დღე რომელიც მთელ ცხოვრებაზე ძვირად ფასობს (ნაწ.1)

”მთავარი ის კი არაა, რას დაკარგავთ, მთავარია მერე რას იპოვით.”

უცნობი მოხუცი ქალი

რა უცნაურადაა ცხოვრება მოწყობილი. ხშირად, როდესაც ყველაფრის იმედი გადაგვეწურება და სადღაც ზღვის ფსკერზე სიბნელეში და სიჩუმეში განვისვენებთ, უცებ ვიღაცა თითქოს პროჟექტორით მოგვანათებს ხოლმე და მზის სხივის მსგავსად სინათლითა და სითბოთი უხვად დაგვაჯილდოვებს. დგება მომენტი, როცა ჩვენში ძველი ადამიანი იღუპება და ახალი იღვიძებს. ზუსტად ეს მომენტი ფასობს მთელ ცხოვრებაზე უფრო ძვირად…

***

ავლაბარში ვართ და სამებისკენ მივემართებით. მარტის მზიანი და ქარიანი დღეა. ქარი საკმაოდ ცივია, თუმცა ჩვენდამი მაინც კეთილადაა განწყობილი – ცა მთლიანად გაწმინდა ღრუბლებისგან. მხოლოდ ერთი თეთრი წერტილი მოჩანს -ახლადგამოჩენილი მთვარე.აღმართს მივყვებით და გარშემო ვიხედებით. ძველი თბილისის სუნი გვცემს. საღებავგადამძვრალი პატარა სახლები წარსულის ამსახველი ძეგლებივით ამშვენებს ქუჩებს. ჩვენს გარდა სამებისკენ მთელი პროცესია მიემართება, თუმცა სახლებს სხვა არავინ ათვალიერებს. მათ ერთი, კონკრეტული მიზეზი ამოძრავებთ, ჩვენ კი, გურმანები ვართ, და ვცდილობთ თითოეული წამისგან მივიღოთ მაქსიმალური სიამოვნება. და აი უკვე გამოჩნდა გრანდიოზული ნაგებობა. მის ფერებს, სვეტიცხოვლის მსგავსად, მხოლოდ კონსტანტინე გამსახურდია თუ აღწერდა, მე კი მხოლოდ იმას ავღნიშნავ, რა საოცრად გამოიყურება იგი უღრუბლო ლურჯი ცის ფონზე. იმდენად დიდი და თვალწარმტაცია, რომ ერთი შეხედვით, რთული დასაჯერებულია მისი ”ხელოვნურობა”, ამ სიტვყის სრული მნიშვნელობით ციდან ჩამოვარდნილს გავს, ერთგვარ მოოქროვილ ღვთის საჩუქარს…

