ცხოვრებისეული პოსტი ანუ როგორ გავხდი ოცი წლის

დღეს ჩემი მეოცე დაბადების დღეა.  იუბილე და თითქოს მნიშვნელოვანი თარიღი. რაღა დაგიმალოთ და,  სულაც არ ვგრძნობ რომ მნიშვნელოვანია. არა, ნამდვილად არ გენვეკუთვნები იმ ადამიანთა რიცხვს, საკუთარ დაბადების დღეს ნეგატიურად რომ აღიქვამენ, ან ბოღმით აღსავსენი ხვდებიან. პირიქით, ჩემი ეგოიზმიდან გამომდინარე ძალიან მსიამოვნებს მილოცვების მიღება და სხვების მიერ გამოხატული სითბოთი ტკბობა. დაბადების დღის მოლოცვა ერთგვარი ხაზგასმაა იმისა, რომ ადამიანისთვის მთლად სულ ერთი არაა შენი დაბადება და შენი არსებობა უხარია…

ჰოდა, წელს დიდად არ მიხარია თქო ვამბობდი. არადა ძიმე ეტაპები უკან მოვიტოვე, და იმ ჯანდაბიდანაც გამოვძვერი , რომელშიც მგონი მივექანებოდი…

ცხოვრება დღითი-დღე გვამარაგებს გაკვეთილებით, რაღაცით ლექტორს გავს, და რაც უფრო ყურადღებიანად მოუსმენ იდეაში მით უფრო გაგიადვილდება მასთან შეწყობა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლექცია მოლოდინს ეხება.  ყოველთვის ფრიად რთული დილემიც წინაშე ვდგავართ. როდესაც რაღაცას ძალიან ძალიან ველოდებით, და შემდგომში ამას ვიღებთ, სიხარული უსაზღვროა, ბომბის აფეთქებას გავს, და მთლიანად წაგვლეკავს ხოლმე. მაგრამ როდესაც არ აგვიხდება, რაღა თქმა უნდა, სრულიად საპირისპირო გრძნობა გვეუფლება. აფეთქებად ქცეული დარდი, ყველა დანარჩენს ემოციას შთანთქავს და ხშირად დეპრესიის უდაბნოში მოგვისროლებს ხოლმე.

არსებობს სხვა ვარიანტიც – ემოციების მოთოკვა.  ამ  შემთხვევაში სიხარულიცა და გაწბილებაც შედარებით სუსტია და მგონი არც რაიმე გაგრძელება ახლავს თან.

რომელი ჯობია – ჯეკპოტი თუ მოკრძალებული პრიზი? ღიირს კი გარისკვა? ვაი თუ ჯეკპოტი ვერ მოიგე და სახლის გარეშე დარჩე? ხომ არ ჯობია, ცოტა დადო, ბევრი რომ არ გქონდეს დასაკარგი?

პირადად მე არ მაქვს ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი. ის კი ვიცი, რომ წაგებასაც და გამარჯვებასაც გულგრილად ვერ შევხედავ. თუმცა იმასაც ვხვდები, რომ არ მინდა გაწბილებული დავრჩე, და ჩემს მომდევნო დაბადების დღესაც დაგრუზული ვიყო… ცხოვრებამ ლექცია წამიკითხა, დასკვნების გამოტანა და მასალის მომზადება კი ჩემთვის მოუნდია…

Continue reading

ნახატი

ცა დიდოსტატის ნახატს გავს. ალაგ-ალაგ მოჩანს ჰაეროვანი, თითქოს მიქსერით ათქვეფილი ღრუბლები. მზე ასრულებს თავის ყოველდღიურ მარშრუტს, და წასასვლელად ემზადება. მისი რბილი და თბილი სხივები დროებით ემშვიდობება ქალაქს. თოვლით დაფარული მთები  სიხარულისგან ბზინვარებს, რადგანაც სულ ცოტა ხანში შეიფარებს დაღლილ მნათობს.  მწუხრი ჯერ არ დამდგარა, მაგრამ დღეც არ დასრულებულა. მტრედისფერი ცა, მზე, მთები და მათ შორის გაჭიმული ქალაქი გვაფიქრებს, რომ მხატვარს საკმაოდ დიდი პალიტრა ეჭირა ხელში.

