მაღლივური ესკიზები (ნაწ. 1)

იგი პლატოზეა გაშენებული, გარს დაუმთავრებელი შენობები არტყავს, ახლომახლო კი  ახლადგაშენებული სასაფლაოა განლაგებული. რუხია და აშკარად აფრქვევს რუხსავე აურას (შეიძლება შემომედავო, ჩემი მკითხველო, აურა აბსტრაქტული რამააო, თუმცა ეს მხოლოდ იმის მაუწყებელი იქნება რომ შენ იგი არ გინახავს). აქ მოხვედრილები, თითქოს დროის მანქანაში ჩასკუპებულანო, ეფლობიან არც თუ ისე შორეულ წარსულში, როდესაც დაიწერა ერთ დროს პოპულარული სიმღერა ”ქვეყანაშია ფერები მუქი”. ეგ კი არა, მის მიმდებარე ტეროტორიაზე ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის შეტანა ორმაგად სახიფათოა, რადგან ნერვიულ ადამიანებს, ეგზომ დამთრგუნველი სანახაობის შემხედვარე შეიძლება წაუცდეთ კიდეც მისკენ ხელი.  ამინდიც თითქმის ყოველთვის შესაბამისია და მხოლოდ იშვიათად თუ გამოაჭყიტავს მკრთალი მზე.

პირველად თუ მოხვედით, და თუ თქვენ საუბედუროდ ბოლო წვიმის შემდეგ დიდი დრო არ გასულა, უთუოდ ამოისვრებით ტალახში, რადგან გაუგებარ მიზეზათა გამო ასფალტი მხოლოდ ალაგ-ალაგ აგია. მხოლოდ დროთა განმავლობაში, შუა საუკუნეების მოგზაურის  მსგავსად  გაიკვლევთ თქვენს არც თუ ისე სანუკვარ მიზანთან მიმავალ შედარებით უსაფრთხო გზებს.

რომის დარად აქ მოხვედრა საკმაოდ ადვილია, ვინაიდან ქალაქის ყველა კუთხიდან უწყვეტლივ მოედინება სხვადასხვა სახის ტრანსპორტი და მსურველთა ადგილზე დროზე მიყვანას უზრუნველყოფს. შესაბამისად, არც წასვლაა მაინცდამაინც რთული. ერთი კი ისაა, რომ თვენს მიმოსვლას ქორებივით აკვირდებიან ყვითელ სამოსელში გამოწყობილი კონტროლიორები. ანუ უფასოდ მზგვარობას ნამდვილად ვერ შეძლებთ და მოგიწევთ პლასტიკურზე ხელი გაირტყათ.

Continue reading

Advertisements

როგორ პოულობენ ჩემს ქალაქს?

როგორ ხვდებიან ჩემთან?

თეამ შემატყობინე, დაგთაგეო. ჰოდა პირწმინდად შევუდექი ჩემო მოვალეობის შესრულებას. ბევრისგან გამიგია, რომ search terms ძალიან საინტერესო თემა ყოფილა. თუმცა სამწუხაროდ ვერაფერი საინტერესო ვერ აღმოვაჩინე. შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ ამ გრძელ სიას… ისე გამოდის, რომ ბლოგი თავის მიზანს ასრულებს,რადგანაც იმით პოულობენ რაც შიგ წერია. სწორი მარშრუტებით მოდის მკითველი ჩემს ქალაქში. ხვალ ერთი მეტად საინტერესო პოსტით დაგიბრუნდებით… : )

ვთაგავ ჯესის, კნუტს და  აქსიომას

სია:

Continue reading

სააღდგომო პოსტი

-ქრისტე აღსდგა!

  -ნუთუ?”  თანამედროვე ”სიბრძნე”

ასე და ამგვარად. ბიბლიის მიხედვით 1978 წლის წინ იესო ქრისტე აწამეს, ჯვარს აცვეს, შემდეგ კი იგი მკვდრეთით აღსდგა. ნამდვილად არ ვაპირებ ამ მოვლენების გაანალიზებას, ან განხილვას – ეს ნამდვილად სცილდება ჩემი კომპეტენციის საზღვრებს, უბრალოდ ჩემ აზრს მოგახსენებთ, ერთი ფართოდ გავრცელებლი ტენდენციის შესახებ. ორი წელია, რაც ფეისბუქის მომხმარებელი გახლავართ. ყოველ ქრისტიანულ დღესასწაულს თან ახლავს ფეისბუქელთა აქტიურობა – მისალოცი აპლიკაციები იქმნება,  იგზავნება აქეთ-იქით, ყველა ერთ ამბავშია, ერთობა და აღნიშნავს მათთვის ესოდენ მნიშვნელოვან დღეს. მოკლედ, ფბ ერთგვარი სარკეა, რომელიც ჩვენს (და არა მხოლოდ) საზოგადეობას ირეკლავს.

