ვუდუ თოჯინა

ის ჩემი პატარა ვუდუ თოჯინაა. მაგიდაზე ჩემს წინ დევს და ნაღვლიანი თვალებით სადღაც უსასრულობაში იყურება.

მის გვერდით ნემსები მაკრატლები და წამების სხვა იარაღები ალაგია. მისი მახინჯი, ხიდან გამოთლილი სახე არაფრის მთქმელია, სამაგიეროდ ეს წვრილი მხრები და ძალაგამოცლილი ხელები მორჩილების გამომხატველია. რატომღაც ძალიან მაგონებს ძველ ცოცხს, აი ცუდად რომ გვის ისეთს.

ყოველ წამს მინდა ნემსი გავუყარო, ან სანთელებით თმაზე ცეცხლი წავუკიდო – ის ხომ ვუდუ თოჯინაა, და წამებისთვისაა შექმნილი. თუმცა რაღაცა მაკავებს, მიშლის ხელს. არ იფიქროთ, რომ საქმე ამ თოჯინის პროტოტიპშია და მისდამი რაიმე გრძნობებით ვარ განსჭვალული, უბრალოდ როდესაც ამ ცარიელ, უღიმღამო თვალებს ვუყურებ, ჩემში სრულიად უადგილო სიბრალული იბადება.

თითქოს რა უნდა იყოს ამაზე ადვილი, აი იგი  საზიზღარი და დაუცველი აგდია ჩემ წინაშე და მე ისღა დამრჩენია საკადრისად მოვეპყრო. თუმცა არა, ხანდახან ერთი შეხედვით ყველაზე მარტივი რამ წარმოუდგენლად რთული აღმოჩნდება…

Continue reading

ომიდან თეატრამდე

ეს იყო დიდი ბრძოლების დრო, როდესაც ყოველ სამშაბათსა და ოთხშაბათს ეპიკური ბრძოლების მოწმე ვხდებოდი. გლადიატორების დაპირისპირება ჩემში აღტაცებას იწვევდა. ფილმებისა და ზღაპრებისგან განსხვავებით, იგი რეალური იყო და მასში მონაწილეობას არა გამოგონილი პერსონაჟები, არამედ რეალური ადამიანები იღებდნენ.  ეპიკურობისდა მიუხედავად,  წარმოდგენები საოცრად გავდა რეალურ ცხოვრებას – საკუთარი ოფლისა და სისხლის ფასად, ეს გმირები აღწევდნენ ნანატრ გამარჯვებას.

მახსოვს, 1999 წელს პირველად ვუყურებდი ჩემპიონთა ლიგას და 8 წლისამ ვღვარე ცრემლები, გენიალური და დრამატული ფინალის დასასრულს, როდესაც მანჩესტერმა ბოლო დამატებულ წუთზე ორი გოლი გაუტანა ჩემთვის უკვე მაშინ საყვარელ მიუნხენის ბაიერნს…

უშუქობისა და უფულობის ჟამს, ფეხბურთი იყო ფაქტობრივად ერთადერთი წყარო, რომელსაც შემოჰქონდა ჩემს ცხოვრებაში რომანტიკა და ზღაპრულობა. ოლივერ კანი, შტეფან ეფენბერგი, ზინედინ ზიდანი – ისინი ჩემთვის არ იყვნენ უბრალოდ სპორტსმენები,

არა. ისინი ხორცშესხმული მითები იყვნენ, როგორც აქილევსი, ჰერაკლე და ოდისევსი. უბრალოდ მათი გმირობები, რომელთაც მე პირდაპირ ეთერში ვუცქერდი, როგორც უკვე ავღნიშნე, სრულიად რეალური იყო, თუმცა რა პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, მაინც ზღაპრული და მითიური. მიჭირს ამის ახსნა,

და ალბათ შეიძლება ყველაფარი პატარა ბავშვის მეოცნებე ტვინს გადავაბრალოთ, რომელიც  ბნელ და უიმედო სამყაროში ეძებს რომანტიკას…

Continue reading

მოხუცი სახლების სოფელი (ნაწ.2)

წინა პოსტი

”თბილისში დავიბადე და გავიზარდე. ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვიყავი, ფეხბურთზე ფანატიურად შეყვარებული. შემდეგ გატაცება პროფესიაში გადაიზარდა. მთელი გულით ვთამაშობდი და შესაბამისად შედეგიც მქონდა. შემდეგ ცოლი მოვიყვანე, შვილი გამიჩნდა და ამიერიდან დროის განაწილება ფეხბურთსა და ოჯახს შორის მიწევდა. 28 წლის რომ ვიყავი მყესები გამიწყდა და კარიერის დროზე ადრე დასრულება მომიხდა.