უცებ ეს ჰარმონიული სტატიკურობა ირღვევა და ჩვენ ვხედავთ რომ მან კვლავ მოიმარჯვა მოლბერი.  თუმცა  როგორც ირკვევა მოლბერი კი არა, არამედ თეთრი ფანქარი და სახაზავი. გეომტრიული სიზუსტით სწორი ხაზი კვეთს ნახატს, შემდეგ კი ნელ-ნელა იფანტება და უფერულდება.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ნახატი არასდროს მიიღებს დასრულებულ სახეს. მხატვარი გაამუქებს მას, ან გაათეთრებს, მაგრამ სავარაუდოდ იგი არასდროს არაა შედეგით კმაყოფილი. რაღაცით ბავშვს გაქვს, რომელიც ფურცელზე ხატავს ფლომასტერებით და გამუდმებით ამარაგებს მას ახალ-ახალი დეტალებით. ასეა ჩვენი მხატვარიც, იგი დახატავს მზეს, გაალურჯებს ცას, შემდეგ დაყრის მასზე ვარსკვლავებს, და მანამ, სანამ არ მოსწყინდება ეს საქმიანობა, წყვილები მუდამ იმედით აიხედებიან ცაში…

 

ძლევაი საკვირველი და კომენტატორის ინფარქტი

2011 წლის 26 მარტს თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის თამაში მიმნდირაოებდა. ერთმანეთს საქართელოს მრავალგზის ნატანჯი ნაკრები და ხორვატია დაუპისპირდნენ. თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, და ჩვენების დრამატული მინიმალური გამარჯვებით დასრულდა. ეს ყოველივე, რა თქმა უნდა მშვენივრად მოგეხსენებათ.

ამ გამარჯვებაზე მთელი საქართველო გუგუნებს. ახალ ამბებში, ქუჩებში, ტრანსპორტში, დარწმუნებული ვარ, ხვალ ამაზე მაღლივშიც კი ილაპარაკებენ.

მე პირადად ამ სანახაობის მომსწრე გახლდით. უნდა ითქვას რომ ამ საღამოს ფეხბურთელების დარად ქართველი გულშემატკივრებიც გულმოდგინედ გაისარჯნენ, ისინი მხურვალედ ქომაგობდნენ ჩვენებს, არ იშურებდნენ გინებას მოწინაღმდეგისა და მსაჯის მიმართ, ხოლო როდესაც ლევან კობიაშვილმა თამაშის მიწურულს არც თუ ისე ეფექტური დარტყმით დალაშქრა სტუმართა კარი, 60 ათასმა ადამიანმა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით  ემოციური ორგაზმი განიცადა. ყველაფერი დაავიწყდათ გარდა გოლისა, ამ მომენტში მსოფლიოში არაფერი არ არსებოდა ბადეში გახვეული ბურთისა და მოზეიმე ქართველების გარდა.

გატანილი გოლის შემდეგ საქართველოს ნაკრები, როგორც მოსალოდნელი იყო საკუთარ ნახევარზე ჩაიკეტა და კინაღამ დაისაჯა კიდეც, თუმცა იღბალიც, როგორც ჩანს ჩვენს მხარეს იყო, და ნუკრი რევიშვილმაც ნამდვილად ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა.

საფინალო სასტვენმა ქომაგებსა და ფეხბურთელებს კიდევ ერთი ორგაზმი აჩუქა.

Continue reading

წარსულ დროში გადაყვანილები

ღალატი – ვინმეს მიმართ ერთგულების დარღვევა ან საკუთარი ვალის არ მოხდა.

