You f*ckers, I’m back!

4 წლის მერე ბლოგზე შეძრომა მტვრიანი ფოტოს გადაწმენდასაც აღარ გავს. აქ დაწერილი ტექსტები ოდნავ უფრო ბუნდოვნად რომ მახსოვდეს, ალბათ ეგრევე არქეოლოგიურ გათხრებზე ჩამოგიგდებდი საუბარს. თუმცა ვის მივმართავ? ახლა ამ პოსტს ვინმე თუ ათვალიერებს, მალადეც შენ – 4 წლის მკვდარი ბლოგი გაქვს გამოწერილი,  ან საერთოდ, ვინღა კითხულობს ბლოგებს? იშვიათი გამონაკლისების გარდა. ყოფილები კითხულობენ ხოლმე, მაგრამ იმედია, ჩემი ყოფილი არ ხარ. 😀  ამიტომაც, ფრჩხილების ამ თაიგულს საკუთარ თავს ვუბოძებ (((()))) და სათქმელს დავუბრუნდები.

ბლოგს როცა ვქმნიდი, კეთილშობილური მიზანი მამოძრავებდა – მწერალი უნდა გავხდე-თქო, ვფიქრობდი. თუმცა ვიტყუები, ეს მეორეხარისხოვანი მიზანი იყო. Continue reading

მძღნერი ვართ და მძღნერადვე…

ქართველებს (ისვე როგორც სხვა ადამიანებსაც, თუმცა ეს ცალკე თემაა) გაცილებით მეტი გვაკავშირებს ვიდრე გვგონია. ყველას ერთი მეტად მნიშვნელოვანი რამ გვახასიათებს – ჩვენ ყველანი ვჯვამთ. ვიცი ამერიკა არ აღმომიჩენია, და რომელიმე მეტნაკლებად გონებამახვილი მკითხველი უთუოდ იტყვის იუ დონთ სეი-ო, მაგრამ ფაქტი ფაქტადვე რჩება – ყველანი სხვადასხვა სიხშირით ვემშვიდობებით ცხოველმოქმედების ნაყოფს.

ყველაზე საინტერესო სწორედ აქ იწყება. სხვებს „მოსასაქმებლად“ ერთი განსაზღვრული ადგილი აქვთ, მაგრამ არა ქართველებს… ჩვენ ხომ უძველესი ტრადიციების, თავისუფლების მოყვარე დიადი ერი ვართ… ჩვენ დავითის, თამარ მეფის, შოთას  შთამომავლები რაღაც უაზრო, დასავლურ წესებზე გაცილებით მაღლა ვდგავართ.  ნუთუ იმ მიწის შვილებმა, რომელიც ამდენი ღირსეული მამულიშვილის სისიხლით მოირწყა, ყური უნდა ვუგდოთ ვიღაც გადამთიელ ერს, რომლის ისტორიაც ძლივს ითვლის სამ ასწლეულს…  ყველაზე კარგად ვუწყით რა და როგორ უნდა გაკეთდეს, უბრალოდ საუკუნეების მანძილზე ბოროტი მეზობლები გვიშლიდნენ და ქართველობას გვართმევნდენ. სკოლაში გვასწავლიდნენ რომ ერთი ქართველი 50 თათარს უდრიდა, განა ეს ცოტაა? Continue reading

ეროვნული სიმბოლიზმის თავისებურებანი

უკვე რამდენიმე დღეა საქართველო ყურებზე დგას. უკლებლივ ყველა, ჯიპით მოჯლიგინე ახალგაზრდა ბიზნესმენებით დაწყებული და ავტობუსებში მჯდომი სევდიანი ბებოებით დამთავრებული, ჩვენს ციხეებში მომხდარ შემზარავ ამბებს განიხილავენ. იშვიათი გამონაკლისების გარდა (რომლებზე საუბრისგანაც ეთიკის ნორმებიდან გამომდინარე თავს შევიკავებ) ყველანი შეძრწუნებულნი არიან და ამა თუ იმ ფორმით პროტესტს უცხადებენ ძალადობას.  მართლაც, აქ საქმე არ გვაქვს უბრალო ძალადობასთან, რომლის შესახებაც ყოველდღიურად ვიგებდით მასმედიის საშუალებით: 7 ნოემბერი, 26 მაისი, სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტები, სახელმწიფო უნივერსიტეტში დატრიალებული  ”ბესპრეძელი”, პოლიციის სიმბოლურად გამჭირვალე შენობიდან გადმოვარდნილი ადამიანი, კრიმინალი – ამ ყველაფერს ასე თუ ისე მიჩვეულები ვიყავით, თუმცა გლდანის საპყრობილიდან  ”ამოხეთქილმა” კადრებმა ადამიანური ბუნებისა, და ზოგადად ჩვენი საზოგადოების იმდენად ბნელი, ავადმყოფური კუთხეები დაგვანახა, რომელთა შესახებაც მხოლოდ გადმოცემით თუ ვიცოდით რამდენიმე ადამიანისგან. ისიც, მოქალაქეთა უმეტესობას ერჩივნა, უბრალოდ არ დაეჯერებინა იმისთვის, რომ პატიმრებს აგლეჯენ კბილებს და სხვა ავადმყოფური მეთოდებით აწამებენ – ეს ხომ გაცილებით ადვილია.