მას შემდეგ ყველაფერი აირია. უფეხბურთოთ არ შემეძლო, მაგრამ ოჯახიც მყავდა სარჩენი, ჰოდა მწვრთნელობა გადავწყვიტე.  სულ მალე აღმოჩნდა, რომ საამისო ნიჭი არ გამაჩნია, ამასობაში კი ჩემი შვილი იზრდებოდა. დიდი ხანი არ ვნებდებოდი, ერთი სამოყვარულო გუნდი ჩავიბარე, შემდეგ მეორე, თუმცა უშედეგოდ.  სახლიც კი გავყიდეთ და პატარა ბინაში გადავსახლდით, იმის გამო რომ ჩემს ოცნებაზე უარს ვერ ვამბობდი…

Continue reading

”მოხუცი” სახლების სოფელი

დასაწყისი – წინა პოსტი

პატარა სოფელი მწვანე მთებს შორისაა მიმალული. ძველი სახლები კურორტზე დასასვენებლად წასულ მოხუცებს გვანან

. აქეთ-იქით გადახრილები ისინი თითქოს საოცარ დაღლილობას გამოხატავენ – გადამძვრალ საღებავებს მიღმა მოჩანს ბზარებით დანაოჭული ძველისძველი ფასადებზე, მათი ფანჯრების მზერა უიმედოდაა მიშტერებული სადღაც შორს. მათ შორის არანაირი სიახლოვე არ შეინიშნება, თითქოს ერთმანეთს არ იცნობენ და ცდილობენ ერთმანეთისგან რაც შეიძლება მოშორებით განთავსთდნენ. სოფელში სრული სიჩუმე სუფევს, რომელსაც მხოლოდ  ჩიტების მორცხვი ჭიკჭიკი არღვევს. პატარა, გასაშრობად განწირული მდინარე, ავადმყოფი ბავშვივით ჟრიამულობს.

შუაგულ სოფელში ვდგავართ და ინტერესით ვიცქირებით გარშემო. ან ვერავინ გვხედავს და არავის ვაინტერესებთ, ან იგი უბრალოდ უკაცრიელია – იდეალური ადგილი პოსტაპოკალიფსური დედამიწის შესახებ კინოს გადასაღებად , თუმცა არც საშინელებათა ფილმს გააფუჭებდა ეს მელნისფერი ცა და დამთრგუნველი უბალახო მიწა. უცებ მოშორებით ჩნდება მუქი სილუეტი, რომელიც ნელა მოიწევს ჩვენსკენ. მისი ნაბიჯები იმდენად გროტესკულია, რომ სავსებით შეიძლება ზომბი აღმოჩნდეს. თუმცა მოახლოვებისას ირკვევა რომ სახის კანი არ გახრწნია, და თავადაც ცოცხალ ჰომოსაპიენსთა რიცხვს განეკუთვნება.

ჩვენ ვეკითხებით, სოფელში სადმე ღამის გასათევი ადგილი ხომ არ ეგულება. იგი ჭაღარა თავს გვიკრავს და გვეუბნება, აქ ერთი მილიონერი ცხოვრობს და იმასთან მიდითო.  სახეზე სტუმართმოყვარეობის ნატამალიც კი არ აწერია. ცივი ცისფერი თვალები ყველაზე მეტად ყინულებით დაფარულ ზღვას გავს.