ჩემში ღრმა გაკვივრვებას იწვევს ხალხი, რომელიც ამ ყველაფერს დამცინავი ღიმილით ხვდება. ძირითადად ეს ადამიანები, ე.წ. ათეისტთა კასტას განეკუთვნებიან, ან უბრალოდ აქვთ განსხვავებულობის და ორიგინალურობის პრეტენზია. როგორც, დიკენსის ებენეზერ სკრუჯი, ისინიც ღიზიანდებიან, თანამოძმეების გულუბრყვილო სიხარულის შემყურე.

Continue reading

ლესელიძის სკვერში (ნაწ.2)

ლესელიძის სკვერში (ნაწ. 1)

გაოცებული ბებო ჭარხალას ისე აკვირდება,  თითქოს ძაღლის ან კატის რაიმე განსაკუთრებულ ჯიშს გადაეყარაო. სახეზე ზიზღის და სიბრალულის უცნაური ნარევი დასთამაშებს. რამდენჯერმე თავს იქნევს, მაგრამ შემდეგ კვლავ ახსენდება ზრდილობის ფარგლები და ბუკლეტს უბრუნდება.

ამ დროს ყიჟინი ისმის, და აი სკვერი უკვე წალეკა ახალაგზრდათა მთელმა ჯგუფმა. საკმაოდ კარგად გამოიყურებიან, ყველა ლამაზად ჩაცმული და მოვლილია, ეტყობათ, რომ სტუდენტები არიან,  თუმცა აშკარად უბრალოდ ”საბირჟაოდ” არ მოსულან – ზოგს ვიდეოკამერა უჭირავს, ზოგს მიკროფონი და ბლოკნოტი. ორგანიზატორი, როგორც ირკვევა,  ერთი საკმაოდ ცნობილი (მათ შორის სკანდალურად) ჟურნალისტია. მან თავი საკმაოდ თავისებური იუმორით და ასევე იმით გაითქვა, რომ რამოდენიმე წელი ციხეში გაატარა მექრთამეობის (ვითომ?) გამო.

სტუდენტები უკმაყოფილონი არიან მათი უნივერსიტეტის თვითმმართველობის უვარგისობით, მოითხოვენ გამოხატვის თავისუფლებას, და საკუთარი უფლებების დაცვას, ასევე მწვავედ აპროტესტებენ საკუთარი მეგობრების ცემის ფაქტს. ისინი ლესელიძის სკვერს იყენებენ ერთგვარ თავშეყრის პუნქტად, ჟურნალისტი კი მათ – გადაცემის გასაკეთებლად.

ამ კრების შემხედვარე ჭარხალას, სულ უფრო და უფრო ემანჭება სახე. ხმაური მის ”პახმელიაზე” აშკარად უარყოფითად აისახება, მისი ჟესტები საშინელ თავის ტკვივილზე მიუთითებს და მის შემხედვარეს გვინდება კიტრის მწნილი ვუყიდოთ. თუმცა ეს არ გვცალდება, ვინაიდან ასპარეზზე ახალი პერსონაჟი შემოდის.

ყველაზე მეტად ჭარხალას ეს თანამოაზრე და ძმაკაცი ბაზრობის კარტოფილს გავს, აი მიწა რომ არ აქვს შემხმარი. ეტყობა, რომ ის და ჭარხალა ერთ ბოსტანში არიან გაზრდილები. მან გადაწყვიტა ძმაკაცის დახმარება, და ღიად გამოხატავს თავის უკმაყოფილებას ატეხილი ხმაურის გამო.