Image Continue reading

ელიტარული კაი ბიჭობა, ანუ “ბესპრედელი” თვითმმართველობა

ბოლო დროს ჩვენთან თითქოს ტაბუ დაედო, ე.წ.  ”ქურდული მენტალიტეტის” ყოველგვარ გამოვლინებას. კანონმდებლობაში შესული ცვლილებების თანახმად, საკმარისი იყო ნებისმიერ მოქალაქეს თავი ”კანონიერ ქურდად” ეღიარებინა, რაც მას ხანგრძლივი ვადით ციხე ელოდა. ეგ კი არა, განათლების სამანისტრო და შსს ცდილობდნენ ცეცხლითა და მახვილით აღმოეფხვრათ მოზარდებსა და ახალგაზრდებში ”კაი ბიჭობის” ინსტიტუტი. Imageშეიძლება გავიხსენოთ ხელისუფლების მიერ დახოცილი უამრავ ახალგაზრდა. (მართალია ხელისუფლება ამას სხვადასხვა არგუმენტით ამართლებდა, მაგრამ გინდ ის ბიჭები დამნაშავეები ყოფილიყვნენ, ფაქტია რომ სამართალდამცავებს ჰუმანიზმის ნატამალიც კი არ გამოუმჟღავნებიათ). ”ნულოვანი ტოლერანტობა!” და ”ყველანი ციხეში!” – გარდატეხის ასაკში მყოფს გამუდმებით ეს ორი ფრაზა ჩამესმოდა.  გავიდა წლები. უბნებში სულ უფრო ნაკლებად შეხვდებით ე.წ. ბირჟავიკებს, სკოლებში ლამის საპოლიციო რეჟიმია დამყარებული. პატარა ბავშვებს აღარ გააჩნიათ ის მცდარი ფასეულობები, რომლებზეც ჩვენ ვიზრდებოდით. (აქ მინდა ავღნიშნო, რომ სულაც არ მიმაჩნია ჩემი ბავშვობისდროინდელი ყველა ფასეულობა მცდარად, მაგალითად ერთმანეთის გატანა, რომლითაც 90-ანების ბავშვები განსაკუთრებულად გამოირჩევიან), აღარ დააქვთ დანები, აღარ კაჩაობენ, გაცილებით მეტ საინფორმაციო რესურსზე მიუწვდებათ ხელი და სხვა თუ არაფერი, ჩვენზე ბევრად უკეთეს პირობებში სწავლობენ.  ერთი შეხედვით, ”კაი ბიჭობა” ნელ-ნელა ანაქრონიზმად იქცა… Continue reading

პრიალა ვარსკვლავი

ბურთულები სივრცეშია მიმოფენილი. ბურთულები ჭრელია – წითელი, ყვითელი, ყავისფერი, ლურჯი. აქ-აქ სიბნელეში წერტილები ციმციმებს – ცივი, მკრთალი, თითქოს უსიცოცხლო.

ოთახში ბნელა. თეთრ პერანგში გახვეული ბავშვი ნაძვის ხესთან სკამზე დგას. ხელში უზარმაზრი პრიალა ვერცხლისფერი ვარსკვლავი უჭირავს და ცდილობს ხის წვერს მოარგოს. ბავშვი თითის წვერებზე იწევა, წითელ შუბლზე დაძაბულობისგან ოფლი ცვარივით გადმოსდის, თუმცა ნაძვი ზედმეტად მაღალია…

კარი ჭრაჭუნით იღება და ბებია შემოდის. გაცვეთილი ყავისფერი საბანაო ხალათი აცვია, დასიებული ფეხები რეზინის ფლოსტებში აქვს გარჭობილი. იგი შუქს ანთებს და შვილიშვილს უკმაყოფილი მზერას არ აცილებს.

-რამდენჯერ გითხრა, შე სასიკვდილე, სკამზე არ დადგე-თქო?!

ბავშვი ხმას არ სცემს და თავის საქმეს განაგრძობს.

-გეყურება შენ, რასაც გელაპარაკები?