-ჰო, და კიდევ, აუცილებლად მითხარით, ფული თუ გამოგართვათ. მაგის, დედა უნდა მოვსტყნა. კრისა ეგა. სოფლის შავები შევიკრიბებით და სიფათს ავალეწავთ. მილიონერია და სოფლისთვის რა გააკეთა? აი ამ ბილიკს მიყევით და ბოლოში მარჯვნივ შეუხვიეთ. მე უბრალოდ სახლს ვერ დაგილაგებთ, ჩემ გემოზეა და ვერ ავრევ. ეგრევე შემატყობინეთ, ფული თუ გამოგართვათ, მე მაგისი…

Continue reading

მატარებელი თბილისი-გორი

დილის შვიდი საათი ხდება და სიცოცხლე ვაგზალზე უკვე ჩქეფს. ნათელ მოსაცდელში ხალხია მიმოფანტული. ყველას ნამძინარები და დაღვრემილი სახე აქვს. ბარგი სკამებზე შემოულაგებიათ და ხალხი საკუთარ მატარებელს სულმოუთმენლად უცდის. თითოეულს მატარებელი სხვადასხვა დანიშნულების ადგილზე ჩაიყვანს. აი მოხუცი კაცი, სურსათით დატვირთული კალათები რო დაუწყვია მუხლებზე ალბათ სახლში ბრუნდება, აი კალათიდან სათამაშო პისტოლეტის ლულა მოჩანს, რომელიც ალბათ შვილიშვილთან მიაქვს. სახეზე კმაყოფილებისა და დაღლილობის ნაზავი აქვს გამოსახული. ეს ახალაზრდა ლოყებღაჟღაჟა ბიჭი კი სამუშაოდ მიდის, ბარი და სხვა იარაღები უკვე გამზადებული აქვს. ეს შუა ქალები სად მიდიან, ცოტა არ იყოს გაურკვეველია, არც თავად აინტერესებს. მშიერი ქათმებივით ქაქანებენ და საერთოდ არ ამჩნევენ გარშემომყოფებს.

მოლარეები ამთქნარებენ და ეტყობათ, რომ ამ ქვეყნად ყველაზე მეტად ყავის დიდ ჭიქაზე ოცნებობენ. ჩვენ კი იმაზე ვოცნებობთ, რომ ბოლო-ბოლო მატარებელში ჩავსხდეთ…

ჩანთებით ხელში, თავქუდმოგლეჯილები მივრბივართ ბაქანზე. თეთრი მატარებელის წასვლამდე წამებიღაა დარჩენილი.სუნთქვა გვეკვრის, უკანასკნელი ძალები გვტოვებს, თუმცა ბოლო მომენტში ჩვენ სავსე ვაგონში ასვლას ვასწრებთ. Continue reading

პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო… ”მწვადი”

თეთრი კოტეჯი სიმწვანეშია ჩაფლული. აბიბინებული ბალახი და ტანმაღალი ხეები მას უცხო ადამიანთა მზერას არიდებენ. ყვავილების სურნელი იმ ადგილის ისეთივე განუყოფელი ნაწილია, როგორც დეზინფექციის სუნი საავადმყოფოში. დაუმატეთ ამას მდინარის საამური ჩხრიალი, გაზაფხულს მონატრებული ჩიტების ჭიკჭიკი და თქვენ მიიღებთ თითოეული ადამიანისგან სანატრელ საცხოვრებელს.  ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ტყეებით დაფარული ვეებერთელა მთები, აკვარელით დახატულებს რომ გვანან, ფერთა უჩვეულო შერწყმის გამო – სალათისფერიდან დაწყებული და სტაფილოსფრით დასრულებული.

ჰამაკში წევხართ და ჭეშმარიტად სამოთხისეულ ნეტარებას ხართ მიცემულნი. გრძნობთ რომ სრული ბედნიერებისთვის მხოლოდ ევა გაკლიათ და სიამოვნებით დარჩებოდით მასთან ერთად ამ ედემში სამუდამოდ.

მაგრამ უცებ გრძნობთ რომ ჰაერში რაღაც კარგად ნაცნობი და სრულიად უადგილო მოიპარება, თქვენს ნესტოებს იგი ბუმბულის მსგავსად უღიტინებს. მას აქ არაფერი ესაქმება, შეგრძნებები, რომელსაც იგი თქვენში ბადებს, თუ შეიძლება ასე ითქვას, სულ სხვა ჟანრს განეკუთვნება, დაახლოებით იგივე შეგრძნება გექნებოდათ, სტადინოზე ფეხბურთის ყურების დროს ვინმეს თქვენთვის ცოცხი რომ გადმოეგდო.

