კვარიათული ქრონიკები (ნაწ. 2)

ფურშეტის შემდეგ ჩვენი განებივრება ტურიზმის დეპარტამენტმა ითავა – გამოგზავნილი ახალაზრდა (საკმაოდ საყვარელი) გოგო ჩვენს ავტობუსს წინ გაუძღვა და ბათუმის სიახლოვეს განლაგებულ მთაზე აგვიყვანა. არ მინდა კრიტიკული ვიყო, თუმცა რესტორნით ნამდვილად არავინ აღვფრთოვანებულვართ. გვერდით დარბაზში ბანკეტი იმართებოდა – ვიღაც ბედნიერებმა უნივერსიტეტი (თან არა მაღლივი) დაამთავრეს. ჩვენ ფერმკრთხალ დარბაზში მოგვათავსეს თუმცა კი საკმაოდ გემრიელი კერძებით გაგვიმასპინძლდნენ. რამდენიმე ბლოგერი მოწყენილობის გრძნობამ მოგვიცვა, უკანა ეზოში გავედით და ბათუმის განათებული ხედით ვტკბებოდით…

კვარიათში დაბრუნების ნანატრი ჟამიც დაგდა და ჩვენ მოურიდებლად მივაწყდით სატრანსპორტო საშუალებებს.  არც  იმ ღამის განხილვას ვაპირებ – ყველა ისე გაერთო როგორც უნდოდა, ზოგი ღამის კლუბში (იქაც დაგვპატიჟეს ყურადღებიანმა აჭარლებმა), ზოგი პლიაჟზე (რა მოხდა მერე?) ზოგი საკუთარ ნომერში (კომფორტულად), ზოგი არც ვიცი როგორ (დარწმუნებული ვარ, რაიმეს მოიფიქრებდნენ)…

მესამე დღეს დილით ნეპტუნში სამარისებული სიჩუმე სუფევდა. ღამის პერიპეტიებით გადაღლილი საბლოგეთი გონს მოდიოდა, და ნელ-ნელა აცნობიერებდა რომ წასვლის დრო ახლოვდებოდა. სასადილოში ერთ-ერთი პირველი ჩამოვედი და ვერც ერთი ბედნიერი სახე ვერ შევნიშნე -ან ძალიან ეძინებოდათ, ან გული წყდებოდათ… 

კულტურული პროგრამის ბოლო ნაწილი იყო ვიზიტი მაღალმთიან აჭარაში. მტკიცებ გადავწყვიტე მას ცალკე პოსტი მივუძღვნა ამიტომ ეხლა მხოლოდ მოკლეგ გეტყვით – ქართული სულით (ამ სიტყვის საუკეთესო მნიშვნელობით) განსჭვალული ულამაზესი ადგილია, სტუმართმოყვარე და ხელგაშლილი მასპინძლები დიდი ხნით დამამახსოვრდება, უკვე აღარაფერს ვამბობ ჩოხებში შემოსილ მომღერალთა გუნდზე… Continue reading

Advertisements

კვარიათული ქრონიკები (ნაწ.1)

მაპატიეთ, თავი მხოლოდ ეხლა მოვაბი – მაღლივი კლავს, (მოწევაზე უფრო!)

სოციალური მედიის კვლევებისა და განვითარების ფონდმა  გამართა ყოველწლიური კონკურსი  ”სოციალური მედია განვითარებისათვის”, რომლის შედეგადაც 20 გამარჯვებული ბლოგერი გავემგზავრეთ კვარიათში ჩვენი პროექტების წარსადგენად.

უნდა აღინიშნოს რომ ყველაფერი ( ნუ თითქმის) უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული. დიდი მწვანე ავტობუსი (ხომ ვთქვი ”თითქმის”-თქო, თხრობის ბოლოს იგი აუცილებლად შეგვახსენებს თავს,) თბილისიდან დროულად გავიდა  (საქართველოს პირობებში მეტად იშვიათი მოვლენა), გზად კონდიციონერების მეშვეობით სულს გვიბერავდნენ, გვიკლავდნენ შიმშილსა და წყურვილს, პლაზმური ტელევიზორი კი ამ დროს აგვისტოს 5 დღეს აჩვენებდა (ჩაირთოს ტორენტები, მაინც ვნახეთ და დავიწუნეთ!). ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ კვლავ დროულად (ღმერთო ჩემო, ნუთუ წინ მივიწევთ?!) ჩავედით კვარიათში, სადაც ზვის პირას განლაგებული პატარა მყუდრო და ნარინჯისფერი სასტუმრო ”ნეპტუნი” გველოდა.

როგორც კი ნომრების მიხედვით გადაგვანაწილეს (სხვათაშორის სრულიად ნებაყოფლობით), შიგ ბარგი ავზიდეთ და მასიური საწოლების სიმკვრივე შევამოწმეთ, მაშინვე ქვიან სანაპიროს მივაშურეთ. ზღვას მონატრებული ბლოგერები ხარბად დაცურავდნენ, თქვენი მონამორჩილი კი თავს ნამდვილად ”სუხაპუტნაია კრისად” გრძნობდა და თავ-ბედს იწყევლიდა – 20 წლის განმავლობაში ცურვა როგორ ვერ ვისწავლეო და თუმცა ნაპირთან ახლოს კვარიათის მარილიანი წყლის დაგემოვნება მოვახერხე, მაინც მშურდა იმათი ვინც უვნებლად დააპობდა აშხეფებულ ზღვას. ადამიანებისგან განსხვავებით ამინდი საკმაოდ გულგრილად შეგვხვდა – ღრუბლები და ქარი არ მოგვაკლო…

პირველ საღამოს არანაირი ღონისძიება არ იყო დაგეგმილი და ორგანიზატორები უბრალოდ ფორმალური შეხვედრის მოწყობით შემოიფარგლნენ, სადაც ბლოგერებმა ერთმანეთი გავიცანით (მერამდენეჯერ?).

ღამე ყველამ თავისი გემოვნებისდა მიხედვით გაატარა (დიახ, დიახ! ).  ამ მშვიდი, თუ დამქანცველი (ვისთვის როგორ) ღამის შემდეგ დადგა პრეზენტაციებისთვის განკუთვნილი დღე და ჩვენ, ლეპტოპის (ალაგ-ალაგ კლავიატურის) რაინდები დიდი მართკუთხა მაგიდის გარშემო შევიკრიბეთ, რომლის თავშიც (სოც. მედიის მერლინებისა და მეფე არტურებისგან შემდგარი) ლეპტოპებითა და აიფონებით შეიარაღებული მრისხანე და ცინიკური ჟიური განლაგდა.

პროექტების განხილვისას ისევ დამიბრუნდა იმის შეგრძნება რა ქვეყანაშიც ვიმყოფები. მოსმენის კულტურა დღემდე გადაულახავ ბარიერად რჩება ჩვენთვის – ბლოგერები კი არა, ხანდახან თავად ჟიურიც ნორმალურად არ უგდება ყურს თეთრ ეკრანთან გამოსულ ორატორს…  ისე, როგორც უკვე ავღნიშნე, არ მომეწონა მონაწილეებისადმი ჟიურის დამოკიდებულება – ცემი აზრით იგი ზედმეტად დამცინავი და ნეგატიური იყო (შეგიძლიათ სუბიექტურობაში ჩამოთვალოთ).

Continue reading