insideout

რა საშინელებაა, როდესაც საკუთარ სულში იხედები და მხოლოდ ცარიელ, გამომშრალ უდაბნოს აღმოაჩენ. მიწას უზარმაზარი შავი ბზარები ადევს, საიდანაც მხოლოდ რომელიმე რეპტილია თუ გამოხოხდება ხოლმე. შემოგხედავს თავისი ცარიელი, გაყინული თვალებით, და კვლავ მიიმალება.

ჯალათი მზე, შხამიანი ისრებივით ისვრის თავის მწველ სხივებს და ცდილობს მოსპოს ყოველივე ცოცხალი. წარსულიდან მხოლოდ ფერფლად ქცეული ყვავილები და მცენარეებიღა შემოგრჩა. მხოლოდ ისინი თუ მოგაგონებს რა მდიდარი და ნაყოფიერი ოაზისი იყო აქ ერთ დროს.

ფეხები ქვიშაში გეძირება, გრძნობ, რომ უდაბნო ცდილობს შენც გშთანთქოს. სასწრაფოდ უნდა გაახილო თვალები…

თუმცა კი, განა გახელისას რამე უკეთესი გელოდება?  ამასობაში ქვიშა უკვე წელამდე იწევს.

ქვიშა მჟავასავით გიხვრეტს კანს, ყელამდე ამოდის, გახრჩობს და  თვალები თავისით გეხილება…

ცა წითლადაა შეღებილი და მზე ჩასასვლელად ემზადება. ქვაზე დიდხანს ჯდომისგან სხეული გათოშილი გაქვს, დგები და წასვლას აპირებ. სიცივე კანქვეშ აღწევს, სრულიად მარტო ხარ ქვების გარემოცვაში. საფლავს ჯერ კიდევ ეტყობა ახლდდაყრილი მიწა.

Advertisements

რიგები

შაბათი…  გამოძინების და ძალების აღდგენის დროა, როდესაც კვირის განმავლობაში დაღლილ ადამიანს შეუძლია ლოგინში გაინაზოს და უსაქმურობით დატკბეს… ან გიჟივით წამოხტეს რვა საათზე, მეხანძრესავით სწრაფად ჩაიცვას, მოიგდოს მხარზე სპორტული ჩანთა და სახლიდან გავარდეს…

დიდის ამბით მივაბიჯებ წერეთლის მეტროსკენ და ვცდილობ ძილი ჩამოვიბერტყო, თუმცა იგი ჯიუტად არ მიშვებს, თითქმის ისევე, როგორც ჭირვეული ბავშვი ებღაუჭება წასასვლელად გამზადებული მამის ფეხს. ქუჩები ცარიელია და ჩემს გარშემო იშვიათი გამვლელები, ძირითადად ღამე ნამთვრალევი კაცები დაბაჯბაჯებენ. დილის ნიავი ნამდვილი პანაცეაა ძილის დასამარცხებლად, სასიამოვნოდ მიგრილებს სახეს, ყურებში კი მხოლოდ მანქანის დაქოქვის შოროეული დუდუნი ჩამესმის.

აი ვუხვევ მეტროსკენ მიმავალ ქუჩაზე და უცებ ყველაფერი სასწაულებრივად იცვლება… თურმე გაფუჭებული ძრავა კი არ დუდუნებს, არამედ რაღაც პატარა ჯიხურთან შეკრებილი ადამიანთა ჯგუფი. უმეტესობას თმაში ჭაღარა აქვს შერეული, და ყველა მოხუცის დარად თბილად აცვია. თითოეული ადამიანი თითქოს აფრქვევს მოუთმენლობის ტალღებს – აი ”შლაპა” დახურულ ულვაშიან ბაბუას ხელები ზურგსუკან დაულაგებია და მოუსვენრად აბაკუნებს ფეხებს. მის წინ მდგომი შავოსანი ქალი კი გაცილებით ნაკლებად თავშეკავებულია, იგი თამამად, ხმამაღლა ლანძღავს მთავრობას, და მოითხოვს რომ რიგში წინ გაუშვან.

Continue reading

მშვიდობით, მაღლივო!

აი უკვე მესამე კვირაა, რაც სტუდენტებმა ”სწავლა” (ზოგმა ბრჭყალების გარეშეც) განვაახლეთ. კვლავ ჩავებით ამ მძიმე უღელში, დილაობით ტრანსპორტი კვლავ სავსეა, წიგნებმომარჯვებული, ან ხელცარიელი სტუდენეტებით. თუ ავტობუსით მგზავრობთ და ფეხზე ერთდროულად სამი კაცი გაბიჯებთ შედარებით ამოსუნთქვას მხოლოდ ვაკეში შეძლებთ, ხოლო თუ მეტროს მოქანავე ვაგონში სახეში გამუდმებით გხვდებათ ვიღაც ახალგაზრდის ზევით აღმართული იდაყვი,  უსაფრთხოდ პოლიტექნიკურის შემდეგ თუ იგრძნობთ თავს. – ეს ყველაფერი ორწლიანი დაკვირვების შედეგია.  წელს, ისევე როგორც შარშან დელისზე მივდივარ, სადაც ჩემი ახალი უნივერსიტეტი ”ჯავახიშვილის ტურიზმის საერთაშორისო სკოლაა” განლაგებული. მაღლივის არ იყოს, წესრიგი მანდაც ოცნებად მაქვს ქცეული, თუმცა ამაზე სხვა დროს, თან ამ ორი სასწავლებლის შედარება ცოტა არ იყოს და უნამუსობაა ჩემი მხრიდან –  არაფერია ამ ქვეყნად მორდორ-მაღლივის მომაკვდინებელ აურაზე უარესი.