სტუდენტები და ჟურნალისტი მას აინუნშიც არ აგდებენ და თავიანთ საქმეს განაგრძობენ. ხოლო როდესაც კარტოფილა, მათი აზრით, ზღვარს გადაცდა, ამაზე  ზრდილობიანად მიუთითებენ და ურჩევენ თავის გზაზე იაროს.

Continue reading

ლესელიძის სკვერში

ხის მოხერხებულ სკამზე ვსხედვართ და დიდი ხნის ნანატრი სითბოთი ვტკბებით.  ახლადამოსული ფოთლები საამურ ჩრდილს გვგრის და მათ შორის კეკლუცი მზე გვაჭყეტს. სკვერი თითქმის ცარიელია, იგი თითქოს მიუწვდომელია გამვლელებისთვის, რომლებიც საკუთარ საქმეებში არიან ჩაფლულნი და სადღაც შორს მიიჩქარიან. რაღაცით თევზებს გვანან, წყალქვეშ გუნდებად რომ გადადგილდებიან ხოლმე  ერთი მიმართულებით. თუმცა აი ერთი ბებო წყდება ხალხის რუხ დინებას და ნელი ნაბიჯებით გვიახლოვდება. ეტყობა რომ ქართველი არაა, თუნდაც იმიტომ რომ ქართველი ბებოებისგან განსხვავებით წყვილებს აგრესიულად არ უყურებს, აღარაფერს ვამბობ მის ევროპულ სახის ნაკვთებზე, ცისფერ თვალებსა და ჩაცმულობაზე. ვერასდროს ვერ იხილავთ ასე თანამედროვედ და თავისუფლად ჩაცმულ ქართველ მოხუცს. ცისფერ მოსასხამსა და ბოტასებში გამოწყობილი, იგი ამ ასაკშიც კი მომხიბვლელია თავისი ჭეშმარიტად ქალური სიკეკლუცის გამო.

ბებო ახლო-მახლო განთავსდა, და ერთი წამით მოგვანათა ცნობისმოყვარე ლურჯი თვალები, თუმცა შემდეგ გაახსენდა, რომ უცნობი ადამიანების თვალიერება მთლად ზრდილობიანი არ არის, ჩანთიდან ინგლისურენოვანი ბუკლეტი ამოიღო საქართველოზე და მის კითხვაში ჩაეფლო.

სრულიად ბანალური დებულება გვეუბნება, ადამიანი იქამდე არ ბერდება, სანამ თავად არ ჩათვლის თავს მოხუცად. საერთოდ, ახალგაზრდები ასეთ დაუწერელ კანონებს ცოტა აგდებულას ვუყურებთ, თუმცა ჩვენს ახლოს მჯდომი ბებო ამ აქსიომის თვალნათლივი ილუსტრაციაა.

Continue reading

ჩვენ ქართველები ვართ, ანუ რატომ გაილახა ხალხი თსუ-ში

მგონი ძალიან რთულად მოიძებნება ქართველებზე ამბიციური და პრეტენზიული ხალხი. ყოველთვის ვდებთ თავს ჩვენს ცივილიზებულობაზე, განთლებულობაზე, ე.წ. ”ევროპელობაზე” (სიმართლე გითხრათ, ამ სიტყვას იმდენად ხშირად ახსენებენ, რომ უკვე მაღიზიანებს), მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ძალიან ხშირად აღმოჩნდება, რომ აზროვნებითაც და მოქცევის კულტურითაც თანამედროვე მსოფლიოსგან დიდი უფსკრული გვმიჯნავს. არ ვიცი ამ უფსკრულს რა ვუწოდო, თუმცა ვხვდები, რომ იგი ერთგვარი ჯამია ყველა ჩვენი უარყოფითი თვისებისა. ”ფუ, ნახე რა შარვალი აცვია ამ დედამ***ნულს, უეჭველი პიდარასტია” -დან დაწყებული,  ”ფუ, მოუსმინე, ეს სოროსის დამქაშები რა ლაპარაკობენ” – ით დამთავრებული.

მრავალჯერ ითქვა და დაიწერა, თუ როგორ არ ვგუობთ ქართველები განსხვავებულ აზრს, პიროვნების ნებისმიერ გამოვლინებას, რომელიც ჩვენს (თუნდაც ვიწრო) ჩარჩოში არ თავსდება, ამიტომ ნამდვილად არ ვაპირებ ამ ყბადაღებული თემის განხილვას, მითუმეტეს რომ ვერაფერ ახალს ვერ მოგახსენებთ.

