ეროვნული სიმბოლიზმის თავისებურებანი

უკვე რამდენიმე დღეა საქართველო ყურებზე დგას. უკლებლივ ყველა, ჯიპით მოჯლიგინე ახალგაზრდა ბიზნესმენებით დაწყებული და ავტობუსებში მჯდომი სევდიანი ბებოებით დამთავრებული, ჩვენს ციხეებში მომხდარ შემზარავ ამბებს განიხილავენ. იშვიათი გამონაკლისების გარდა (რომლებზე საუბრისგანაც ეთიკის ნორმებიდან გამომდინარე თავს შევიკავებ) ყველანი შეძრწუნებულნი არიან და ამა თუ იმ ფორმით პროტესტს უცხადებენ ძალადობას.  მართლაც, აქ საქმე არ გვაქვს უბრალო ძალადობასთან, რომლის შესახებაც ყოველდღიურად ვიგებდით მასმედიის საშუალებით: 7 ნოემბერი, 26 მაისი, სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტები, სახელმწიფო უნივერსიტეტში დატრიალებული  ”ბესპრეძელი”, პოლიციის სიმბოლურად გამჭირვალე შენობიდან გადმოვარდნილი ადამიანი, კრიმინალი – ამ ყველაფერს ასე თუ ისე მიჩვეულები ვიყავით, თუმცა გლდანის საპყრობილიდან  ”ამოხეთქილმა” კადრებმა ადამიანური ბუნებისა, და ზოგადად ჩვენი საზოგადოების იმდენად ბნელი, ავადმყოფური კუთხეები დაგვანახა, რომელთა შესახებაც მხოლოდ გადმოცემით თუ ვიცოდით რამდენიმე ადამიანისგან. ისიც, მოქალაქეთა უმეტესობას ერჩივნა, უბრალოდ არ დაეჯერებინა იმისთვის, რომ პატიმრებს აგლეჯენ კბილებს და სხვა ავადმყოფური მეთოდებით აწამებენ – ეს ხომ გაცილებით ადვილია.

Image

ახლა კი მთელი საზოგადოება პირისპირ აღმოჩნდა მახინჯ რეალობასთან – თურმე იმ დროს როდესაც ჩვენ გვერჩივნა სიმართლეზე თვალი დაგვეხუჭა, აქვე ახლოს, წაკუზულ პატიმარს უკანალში ცოცხს უყრიდნენ,  იქიდანვე ამოღებულ სიგარეტს აწევინებდნენ… გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება (ეგ კი არა, დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებშიც მრავალი მსგავსი ახალი ვიდეოთი ”გაგვანებივრებენ”). აქვე მინდა ავღნიშნო, რომ თავად ამ ვიდეოების გამოჩენის ამბავიც მეტად საინტერესოა. სად იყვნენ მისი გადამღებები აქამდე, და რატომ გამოიტანეს სააშკარაოზე არჩევნებამდე ორი კვირით ადრე?

ფაქტი ისაა, რომ რაღაც რიგზე ვერაა. დიდი ხანია რაღაც დალპა, უბრალოდ სიმყრალემ ჩვენამდე მხოლოდ ახლახანს მოაღწია. გლდანის ციხე ”მეფის სიშიშვლის” საუკეთესო ილუსტრაციად გამოდგა. გლდანის მერვე საპყრობილე, ერთი შეხედვით სუფთა და გაწკრიალებული შენობა – ახალი, გაუმჯობესებული პენიტენციალური სისტემის სიმბოლო, რეალურად ბოროტებისა და პათოლოგიის ციტადელად იყო ქცეული…

საქართველოში ზოგადად და ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ განსაკუთრებით გვიყვარს სიმბოლოები. კარგად მახსოვს, როგორ აქციეს 2003 წელს ვარდი ჩვენი თავისუფლებისა და ახალი ცხოვრების დასაწყისის სიმბოლოდ. შემდეგ, როდესაც ხელისუფლებით უკმაყოფილოთა რიცხვი გაიზარდა (და საქმე აქ მხოლოდ ხელისუფლებაში არაა. უბრალოდ ვის გინახავთ დიდი ხნის მანძილზე კმაყოფილი ქართველი?),  წამოვიდა სხვადასხვა ვარიაციები თემაზე:  ვარდები დაჭკნა, მხოლოდ ეკლებიღა შემოგვრჩა და ა.შ.

ახლა კი, ვიღაც გენიოსს მოუვიდა აზრად ძალადობასთან ბრძოლის სიმბოლოდ ცოცხი ექცია. ბარემ პრეზერვატიც ჩამოეცვა, ანდაც უკანალში ამოსმული სიგარეტი აეფრიალებინა ჰაერში…

სინამვილეში კი, მე მიმაჩნია რომ ეს ცოცხი მართლაც არის სიმბოლო,სიმბოლო  იმის, რის გამოც ქართველობის მრცხვენია. რომ დავუფიქრდეთ ციხეებში ჯალათების მიერ დატრიალებული სადიზმი, ბნელი 90-იანების გამოძახილია. დროის, როდესაც ქვეყანაში ე.წ. კაი ბიჭები და ქურდები ბატონობდნენ. როდესაც ქუჩაში გასვლისას არათუ საკუთარ საფულეს, საკუთარ სიცოცხლესაც კი საფრთხეში აგდებდი. როდესაც ეს ადამიანები ჩვენსავე ცნობიერებას წამლავდნენ და ბევრ ჩვენგანს ქურდულად ცხოვრების სურვილს გვინერგავდნენ. როდესაც პოლიციაში დარეკვა ”გვეგრეხებოდა”, როდესაც სკოლაში სიარული თვითგადარჩენისთვის ბრძოლას ნიშნავდა. როდესაც ჩვენი მასწავლებლები ჩურჩულით უყვებოდნენ ერთმანეთს იმ ყოფილი ”ვზროსლი” მოსწავლეების შესახებ, რომლებსაც ან ქურდობის ანდაც მკვლელობის გამო ეძებდნენ. ისინი თესავდნენ ძალადობის კულტს, და სულაც არ გამიკვირდება თუ გავიგებ, რომ ბევრი ”ცოცხის გამყრელი”, თავად იყო ბავშვობაში მათი მსხვერპლი. ბავშვობაში გადატანილი ”მიჩმორება” ცხოვრებაში გამოჰყვა და ასეთი სადისტური, ავადმყოფური ფორმები მიიღო. საზოგადოების დამოკიდებულება ამ ჯალათებისადმი ცნობილია. თითოეული ჩვენგანი ოცნებობს მათ მისივე იარაღით გაუსწორდეს…  უბრალოდ ეს თუ გავაკეთეთ, დიდი შანსია ოდესმე თავად აღმოვჩნდეთ უკანალში ცოცხგაყრილები…

დავიჯერო, იმდენად დაეცა ჩვენი საზოგადოების ზნეობა ამ 9 წლის მანძილზე რომ ვარდებიდან ცოცხებზე გადავედით?  უბრალოდ ერთი წამით წარმოიდგინეთ, რა იქნება ეს ამბები ჩვენს ისტორიაში მართლაც ”ცოცხების რევოლუციის” სახელით რომ შევიდეს…

Advertisements

3 responses

  1. საან გეთანხმები ყველაფერში 😦 და რა სირცხვილი მართლაც რომ ცოცხების რევოლუციამდე მივდივართ, ღმერთმა არ ქნას რევოლლუცია მოხდეს
    და წარმოიდგინეთ ისტორიის წიგნში ეს ჩაიწერება 😦 ვაიიიიი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s