ალბათ ყველას გამოგვიცდია, როგორია როცა ახლო ადამიანი გვღალატობს. ეხლა მაინცდამაინც იმას კი არ ვგულისხმობ რომ ლოგინში ჩაუხტა ვინმეს (თუმცა ამასაც). მას შემდეგ რაც კაენმა უღალატა აბელს, ადამინები ერთმანეთს ღალატობენ. იუდამ უღალატა ქრისტეს, ბრუტუსმა უღალატა იულიუს კეისარს და ასე შემდეგ.

ალბათ ჩვენი ეგოიზმის ბრალია, მაგრამ საყვარელი ადამიანის მხრიდან ღალატი ბევრად უფრო რთული გადასატანია ვიდრე მისი სიკვდილი. როდესაც საყვარელი ადამიანი იღუპება, ჩვენ ამას  განვიცდით, მის გახსენებაზე გული გვტკივა და სითბოთი გვევსება, ჩვენს ცნობიერებაში იგი ლამის იდეალამდე დაგვყავს და მხოლოდ კარგი გვახსენდება. მაგრამ როდესაც საყვარელ ადამიანს იმის გამო ვკარგავთ, რომ მან გვიღალატა, აქ უკვე სრულიად საპირისპირო გრძნობები გვეუფლება.

Continue reading

თხის რქა ანუ რა სარგებლობა მოაქვს ლექციაზე ჯდომას

დღეს ლექციიდან, უფრო სწორედ სემინარიდან,  დამძიმებული თავით გამოვედი. მსოფლიო ეკონომიკა ფრიად მოსაწყენი რამ ყოფილა. თავს ვერ დავდებ, ბუღალტერიაზე უარესია თქო, თუმცა თავისი თვალსაჩინო მინუსები გააჩნია. ეხლა იფიქრებთ, ზარმაცი ადამიანის დაწერილია, შე დალოცვილო, სწავლა თუ არ გინდა სხვებს რაღას აბრალებო. ნაწილობრივ დაგეთანხმებით რაც არ უნდა ვეცადო,  ეკონომიური ფაკულტეტის საგნების შესწავლისგან ვერანაირ სიამოვნებას და მორალურ კმაყოფილებას ვერ მივიღებ…

მგონი ლექტორის ვალდებულებაა სტუდენტებს ერთგვარი ენთუზიაზმი შთაბეროს მისი საგნის შესასწავლად. მე კი (ნუ მიწყენენ ლექტორები) მხოლოდ იმას ვამჩნევ, რომ მოვალეობის მოხდის მიზნით გვასწავლიან, და ამ მეტად მნიშვნელოვან პროცესში სულს და გულს არ აქსოვენ.

მოკლედ, აღარ ვაპირებ მათ განსჯას, ბოლო-ბოლო სულაც არ ვარ ამ საკითხში კომპეტენტური, და მთავარ სათქმელს დავუბრუდებით.

Continue reading

ოჰ ეს მთვარე, ანუ აპოკალიფსს გადარჩენილის პოსტი

19 მარტს ბევრი გლობალურ კატაკლიზმებს გვიქადაა. აქაოდა, მაგრად დაგვერხევა და ათასი უბედურება დაგვატყდება თავსო. მიწისძვრები, ვულკანების მოაფრქვევები და სხვა მრავალი აპოკალიფსისასთვის დამახასიათებელი მოვლენა მოსვენებას არ აძლევდა მავან მეცნიერებს და საერთოდ პანიკას აყოლილ უბრალო მოქალაქეებს. და აი 19 მარტმა (ყოველ შემთხვევაში თბილისში) უექსცესოდ ჩაიარა და პირადად მე საერთოდ არ მიგრძვნია ან შემიმჩნევნია რაიმე განსაკუთრებული.

გაზაფხულის ოდნავ მოღრუბლული და წყნარი საღამო მოდიოდა. რა ჯობია ასეთ დროს სეირნობას? ჰოდა ვსეირნობდით. უცებ გაგვახსენდა, რომ 19 მარტია და რაიმე განსაკუთრებულის ძიებაში ცას ავხედეთ.