თუმცა კი ნამდვილად მიმზიდველია ეს სუნი, თქვენ ცდუნებას ვეღარ უძლებთ, ტოვებთ მყუდრო ჰამაკს და ეზოს სიღრმეში აბიჯებთ.

ახალგაზრდები მაყალის გარშემო ფუსფუსებენ, ზოგი შეშას ეზიდება, ზოგი მწვადს წვავს, ერთს კი მწვადებჩამოცმული შამფურების მორიგი პარტია უკავია. მოკლედ, მწვადის შეწვის საზეიმო რიტუალი  ყველა წესის დაცვისდამიხედვით მიმდინარეობს. Continue reading

Time to wake up

ჯავახიშვილის სტუდენტებისგან მრავალგზის ნაწყევლი გამოცდებ როგორც იქნა დასრულდა და ჩემი ბლოგიც ნელ-ნელა ჩვეულ რითმს დაუბრუნდება. ბოლო პოსტებში მკითხველს მაღლივზე ვესაუბრებოდი, ვუამბობდი იქაურ სიტუაციას და ვუზიარებდი ჩემეულ ხედვას. ამას შედგომშიც გავაგრძელებ და ”მაღლივური ესკიზები” ჩემი ბლოგის ერთგვარი რუბრიკა გახდება. საკმაოდ საინტერესო თავგდასავლები გადამხდა ამ დღეებში და საწერი მასალაც საკმარისად დამიგროვდა.

არასდროს დაფიქრებულხართ იმაზე, რომ ყველაზე საინტერესოდ დროს მაშინ ატარებთ, როცა ამას წინასწარ არ გეგმავთ? ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია. სპონტანუროად განხორციელებული ქმედებები გაცილებით უფრო მომხიბვლელად მეჩვენება, ვიდრე გრაფიკის მიხედვით შესრულებული გეგმები. ჩემი ოცწლიანი ცხოვრების მანძილზე თითქმის არასდროს არ განხორციელებულა დიდი ხნის განმავლობაში დამუშავებული გეგმები, სამაგიეროდ ყველაზე სასიამოვნო რამეები მაშინ ხდება, როცა მათ არც კი მოველოდი.

მოკლედ, ბლოგი ბრუნდება და მომდვნო პოსტშივე ერთ მეტად საინტერესო ადგილზე მოგითხრობთ…

მაღლივური ესკიზები (ნაწ. 3)

გამოცდები დიდი ხანია შიშის ზარს სცემს ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სტუდენტებს. ეს ის დროა, როდესაც ისინი თავად გრძნობენ როგორია სწავლობდე  მორდორში მაღლივში და ყოველდღე ტრიალებდე ამ, არც თუ ისე სასიამოვნო ატმოსფეროში.

წელიწადში ორჯერ  ჯავახიშვილის ყველა დანარჩენი ბედნიერი სტუნდეტი ადის  იმავე გოლგოთაზე, რაც ჩვენ.  გამოცდის დაწყების წინ, ისინი აშკარად გამოირჩევიან ბედს შეგუებულ მორდორელთა მარლიველთა ფონზე – ზოგს გაკვირვება დასთამაშებს სახეზე, ზოგს ზიზღი. ზოგი აქაც არ უშვებს ხელიდან კონსპექტებს, რომლებშიც გამოცდის წამრატებით ჩაბარების საიდუმლო იმალება.

მგონი წინა ორ პოსტში საკმაოდ ვრცლად ვისაუბრე და ავღწერე ცოდნის ეს ნათელი ტაძარი, ასე რომ აქ აღარ შევჩერდები…