პასუხს ვერ ამჯერად ღებულობს, სკამთან მიდის, ძლიერი ძარღვიანი ხელებით შვილიშვილს  წელში ეჭიდება და იტაკზე სვავს. Continue reading

თოვლის პაპა, სანტა-კლაუსი (ვინცაა რა)

7 წლისას გულწრფელად მჯეროდა რომ ყოველი ახალი წლის ღამეს სანტა კლაუსი, ან თოვლის პაპა შემოიპარებოდა ხოლმე და ნაძვის ხის ქვეშ საჩუქრებს ტოვებდა. ამ რწმენას დაახლოებით 12  წლამდე ვინარჩუნებდი. შემდეგ დედაჩემმა დამარწმუნა, თოვლის ბაბუა მხოლოდ მეტაფორა იყო,რომლითაც გამოხატავდნენ იმ კეთილ საქმეებს, ადამიანები  რომ ჩადიან ხოლმე საშობაოდ და საახალწლოდ. ახლა უკვე დანამდვილებით ვეღარ ვიტყვი აქედან რომელია მართალი და რომელი ტყუილი, მაგრამ იმას კი ვატყობ რომ ყოველი ახალი წლის მოახლოვებასთან ერთად (და არა მხოლოდ) მატულობს ეგრეთწოდებული ”ფსევდო თოვლის პაპების და სანტა კლაუსების” რაოდენობა, რომელთა დანახვისთანავე კვლავ შემაქვს ეჭვი თოვლის ბაბუის არსებობაში, ყოველ შემთხვევაში საქართველოში. Continue reading

მაკა

დასრულდა! -გაიფიქრა მაკას აჩრდილმა.  სიგარეტი საფერფლეში ჩაჭყლიტა და უკანასკნელი ყლუპით ყავის ფინჯანი გამოცალა.  კაფეში ქალები ბზუოდნენ. ზოგი საუბრობდა, ზოგი სამუშაო დღის მერე ისვენებდა, ზოგი კი რაღაცას უკვეთავდა, თითოეული ხმა დანასავით ესობოდა მაკას ყურებში. ისეთი მშვიდები იყვნენ, იღიმოდნენ, იცინოდნენ, საკუთარი პაწაწინა სამყაროს იქეთ ვერაფერს ხედავდნენ. ალბათ ამიტომაც მოსწონდათ კაფეში ჯდომა – გარეთ გახედვისას მოყინული ფანჯრების წყალობით ხომ ვერაფერს ხედავდნენ. მაკას წვავდა ბოლით და ლაყბობით გაჟღენთილი ჰაერი, ერთი სული ქონდა გარეთ გასულიყო, მაგრამ არ შეეძლო, ერთი მარტივი მიზეზით – გარეთ უსაშველოდ ციოდა. საქმე მხოლოდ, იმაში არ იყო, რომ თერმომეტრი -8 გრადუს ცელსიუსს უჩვენებდა… უბრალოდ  მაკას ცოხვრებაში ზამთრის მოსვლა რაღაც უცნაურად დაემთხვა ქალაქში უჩვეულოდ ცივი და თოვლიანი დეკემბრის დადგომას.

Continue reading

ის ვისი სახელიც არ ითქმის, ჩუსტი და კვერცხი

გაციება მკლავს, გარეთ ცივა, კონსპექტებს თავს ვერ ვაბამ, არადა შუალედურები კარსაა მომდგარი.  მუზამ დიდი ხანია დედის გინებით დამიქნია ხელი და შორეული სივრცეების მოსანახულებლად გაემგზავრა. რაღა დარჩენია სახლში მჯდომ მოწყენილ ოცი წლის ახალგაზრდას? რა თქმა უნდა ტელევიზორი (ჰო, მერე რა რომ 21-ე საუკუნეა, ჩემპიონთა ლიგა უკვდავია!) და უპირველეს ყოვლისა ინტერნეტი-ო  –  იტყვით თქვენ! ტექნიკური პროგრესის პირობებში უსაქმურებს ისღა დარჩენიათ, დაილაგონ პერსონალურ კომპიუტერთან სხვადასხვა გემრიელობები და მიაშტერდნენ მონიტორს, რომლის შინაარსსაც დროდადრო თითის უბრალო დაწკაპუნებით ცვლიან (ჰო კარგი, მეც ეგრე ვარ ხოლმე, დიდი ამბავი! ლეპტოპიანებო მშურს თქვენი!). კი ბატონო, უკანასკნელ დრომდე ეს საშუალება მეტ-ნაკლებად მიცხრობდა მოწყენილობას და დროსაც მიკლავდა.

თუმცა არ შემარგეს! სიმშვიდის ეს ნათელი ეპოქა რამდენიმე თვეა რაც დავიწყებას მიეცა. შედით ნებისმიერ საიტზე, ჩართეთ ნებისმიერი არხი, პირველი ფრაზა, რომელსაც თქვენ გაიგონებთ იქნება ”ბიძი…” არა, ამას ვერ დავწერ!  U know who – ის ვისი სახელიც არ ითქმის! (ჰო კარგი, ალაგ-ალაგ ჩუსტები და კვერცხებიც გამოერევა ხოლმე).