Continue reading

გორი = სტალინს (?)

ქალაქი გორი ალბათ, პირველ რიგში იმითაა განთქმული, რომ იქ იოსებ სტალინი დაიბადა.  გორელმა სოსომ სახელი  მთელ მსოფლიოში მოიხვეჭა. სხვა საქმეა, რამდენად დადებითი რეპუტაცია მოიპოვა და საერთოდ რის ხარჯზე, თუმცა ფაქტი კი ფაქტად რჩება – იოსებ ჯუღაშვილი აქამდე რჩება გორელთა სიამაყედ.

ამაზე თუნდაც მისი სახლმუზეუმი მეტყველებს, ქალაქის ცენტრში რომაა გაშლილი, დიდ გამწვანებულ პარკთან ერთად. პარკის და მისი მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა აქტიურად მიმდინარეობს, იქვე წამოჭიმულა ამხანაგ ჯუღაშვილის თეთრი ქანდაკება, და ძველისძველი მატარებლის მწვანე ვაგონი. ალბათ, თავის დროზე ასეთი ვაგონებით აციმბირებდნენ კომუნიზმის ბედოვლათ მსხვერპლებს. იმდენად აფრქვევს თავისი ეპოქის აურას, რომ ლამისაა ყურში ჩაგვესმას “Союз нерушимый…”  …

საინტერესო ისაა, რომ პარკში თითქმის ყველა სკამია აშლილი, თან ისე, მნახველს უთუოდ თბილისის სკამაძრობილი ავტობუსის გაჩერებები გაახსენდება. თუმცა მზრუნველი ხელი იქაურობას უკვე ეტყობა. შადრევნებისთვის განკუთვნილი, ცარიელი ბასეინები მორჩილად ელიან წყალს,  მწვანე, კოხტად გაკრეჭილი ბალახი ბიბინებს და ქარზე ტალღებივით ირწევა. პარკი სავსეა ბავშვებით, ჩანთები დაუყრიათ და მაიმუნებივით ხეებზე დაძვრებიან, თავის უდარდელობაში ჩაფლულები მათ შემყურეებს ოპტიმიზმს გვრიან. თბილისის პარკის მუდმივი სტუმრები – შეყვარებული წყვილები არსად ჩანან, შესაძლოა, ბაღში ”ზასაობის” წესი გორში ჯერ არ დამკვიდრებულა, ან საერთოდაც მამაჩემის დროინდელი წესი მოქმედებს – ” პარკში თუ გაივლიდი გოგოსთან ერთად და მერე ცოლად არ მოიყვანდი, ან მამამისი გცემდა, ან მაგის ძმა”.  ასეა თუ ისე, ორი მოხუცის გარდა, წყვილის მაგვარი ვერავინ შევნიშნეთ. პარკისგან ცოტა მოშორებით ქალაქის ცენტრალური გამზირია, თუმცა იქ საინტერესო ვერაფერი დავაფიქსირეთ – ხალხი, მანქანები, თბილისურ მოდაზე შეღებილი ძველი შენობები…

Continue reading

გორული სტუმარ-მასპინძლობა და 9 ბოთლი ღვინო

წინათ სტალინის მშობლიურ ქალაქ გორს ცხოვრებაში პირველად ვეწვიე. რაც მთავარია, ამ ვიზიტს მშვენიერი მიზეზი ქონდა – მეგობრის დადაბდების დღე, ასე რომ ”სუსუელთა ნაკრების” წევრები უკვე მერამდ გავემგზავრეთ ერთად.

ქალაქში რაიმე განსაკუთრებული კოლორიტი შევნიშნე თქო, ვერ ვიტყვი – ჩვეულებრივი, პატარა მყუდრო ქალაქია, ვიწრო ქუჩებით, რომლებსაც სახლებთან ერთად უამრავი ხე არტყია გარს. საერთოდ, ნაადრევი გაზაფხულის მიუხედავად, ქალაქს სიმწვანე არ აკლდა, ყოველ ფეხის ნაბიჯზე გაშლილა მაღალი, ფოთლებით დახუნძლული, დიდ-ტოტება ხეები, რომელთა შორისაც ალაგ-ალაგ ახლად გაფურჩქნული აყვავილებულიც ერია.