ზაფხულში, როდესაც გატანჯულს დიდის ამბით გადამქონდა საბუთები, თავს სიტყვა მივეცი რომ მივუძღვნიდი მაღლივს კიდევ ერთ, უკანასკნელ პოსტს…

Continue reading

აგურები

ბებიაჩემის სხვენში ნაპოვნი კიდევ ერთი წერილის ამონარიდი:

”როგორ ხარ ჩემო ძვირფასო დაო? როგორ უმკლავდები სიძნელეებს, ხომ მოიმარაგე მოთმინება?

მოთმინება…  როგორი რთული, როგორი საჭირო… ხანდახან მეჩვენება რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და დასაფასებელია თვისებაა ადამიანში. მე კი ის საერთოდ არ გამაჩნია. ერთი პოეტის თქმისა არ იყოს “მთელი სამყარო მინდა, და მინდა ახლავე!”, მეც მყისიერ და სასურველ შედეგს ვითხოვ წარამარა. საკმარისია ეგრევე შედეგი არ მივიღო, და აი უკვე მზად ვარ საქმეზე ხელი ჩავიქნიო. და მართლაც, როდესაც დაიხარჯები, ჩადებ საკუთარი თავის ნაწილს რაღაცაში, სანაცვლოდ კი ვერაფერს იღებ, ძალიან რთულია მოიმარაგო მოთმინება და იმედის თვალით შესცქირო მომავალს…

”ელოდეთ! გწამდეთ! მოგეცემათ!” – ყველა ეს ფრაზა სულაც არ აქარწყლებს ჩემს სკეპტიკურობას.

რა ძნელია იმის გაცნობიერება, რომ შრომა წყალში ჩაგეყარა, რომ შენს მიერ მოზიდული აგურები არ აღმოჩნდა საკმარისი სახლის ასაგებად.

თუმცა ხანდახან სხვანაირადაც ხდება- წარმოდგინე ლამაზი, ყელმაღალი, ხორბლისფერთმიანი გოგო, რომლის  კანიც ძველი დროის პოეტების თქმისა არ იყოს სპილოს ძვალივით თეთრია. მისკენ მიმიწევს გული, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში თითქოს ვიღაც ფრთხილი მხედარი ჩემში ზედ ნახტომის წინ ცხენს აჩერებს…

Continue reading

საღვთო მიწა (ნაწ.2)

ცა იღვრებოდა წვიმად  და ზავდებოდა აქაფებულ, მშფოთვარე ზღვაში.  ტალღები ღმუოდნენ, საღვთო მიწას გაავებულნი ეხეთქებოდნენ და აბრკოლებდნენ მცურავს, რომელიც გადასარჩენად იბრძობა მათ შავ წიაღში. ბოლოსდაბოლოს იგი მიუახლოვდა კუნძულს და მაგრად ჩაეჭიდა მისკენ ხელივით გამოშვერილ ქვას. მცურავი მაღლა აცოცდა, მოძებნა შესაფერისი ადგილი, ჩამოჯდა და სახიდან სველი თმა გადაიწია. სახე ძალიან ბავშვური ქონდა,  ერთი შეხედვით შეიძლება გოგოსიც ყოფილიყო და ბიჭისაც, აი სხეული კი მართლაც ქალის სილამაზის ეტალონს წარმოადგენდა. მაღალი, ამაყი კისერი, ახლადმომწიფებული ყურძნის მტევნებევით სავსე მკერდი, წვრილი წელი და გრძელი სწორი ფეხები.

ქვები სველი იყო და გოგონას ძალზედ უჭირდა წონასწორობის შენარჩუნება, მისი პატარა ტერფები მოუსვენრად დასრიალებდა…  ცა კი არც ფიქრობდა გამოდარებას, პირიქით სულ უფრო და უფრო მსხვილ წვეთებს უშენდა საღვთო მიწაზე მჯდომ განდეგილს…  ქარი ღმუოდა როგორც ტკივილისგან გამწარებული ქალი და უხეში მამაკაცივით უჩეჩავდა თმას  ზღვის წიაღში მყოფ ამ ერთადერთ ადამიანს.

”რატომ? რატომ?” ჩურჩულებდა გოგონა, დრო-და დრო ცისკენ აპყრობდა თავის შავ თვალებს,  რომელბშიც ელვის კლაკნილი ირეკლებოდა…  ასეთ მომენტებში ცა გაბზარულ ჭერს გავდა და ალბათ გოგონას იმედი ქონდა, რომ მოწყალე ღმერთი ამ ბზარიდან გადმოუგდებდა რამეს… თუმცა კი დრო გადიოდა, ბუნება კვლავ ბობოქრობდა, გოგო კი  უშედეგოდ ელოდა დახმარებას…  ბოლოს გოგონამ უკანასკნელად ახედა ცას, პირჯვარი გადაისახა და წყალში გადაეშვა…

Continue reading