრინდა მეძავეთა ბირჟას, სადაც სახეშეღებილი უძველესი პროფესიის წარმომადგენლები კლიენტურის მოლოდინში სიგარეტს აბოლებდნენ…  გმირთა მოედნის თავზე ბუმბული თითქოს ყოყმანობდა, ახალ საით გავწიოო, ან შესაძლოა, იგი უბრალოდ მოედნის ცენტრში აგებულ სასწაულს ათვალიერებდა. შემდეგ აფრინდა მაღლა, მზეს გაუსწორდა და მხედველობის არიდან გაუჩინარდა…

სადღაც შორს კი,  პატარა სახლის მზიან ეზოში ბუმბულებით პირგატენილი მსუქანი შავი კატა ნოყიერ სადილს ინელებდა…

ბურუსი

მთაზე ამავალ ავტობუსში ხართ. ფანჯარას წმინდავთ და ხედავთ რომ ირგვლივ მხოლოდ ბურუსია. მან შთანთქა ყველაფერი – ქალაქი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მარჯვნივ იშლებოდა, უკან დასაბრუნებელი გზა და წინ მიმავალი გზაც კი, რომელიც ახლა ავტობუსის ფარების მკრთალი შუქითაა განათებული.

სულ ცოტა ხნის წინ, თქვენს ირგლივ თვალწარმტაცი პეიზაჟები და ხედები იშლებოდა, თებრევლის დღე არ იყო იმდენად სუსხნიანი, დროდადრო მზეც კი აჭყიტავდა. ახლა კი…

ბურუსი ავტობუსის ფანჯრებზეც ილექება,  იგი ყველგან აღწევს. თქვენ თითქოს გრძნობთ, რომ იგი ჟონავს კარებში, როგორც სიცივისა და უიმედობის განსახიერება. რახან ვეღარაფერს ხედავთ, თქვენდაუნებურად ფანტაზიას რთავთ და გონება ათას საშინელ სურათს გიხატავთ – ვაი თუ მძღოლმა საჭე ვერ  დაიმორჩილა, მოსახვევი ვერ შეამჩნია, რამეს შეასკდა… Continue reading