მაგრამ საკმარისია ფილოსოფია, მითუმეტეს რომ სამების შეფასება სულიერი კუთხით ნამდვილად არაა ჩვენი საქმე, და ისღა დაგვრჩენია ვიზუალური სილამაზით ტკბობას დავჯერდეთ. მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხია მიმოფენელი. ზოგი უბრალოდ ”აბირჟავებს”, ზოგი შედის ტაძარში, ზოგი გამოდის იქიდან. ბევრი ბავშვია, ბევრი მოხუცი, და ბევრი წყვილი, რომელიც დაძრწის მყუდრო ადგილის პოვნის ამაო იმედით შეპყრობილი. შორს, ძალიან შორს, მოჩანს ნისლში გახვეული ჭაღარა მდუმარე მთები, მათ ჯერ არ შეხებიათ გაზაფხული და მგონი არც სამების დიდებაზე სმენიათ რამე, განდეგილთა მსგავსად ისინი საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობენ, და მხოლოდ შორიდან აკვირდებიან განვითარებულ მოვლენებს. მათ მსგავსად ჩუმი ფილოსოფოსები ვარსკვლავებიც არიან, მაგრამ ამაზე მოგვიანებით… პატარა აუზში გედები დაცურავენ, და ბავშვების აღტაცებულ მზერებს დიდი ხნით იპყრობენ. ცოტა ქვემოთ მოწყალების მომლოდინე გაჭირვებულები ზიან და ბავშვებს სევდიანად უყურებენ… დრო გვეთამაშება როგორც მსგავს მომენტებში ჩვევია ხოლმე, და აი უკვე ორი საათია სამების მიმდებარე ტერიტორიაზე ვართ. ტაძარში ერთი აბსურდული მიზეზით ვერ შევდივართ – გოგო ხომ შარვალშია. უკვე წასასვლელად ვართ გამზადებული, მაგრამ უცებ ირკვევა, რომ საყურე დაგვეკარგა. მის ძიებაში, ლამის მთელი სამება შემოვიარეთ, თუმცა უშედეგოდ. სხვა რა დაგვრჩა, ვნედბებით და გარეთ გავდივართ. ”დამეხმარეთ ახალგაზრდებო” -მოგვმართავს წელში მოხრილი სახედანაოჭებული ქალი. იგი სამფეხა სკამზე ზის და ჩამქრალ თვალებს არ გვაცილებს. ჯიბეებში ვიქექებით და ხურდას ვუყრით. მის გაყინულ სახეზე, უცებ ღიმილი ჩნდება.

”თვალს კი მაკლია, ბავშვებო, მაგრამ ყური ჯერ კიდევ მიჭრის – მოგვმართავს იგი – ჰოდა, გავიგონე, რომ საყურე დაგიკარგვათ. იცით, უკვე 80 წელზე მეტია, რაც სული მიდგას, ჰოდა თქვენთვის დანამდვილებით მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია -მთავარი ის კი არაა, რას დაკარგავთ, მთავარია მერე რას იპოვით. ასე რომ გულს ნუ დაიწყვიტავთ… დამეხმარეთ რა” – დაუძახა უცებ მოხუცმა სამებიდან გამოსულ მორიგ წყვილს. თავგადასვლების ძიებით შეპყრობილებმა გზა განვაგრძეთ, თუმცა ქალის სიტყვები ორივეს  მოგვხვდა გულზე და დაგვაფიქრა…

გაგრძელება შემდეგ პოსტში…

სურათებისთვის, ტრადიციულად, მადლობა marg0ritaს

Advertisements

9 responses

  1. “”მთავარი ის კი არაა, რას დაკარგავთ, მთავარია მერე რას იპოვით.” ” >> ეს ფრაზა ყველაფრის თავი და ბოლო იყო :)) ❤

  2. სიამოვნებით ჩავიკითხე ბოლომდე, კარგად გიწერია ძალიან. marg0rita-ს ჩემი მადლობაც, ასეთი ლამაზი კადრებისთვის 🙂

  3. Pingback: დღე რომელიც მთელ ცხოვრებაზე ძვირად ფასობს (ნაწ.2) « გაფუჭებული შუქნიშნების ქალაქი

  4. ძალიან,ძალიან მომეწონა! ისე კარგად წერ…გემჩნევა ძალიან ემოციური ხარ და ყველაფერს მთელი გულით გრძნობ…შეიძლება ვიღაცისთვის ეს უმნიშვნელო იყოს ,მაგრამ შენზე დიდი გავლენა მოახდინა..მეც ასე ვარ..ერთი შეხედვით ,,უმნიშვნელო”მოვლენები ძლიერ მოქმედებს ჩემზე,ხშირად მაქვს ცხოვრებაში ,,დღეები , რომელიც მთელ ცხოვრებაზე ძვირად ფასობს”…ცხოვრება ვფიქრობ სწორედ ასეთი დღეებით იკინძება … 🙂
    ”მთავარი ის კი არაა, რას დაკარგავთ, მთავარია მერე რას იპოვით.”..გენიალურია! 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s