მაშ ასე, გამოცდები. სხვა უნივერსიტეტებისგან განსხვავებით, აქ  ჩაბარება-არ ჩაბარების საკითხი, მართლაც რომ თქვენს ცოდნას ეფუძნება. გადაწერა იმდენად რთულია, რომ მხოლოდ ერთეულების ხვედრი თუა, და მინდა გულწრფელად ვაღიარო, ვინც მოიფიქრებს ხერხს, როგორ მოატყუოს  დამკვირვებლების ტყავში შენიღბულ ცერბერებს, ნამდვილადაა მაღალ ქულის ღირსი. თუ მზად არ ხართ, მაგრამ მაინც მაღალი შეფასებისკენ მიგიწევთ გული, მართლაც რამე არაორდინალურის მოფიქრება გმართებთ. ძალაუფლების ბეჭედის შპარგალკის გამოყენება პრაქტიკულად წარმოუდგენელია. თუმცა კი მაინც იწერენ, ნამდვილად იწერენ – ამას წინათ ჩემმა მეგობარმა, ორი გამოცდა ისე გადაწერა თავიდან ბოლომდე, რომ ეჭვიან დამკვირვებელს ყურიც კი არ დაუბერტყავს.   მჯობნს მჯობნი არ ელევაო…

ჯავახიშვილის გამოცდები უთუოდ გაგახსენებთ ეროვნულებს. ზუსტად იგივე სიტუაციაა, სექტორების მიხედვით განაწილება, ჩანთების ჩაბარება და ასე შემდეგ.  თითქოს ბრუნდებით წარსულში და აი ისევ აბიტურიენტი ხართ. საკმაოდ არაერთგვაროვანი შეგრძნებაა, არა? Continue reading

მაღლივური ესკიზები (ნაწ.2)

”და მოიწია ჟამმან და მივიდა ფროდო მორდორისა კარიბჭესთანა და თან ჰქონდა ბეჭედი ძალაუფლებისა”

ბეჭდების მბრძანებელი

ორკების რაზმები მორდორის კარიბჭესთან დაძრწიან, რუხი კედლები კი უმიდობითაა გაჟღენთილი. საურონის ყოვლისმჭვრეტელი თვალი აქეთ-იქით იქცირება, თქვენდა გასაკვირად ამჩნევთ რომ იგი რკინისფერ ჯავშანშია ჩასმული. თქვენი მიზანი მორდორის შუაგულშია, თუმცა იქ მისაღწევად ორკების მთელი ჯარი უნდა გაიაროთ და არც ერთგული სემი გყავთ ახლომახლო. ბევრჯერ წაგიკითხავთ და გინახავთ ბეჭდების მბრძანებელი, თუმცა ფროდოს როლში პირველად აღმოჩნდით, და მხოლოდ ეხლაღა აცნობიერებთ რა არასახარბიელო მდგომარეობაში ყოფილა საწყალი ჰობიტი.  ჩანთაში ძალაუფლების ბეჭედი გიდევთ, რომელსაც სხვანაირად შპარგალკა ეწოდება და შუამიწეთის ხსნის ერთადერთ იმედათ გესახებათ. თუმცა, რაღა თქმა უნდა მისი მორდორში შეტანა არ იქნება ადვილი – აი შავ უნიფორმაში გამოწყოვილი ორი ტროლიც მოჩანს, ისინი მორდორის კარიბჭესთან პატრულირებენ და იმაზე ზრუნავენ, რომ იქ შემთვევით არ შეაღწიონს ვინმე ჰობიტმა.

მუქი ცა და ცივი ქარის რისხვაც თითქოს ცუდ წინათგრძნობად გევლინებათ…

დიდი გაჭივრებით თქვენ უსხლტებით ორკებს და ბნელ კარიბჭეს უახლოვდებით.

ტოლკიენისდა მიხევდით,მორდორი ძალიან მაღალია, თუმცა წაკითხული და საკუთარი თვალით დანახული, რომ ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, ამაში კიდევ ერთხელ  რწმუნდებით.

თქვენ მიაბიჯებთ ჩაბნელებულ კოშკში და უახლოვდებით ზევით ამავალ კიბეს,  იქ კიდევ ერთი პატრული გელოდებად. ასე წვალებ-წვალებით თქვენ უნდა ახვიდეთ მაღლა, სადაც შეძლებთ ბოლო-ბოლო ძალაუფლების ბეჭედი გამოიყენოთ, და ბიზნესის გამოცდა ”მოაყომაროთ”. თუმცა  თავად მორდორის შუაგილშიც კი ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან იქ ერთი კი არა, არამედ ბევრი გორლუმია, რომლებიც ბეჭდებზე და მათ მატარებელ ჰობიტებზე ნადირობენ…