მატარებელი თბილისი-გორი

დილის შვიდი საათი ხდება და სიცოცხლე ვაგზალზე უკვე ჩქეფს. ნათელ მოსაცდელში ხალხია მიმოფანტული. ყველას ნამძინარები და დაღვრემილი სახე აქვს. ბარგი სკამებზე შემოულაგებიათ და ხალხი საკუთარ მატარებელს სულმოუთმენლად უცდის. თითოეულს მატარებელი სხვადასხვა დანიშნულების ადგილზე ჩაიყვანს. აი მოხუცი კაცი, სურსათით დატვირთული კალათები რო დაუწყვია მუხლებზე ალბათ სახლში ბრუნდება, აი კალათიდან სათამაშო პისტოლეტის ლულა მოჩანს, რომელიც ალბათ შვილიშვილთან მიაქვს. სახეზე კმაყოფილებისა და დაღლილობის ნაზავი აქვს გამოსახული. ეს ახალაზრდა ლოყებღაჟღაჟა ბიჭი კი სამუშაოდ მიდის, ბარი და სხვა იარაღები უკვე გამზადებული აქვს. ეს შუა ქალები სად მიდიან, ცოტა არ იყოს გაურკვეველია, არც თავად აინტერესებს. მშიერი ქათმებივით ქაქანებენ და საერთოდ არ ამჩნევენ გარშემომყოფებს.

მოლარეები ამთქნარებენ და ეტყობათ, რომ ამ ქვეყნად ყველაზე მეტად ყავის დიდ ჭიქაზე ოცნებობენ. ჩვენ კი იმაზე ვოცნებობთ, რომ ბოლო-ბოლო მატარებელში ჩავსხდეთ…

ჩანთებით ხელში, თავქუდმოგლეჯილები მივრბივართ ბაქანზე. თეთრი მატარებელის წასვლამდე წამებიღაა დარჩენილი.სუნთქვა გვეკვრის, უკანასკნელი ძალები გვტოვებს, თუმცა ბოლო მომენტში ჩვენ სავსე ვაგონში ასვლას ვასწრებთ.

საშინელი დახუთულობაა, სუნთქვა ჭირს. ჩვენ ვცდილობთ ბარგი კედლებთან განვათავსოთ, თუმცა არაფერი გამოდის – ყველგან ხალხია. სხედან, დგანან და ყველაზე მეტად ზედმეტად პატარა ყუთში მოთავსებულ სათამაშოებს გვანან. ანაც ნაჩქარევად ჩალაგებულ ბარგს, რომელიც ჩემოდანში სასტიკად იკუჭება. ჩვენც ვიკუჭებით, როდესაც ყბაში ვიღაცის იდაყვი გვხვდება. ცოტა ხანში საკმაოდ არათავაზიანი გამცილებელი ბილეთის ყიდვისკენ გვიბიძგებს,  არიქა, სად ჩადიხართ, ბილეთი დროზე შეიძინეთო. ჩვენ გორამდე მივდივართ,ამიტომ სიმბოლურ ფასს ვიხდით – 1 ლარს. უნდა აღინიშნოს რომ თბილისიდან გორამდე მგზავრობა მატარებელზე გაცილებით უფრო კომფორტული და სწრაფი მარშრუტკით 5 ლარი ჯდება. შესაბამისად ამ ვაგონში ან ძალიან ძუნწი, ან ძალიან გაჭივრებული ადამიანები იმყოფებიან. ჩვენის აზრით, მატარებლით მგზავრობის მოყვარული რომანტიკოსები აქ არ არიან. მხოლოდ თამაშში ჩაფლული უდარდელი პატარა ბავშვები დარბიან აქეთ-იქით, როგორც ჩვევიათ ხოლმე ყველგან და ყოველთვის.

პატარა ბავშვების მსგავსად ვაგონში პატარა ბებოებიც ფუსფუსებენ. ჩანთებში გასაყიდად გამზადებული საქონელი უწყვიათ. წინდებით დაწყებული და ბურბუშელებით დამთავრებული.  თუმცა მგზავრები მათ მეტად ცივად უყურებენ და არაფრად აგდებენ ბებოების მუდარით აღსავსე თვალებს…

მზით განათებული ბაქანი ცარიელია. გორის ვაგზალში ადამიანის ჭაჭანება არაა. მხოლოდ კუთხის სკამზე წამოწილილა ვიღაც აბურძგნული მამაკაცი – ეტყობა ისვენებს შთაბეჭდილებებით აღსავსე ღამის შემდეგ.  ჩვენი კი, ბარგით დატვირთულები ავტოვაგზალისკენ მივდივართ…

გაგრძელება შემდეგ პოსტში

Advertisements

4 responses

  1. Pingback: ”მოხუცი” სახლების სოფელი « გაფუჭებული შუქნიშნების ქალაქი

  2. აუ, დაიწყო ისევ სერიული პოსტები… 😀
    მშიერი ქათმებივით ქაქანებენო კაი იყო, გამეცინა 😀
    და თქვენ ძუნწები ხართ თუ მეტისმეტად გიჭირდათ მაგ ვაგონში რომ ჩაეკვეხეთ?
    გორის ვაგზალზე უფრო მეტს დაწერდი მეგონა, თუ შემდეგ პოსტშია? წავედი, გაგრძელება წავიკითხო მაშინ 😀

    • რომანტიკა გვიზიდავს ავადმყოფურად ^.^ თან მშვენიერი ეკონომია გავაკეთეთ ფულის :დ გორის ვაგზალმა არ მომხიბლა დიდად… :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s