თითქოს არც ბნელ ჯადოქრობას ფლობს, და ცხვირიც თავის ადგილზე აქვს, მაგრამ მაინც თავს ვერ მივცემ უფლებას, იგი ნამდილი სახელით მოვიხსენიო. (ნაციონალებო, დივიდენდებს ველოდები!)  მშვენივრად უხდება ამ ბატონს –  ”ის ვისი სახელიც არ ითქმის”!  თანაც, ჩვენი სახელმწიფოს პირველი პისი მას მართლაც საერთოდ არ ახსენებს!

Continue reading

რიგები

შაბათი…  გამოძინების და ძალების აღდგენის დროა, როდესაც კვირის განმავლობაში დაღლილ ადამიანს შეუძლია ლოგინში გაინაზოს და უსაქმურობით დატკბეს… ან გიჟივით წამოხტეს რვა საათზე, მეხანძრესავით სწრაფად ჩაიცვას, მოიგდოს მხარზე სპორტული ჩანთა და სახლიდან გავარდეს…

დიდის ამბით მივაბიჯებ წერეთლის მეტროსკენ და ვცდილობ ძილი ჩამოვიბერტყო, თუმცა იგი ჯიუტად არ მიშვებს, თითქმის ისევე, როგორც ჭირვეული ბავშვი ებღაუჭება წასასვლელად გამზადებული მამის ფეხს. ქუჩები ცარიელია და ჩემს გარშემო იშვიათი გამვლელები, ძირითადად ღამე ნამთვრალევი კაცები დაბაჯბაჯებენ. დილის ნიავი ნამდვილი პანაცეაა ძილის დასამარცხებლად, სასიამოვნოდ მიგრილებს სახეს, ყურებში კი მხოლოდ მანქანის დაქოქვის შოროეული დუდუნი ჩამესმის.

აი ვუხვევ მეტროსკენ მიმავალ ქუჩაზე და უცებ ყველაფერი სასწაულებრივად იცვლება… თურმე გაფუჭებული ძრავა კი არ დუდუნებს, არამედ რაღაც პატარა ჯიხურთან შეკრებილი ადამიანთა ჯგუფი. უმეტესობას თმაში ჭაღარა აქვს შერეული, და ყველა მოხუცის დარად თბილად აცვია. თითოეული ადამიანი თითქოს აფრქვევს მოუთმენლობის ტალღებს – აი ”შლაპა” დახურულ ულვაშიან ბაბუას ხელები ზურგსუკან დაულაგებია და მოუსვენრად აბაკუნებს ფეხებს. მის წინ მდგომი შავოსანი ქალი კი გაცილებით ნაკლებად თავშეკავებულია, იგი თამამად, ხმამაღლა ლანძღავს მთავრობას, და მოითხოვს რომ რიგში წინ გაუშვან.

Continue reading

მშვიდობით, მაღლივო!

აი უკვე მესამე კვირაა, რაც სტუდენტებმა ”სწავლა” (ზოგმა ბრჭყალების გარეშეც) განვაახლეთ. კვლავ ჩავებით ამ მძიმე უღელში, დილაობით ტრანსპორტი კვლავ სავსეა, წიგნებმომარჯვებული, ან ხელცარიელი სტუდენეტებით. თუ ავტობუსით მგზავრობთ და ფეხზე ერთდროულად სამი კაცი გაბიჯებთ შედარებით ამოსუნთქვას მხოლოდ ვაკეში შეძლებთ, ხოლო თუ მეტროს მოქანავე ვაგონში სახეში გამუდმებით გხვდებათ ვიღაც ახალგაზრდის ზევით აღმართული იდაყვი,  უსაფრთხოდ პოლიტექნიკურის შემდეგ თუ იგრძნობთ თავს. – ეს ყველაფერი ორწლიანი დაკვირვების შედეგია.  წელს, ისევე როგორც შარშან დელისზე მივდივარ, სადაც ჩემი ახალი უნივერსიტეტი ”ჯავახიშვილის ტურიზმის საერთაშორისო სკოლაა” განლაგებული. მაღლივის არ იყოს, წესრიგი მანდაც ოცნებად მაქვს ქცეული, თუმცა ამაზე სხვა დროს, თან ამ ორი სასწავლებლის შედარება ცოტა არ იყოს და უნამუსობაა ჩემი მხრიდან –  არაფერია ამ ქვეყნად მორდორ-მაღლივის მომაკვდინებელ აურაზე უარესი.

ზაფხულში, როდესაც გატანჯულს დიდის ამბით გადამქონდა საბუთები, თავს სიტყვა მივეცი რომ მივუძღვნიდი მაღლივს კიდევ ერთ, უკანასკნელ პოსტს…

Continue reading