ამინდს, რაც შეეხება, იგი ძალზედ არასტუმართმოყვარე გახლდათ. როგორც კი მგზავრებმა ”მარშრუტკიდან” ფეხი გადმოვდგით ქარი, თითქოს ჩვენი ვიზიტით უკმაყოფილო ყოფილიყო, გადაწყვიტა ქალაქიდან ”გავეფრინეთ” და ნამდვილ გრიგალად იქცა. მოღრუბლული ცა შუბლშეკრულ დიასახლისს გავდა და აშკარად უნდოდა ”თავზე წყალი გადაესხა” ჩვენთვის.

Continue reading

ორი წელი ანუ ”სუსუ”-დან მაღლივამდე

ოჰ ეს სტუდენტობა. ქეიფის, დროსტარების, თავგადასავლების და ცხოვრებით ტკბობის ხანა. არ აქვს მნიშვნელობა სად სწავლობთ, თუნდაც ეს ჯავახიშვილის მაღლივი კორპუსი იყოს, მთავარია მეგობრებთან ერთად იყოთ.

სანამ ჩვენი თავგადასავლების შესახებ მოგითხრობდეთ, მგონი უმჯობესი იქნება მოკლედ ჩაგაყენოთ საქმის კურსში. ამჟამად მაღლივის სტუდენტი გახლავართ, თუმცა ის ჩემთვის უკვე მესამე უნივერსიტეტია. ალბათ ცოტა სტუდენტი გამოიძებნება, რომელმაც არასრული ორი კურსის განმავლობაში სამი უნივერსიტეტი გამოიცვალა, თუმცა მე, და კიდევ რამოდენიმე ამ იღბლიანთა რიხვს მივეკუთვნებით.

არ გაიცინოთ, მაგრამ პირველ სასწავლებეს ერქვა ”სუსუ”, (ახლა ამას ნუ გამაშიფრინებთ), სახელწოდებიდან გამომდინარე ხვდებით, რომ იქ დარჩენის დიდი სურვილი, მაინცდამაინც არ მექნებოდა, და თავიდანვე მთელი ძალებით ვცდილობდი იქიდან გადასვლას.  თუმცა, პირველ კურსის ბოლოსკენ, ბავშვების ერთმა ჯგუფმა გამონახა ბოლო-ბოლო საერთო ენა, და სრულყოფილ სტუდენტურ ცხოვრებაში შეაბიჯა. სტუნდეტური ცხოვრება კი, როგორც ზემოთ ვთქვი, ქეიფის, დროსტარების და თავგადასავლების გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია. მთელი საქართველო მოვიარეთ-თქო ვერ ვიტყვი,მაგრამ ბევრი საინტერესო ლაშქრობა მოვაწყვეთ, ბევრჯერ ვიქეიფეთ, მოკლედ დავმეგობრდით, და ერთმანეთისთვის იმ კატეგორიად ვიქეცით, რომელიც ფართო მასებში ”ჩემების” სახელით არის ცნობილი… სხვათაშორის, ჩვენი თავგადასავლები ორ მოთხრობაში მაქვს აღწერილი, და შეიძლება დროთა განმავლობაში ბლოგზე გამოვაქვეყნო კიდეც ისინი. Continue reading

მობოდიშებასავით

რით ვეღარ დათბა? – დარწმუნებული ვარ, ბევრი უსმევს საკუთარ თავს ამ კითხვას. აი, ასე ”ნაგლად” გვაწვალებს ამინდი.  შეიძლება მაგის გამოა, რაცხა ფორმინდა რომ ამოვვარდი ამ ბოლო დროს. ძალიან ცოტას ვწერ, რაც ნამდვილად არ მსიამოვნებს. იმედი მაქვს სულ მალე ჩვეულ რითმს დავუბრუნდები. მითუმეტეს რომ საწერი ბევრი დამიგროვდა.  მაღლივზე მათ შორის.  მოგითხრობთ, რითი გაქვს იგი გამომცემლობას ”ცისფერი მთებიდან” .   ასევე გორზე, სადაც ამ რამდენიმე დღის წინათ გახლდით.  არ მეგონა ამდენი კარგი ადგილი თუ იყო ამ ქალაქში.  მარტო ციხე რად ღირს…