მარკეტი ”ემულგატორი”

ალბათ ბევრ თქვენგანს ახსოვს დრო, როდესაც მაღაზიებში დავდიოთ და დედა ერთი პურის საყიდელ 50 თეთრს ძლივს აგროვებდა სახლში. ახლა ქალაქი წალეკა ეგრეთწოდებულმა მარკეტებმა, სუპერმარკეტებმა და თქვენ წარმოიდგინეთ მინისუპერმარკეტებმაც (?!) კი. მარკეტებში ასორტიმენტი და ფასები რა თქმა უნდა ბევრად დიდია, ვიდრე ჩვენი ბავშვობის დროს. კანფეტები, შოკოლადები, ხორცი, რძის პროდუქტები, ცომეული. რაც გინდა სულო და გულო! არადა ადრე, პურისა და ერთი გახუნებული სნიკერსის გარდა არც არაფერი არ იდო.

არ დავიწყებთ ეხლა უფულობაში ნაყიდი გახუნებული სნიკერსის სიტკბოს განხილვას, უბრლოდ გეტყვით, რომ მაღაზიები მოგვენატრა.

ისინი კი ნამდვილად სანთლითაა საძებნელი. ამის თქმას პირადი გამოცდილება გვაიძულებს. გვიპოვნია ერთი ორი, მაგრამ ცოტა ხანში ისინიც ”გაამარკეტეს”.  უგზოუკვლოდ…

თუმცა ბევრი მარკეტი გვინახავს, მაგრამ მათგან ვერც ერთი ვერ შეედრება მარკეტ ”ემულგატორს”. იგი ქალაქის ერთ არც ისე პრესტიჟულ რაიონშია განლაგებული.  ხის ძველი კარები და საღებავგადასული რუხი კედლები იმაზე მიუთითბს, რომ მარკეტმა დროის გამოცდას გაუძლო. კოპწია მხოლოდ თეთრი აბრაა, სადაც დიდი წითელი ასოებით აწერია ”მარკეტი E”. შემოსვლისთანავე ჩვენ ვგრძნობთ სპეციფიურ სუნს, რომელიც შმორისა და რაღაც იაფფასიანი სუნამოს საოცარ ნარევს წარმოადგენს. გაურკვეველია რას ან ვის ასდის ეს სუნი – ძველ ბელორუსიულ რკინის მაცივარს, რომელიც ახლადდაქოქილი ზაპოროჟეცივით ზუზუნებს, თუ 100 კილოგრამიან გამყიდველს, რომელიც არასდროს სცილდება სუდოკუებით გაძეძგილ ჟურნალს. თუმცა არც ისაა გამორიცხული რომ ეს სუნი უბრალოდ ამ ადგილის აურის შემადგენელ ნაწილად იქცა. იატაკზე ოდესღაც ალბათ პარკეტი იყო დაგებული, ახლა კი უბრალოდ ხის მართკუთხედებია დაყრილი, რომლებიც ყოველი ნაბიჯის შემდეგ საცოდავად წკმუტუნებენ. ჭერზე სხვადასხვა ფორმისა და ზომის მუქი ლაქებია. ვამჯობინებთ მათი წარმოშობის ისტორიას არ ჩავუღრმავდეთ და ექსკურსიას განვაგრძობთ. რაც უფრო ვაკვირდებით მარკეტს მით უფრო გვაგონებს იგი მიტოვებულ მუზეუმს. გრძელ რკინის დახლებს სადაც სხვადასხვა ექსპონატია გამოფენილი, შუშის თავსახურები აფარია. ექსპონატების გაცნობა ნებისმიერი მსურველისთვის უნდა იყოს ფრიად საინტერესო, განსაკუთრებით კი მაღაზიების მოყვარულებისთვის. გული გვითბება როცა ვხედავთ, რომ ჩვენი ბაშვობის საუკეთესო ტრადიციების შესაბამისად იქ გახუნებული სნკერსი დევს. ჩვენთვის ესეც საკმარისია, მაგრამ ეჭვიც არ გვეპარება, რომ ნებისმიერი დამკვირვებელი იპოვის აქ თავისთვის ღირებულ პროდუქციას.

ძველ ბელორუსიულ მაცივარში უამრავი სხვადასხვა რძის პროდუქტია, თან უმეტესად ბაზრის ვეტერანი.

პურები, ფუნთუშეული, რომელთა გასინჯვისას უთუოდ გაგახსენდებათ ცემენტი, ელის მყიდველს.

მოკლედ, დაგავიწყდება კაცს რომ მარკეტია. მეტიც, გამყიდველი აღიარებს, რომ გულის სიღრმეში ამ ადგილს მაღაზიად მიიჩნევს.

ჩვენ ოპტიმიზმს მხოლოდ ერთი გარემოება უქმნის საფრთხეს – მარკეტის სახელწოდება. სიტყვა ”ემულგატორი” ძალიან ცუდად ხვდება ყურში მაღაზიების თითოეულ მოყვარულს. გამყიდველს ვეკითხებით, რამ განაპირობა ესოდენ უცნაური დასახელება. იგი გულუბრყვილოდ იღიმის, და გვეუბნება, რომ ამ სიტყვას ცოტა ხნის წინ ტელევიზორში მოჰკრა ყური და მოეჩვენა რომ საკმაოდ ჟღერადია. არანაირი საკვები დანამატების შესახებ მას რა თქმა უნდა არ სმენია და იგი ძალიან შეურაცჰყოფილად გრძნობს თავს, როცა ვეუბნებით, რომ ზოგი ემულგატორი ჯანმრთელობისთვისაა მავნებელი, ზოგი კი საერთოდ კიბოს იწვევს.

ყველაფერში ამ ევროპას კი არ უნდა მივბაძოთო – გვეუბნება იგი და გვაიძულებს დავტოვოთ მარკეტად შენიღბული მაღაზია.

ემულგატორებისადმი და მარკეტებისადმი ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად, გულწრფელად ვუსურვებთ დღეგრძელობას მარკეტ ”ემულგატორს”…

 

Advertisements

5 responses

  1. მაზოხისტო… რას ნჳშნავს გენატრება მაღაზიები? გაჭირვება მოგენატრა? იცი რამდენი მაქვს აქ უბანში საწყალი, ადჟე, უსახელო მაღაზიები (გოგის ბუტკა და ა.შ) და ჩვეულებრივი წყალი მინდოდა (ბორჯომის წყალი) და არ ჰქონდათ 😦 ეჰ,

  2. ერთი ’ანტიკვარი’ მაღაზია ცემსუბანშიცაა,მაგრამ მაცივარს არაუშავს ამათთან,ახალია 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s