რიგები

შაბათი…  გამოძინების და ძალების აღდგენის დროა, როდესაც კვირის განმავლობაში დაღლილ ადამიანს შეუძლია ლოგინში გაინაზოს და უსაქმურობით დატკბეს… ან გიჟივით წამოხტეს რვა საათზე, მეხანძრესავით სწრაფად ჩაიცვას, მოიგდოს მხარზე სპორტული ჩანთა და სახლიდან გავარდეს…

დიდის ამბით მივაბიჯებ წერეთლის მეტროსკენ და ვცდილობ ძილი ჩამოვიბერტყო, თუმცა იგი ჯიუტად არ მიშვებს, თითქმის ისევე, როგორც ჭირვეული ბავშვი ებღაუჭება წასასვლელად გამზადებული მამის ფეხს. ქუჩები ცარიელია და ჩემს გარშემო იშვიათი გამვლელები, ძირითადად ღამე ნამთვრალევი კაცები დაბაჯბაჯებენ. დილის ნიავი ნამდვილი პანაცეაა ძილის დასამარცხებლად, სასიამოვნოდ მიგრილებს სახეს, ყურებში კი მხოლოდ მანქანის დაქოქვის შოროეული დუდუნი ჩამესმის.

აი ვუხვევ მეტროსკენ მიმავალ ქუჩაზე და უცებ ყველაფერი სასწაულებრივად იცვლება… თურმე გაფუჭებული ძრავა კი არ დუდუნებს, არამედ რაღაც პატარა ჯიხურთან შეკრებილი ადამიანთა ჯგუფი. უმეტესობას თმაში ჭაღარა აქვს შერეული, და ყველა მოხუცის დარად თბილად აცვია. თითოეული ადამიანი თითქოს აფრქვევს მოუთმენლობის ტალღებს – აი ”შლაპა” დახურულ ულვაშიან ბაბუას ხელები ზურგსუკან დაულაგებია და მოუსვენრად აბაკუნებს ფეხებს. მის წინ მდგომი შავოსანი ქალი კი გაცილებით ნაკლებად თავშეკავებულია, იგი თამამად, ხმამაღლა ლანძღავს მთავრობას, და მოითხოვს რომ რიგში წინ გაუშვან.

15 წუთის წინ გაღვიძებული ტვინი ჯერ კიდევ ცუდად მუშაობს და მათი დგომის მიზეზი სრული ბურუსითაა მოცული.

მეტროში ჩავდივარ და  ვფიქრობ, ნეტა რამ გადარია ეს დიდუბელი მოხუცები?  თუმცა დელისზე ამოსვლისას სახტად ვრჩები – პატარა წითელ ჯიხურთან უზარმაზარი რიგი დგას. აი ისეთი, ჩემს ღრმა ბავშვობაში ტალონის პურზე რომ იყო ხოლმე… აქაური მომლოდინეები გაცილებით აგრესიულნი არიან. წითელ ქურთუქში გამოწყობილი, სუფთად გაპარსული ბაბუა მშიერი ძაღლივით მიღრენს, როცა ვცდილობ გვერდი ავუარო. ყველა ცდილობს წინ წაიწოს და როგორმე სხვებს გაუსწროს. ძალიან უცნაური შეგრძნებაა, როცა თავს ერთადერთ ნორმალურად გრძნობ ბევრ გიჟში…

დარბაზში შესვლისთანავე ყველა სხვა ფიქრი მტოვებს, რადაგანაც ვარჯიშისგან ნამდვილ სიამოვნებას ვიღებ…

საათნახევრის შემდეგ, ქანცგამოცლილი, მაგრამ კმაყოფილი გამოვდივარ და თავში მხოლოდ ანანასის წვენის ნახევარლიტრიანი ყუთი მიტრიალებს…

ჩავდივარ დელისზე, კვლავ მესმის გუგუნი და გაოცებული ვხედავ, რომ რიგი გაზრდილა… მხრებს ვიჩეჩავ და პოპულში შევდივარ, მაცივრიდან ვიღებ ესოდენ ნანატრ წვენს და დახლთან მივდივარ. წითელი ქურთუქი შორიდანვე მეცნობა. ეს ის უკმაყოფილი ბაბუაა, რიგში რომ იდგა, ოღონდ ამჯერად მარტო აღარაა, მასთან ერთად პატარა, კუს მაგვარი მოხუცი ქალი დგას ,რომელსაც ხელში  კარტოფილით ნახევრამდე სავსე პარკი უჭირავთ.

-ორი ლარი – ეუბნება ახალგაზრდა, საყვარელი გამყიდველი გოგო, და თანაგრძნობით უყურებს ცოლ-ქმარს.

ბაბუა ხსნის საფულეს, და აკანკალებული (ოღონდ სიხარბისგან არა) ხელით აწვდის ხუთლარიანს. სანამ გამყიდველი აპარატში ხურდას ეძებს, ცოლი სტენდთან მიდის, იქიდან პატარა ფილა შოკოლადს იღებს და ქმარს მუნჯ შეკითხვას უსმევს. ბაბუა თავს უკრავს   – აიღე-აიღეო ეუბნება.

– ეს ოცი ლარი  შევინახოთ, ახალი წლისთვის შევინახოთ…   რა ბედნიერება რომ პენსია ნაადრევად ჩაირიცხა – დენის ფულს გადავიხდით და მაგ შენს სერიალს ისევ უყურებ…

…ასეთი უგემური ანანასის წვენი აქამდე ჯერ არ დამილევია…

Advertisements

11 responses

  1. რა კარგად დაამთავრე… მგონი მეც ვიგრძენი მაგ ანანასის წვენის გემო 😦

  2. ეს იმ შემთხვევათაგანია, როცა სიტყვები არ მაქვს და პრინციპსი, არც აქვს აქ სიტყვებს მნიშვნელობა…

    გულში რაღაც ჩამწყდა…

  3. საყვარელი მოხუცები ❤ მაგრამ ამბავი ძალიან სევდიანია… გული დამწყვიტა

  4. აღარასდროს დავლევ ანანასის წვენს 😦 ჩემი გულის რაღაც ნაწილმა ნეკროზი განიცადა :/ :შ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s