მუქ ღრუბლებს შორის შარავანდედივით კაშკაშა დიდი მთვარე მიცურვადა. იმდენად არაამქვეყნიური და წმინდა იყო, რომ მზად ვიყავი მის ადგილას ღვთისმშობელი დამენახა რომელსაც ხელში ჩვილი იესო ეკავა. (ბანალურობისთვის მომიტევეთ, მაგრამ მართლა მსგავსი ასოციაცია გამიჩნდა). ასეთი სიწმინდის ხილვა მართლაც მხოლოდ ცაში თუა შესაძლებელი. შეიძება ეს ყველაფერი წარმოსახვის ბრალია, მაგრამ მთვარე რომ განსაკუთრებული იყო, ამას წყალი არ გაუვა.

თავად აპოკალიფსის უგუველყოფას გავდა. თითქოს გვეუბნებოდა – რა კატაკლიზმები, რის კატაკლიზმები, ასე ახლოს მოვიწიე მხოლოდ იმისთვის რომ უკეთ დაგენახოთო.

შეუძლებელია მის მაყურებელს ამაღლებული განწყობა არ დაუფლებოდა და ყველაფერი არ დავიწყებოდა.

ოჰ, ეს მთვარე…

მარკეტი ”ემულგატორი”

ალბათ ბევრ თქვენგანს ახსოვს დრო, როდესაც მაღაზიებში დავდიოთ და დედა ერთი პურის საყიდელ 50 თეთრს ძლივს აგროვებდა სახლში. ახლა ქალაქი წალეკა ეგრეთწოდებულმა მარკეტებმა, სუპერმარკეტებმა და თქვენ წარმოიდგინეთ მინისუპერმარკეტებმაც (?!) კი. მარკეტებში ასორტიმენტი და ფასები რა თქმა უნდა ბევრად დიდია, ვიდრე ჩვენი ბავშვობის დროს. კანფეტები, შოკოლადები, ხორცი, რძის პროდუქტები, ცომეული. რაც გინდა სულო და გულო! არადა ადრე, პურისა და ერთი გახუნებული სნიკერსის გარდა არც არაფერი არ იდო.

არ დავიწყებთ ეხლა უფულობაში ნაყიდი გახუნებული სნიკერსის სიტკბოს განხილვას, უბრლოდ გეტყვით, რომ მაღაზიები მოგვენატრა.

ისინი კი ნამდვილად სანთლითაა საძებნელი. ამის თქმას პირადი გამოცდილება გვაიძულებს. გვიპოვნია ერთი ორი, მაგრამ ცოტა ხანში ისინიც ”გაამარკეტეს”.  უგზოუკვლოდ…

თუმცა ბევრი მარკეტი გვინახავს, მაგრამ მათგან ვერც ერთი ვერ შეედრება მარკეტ ”ემულგატორს”. იგი ქალაქის ერთ არც ისე პრესტიჟულ რაიონშია განლაგებული.  ხის ძველი კარები და საღებავგადასული რუხი კედლები იმაზე მიუთითბს, რომ მარკეტმა დროის გამოცდას გაუძლო. კოპწია მხოლოდ თეთრი აბრაა, სადაც დიდი წითელი ასოებით აწერია ”მარკეტი E”. შემოსვლისთანავე ჩვენ ვგრძნობთ სპეციფიურ სუნს, რომელიც შმორისა და რაღაც იაფფასიანი სუნამოს საოცარ ნარევს წარმოადგენს. გაურკვეველია რას ან ვის ასდის ეს სუნი – ძველ ბელორუსიულ რკინის მაცივარს, რომელიც ახლადდაქოქილი ზაპოროჟეცივით ზუზუნებს, თუ 100 კილოგრამიან გამყიდველს, რომელიც არასდროს სცილდება სუდოკუებით გაძეძგილ ჟურნალს. თუმცა არც ისაა გამორიცხული რომ ეს სუნი უბრალოდ ამ ადგილის აურის შემადგენელ ნაწილად იქცა. იატაკზე ოდესღაც ალბათ პარკეტი იყო დაგებული, ახლა კი უბრალოდ ხის მართკუთხედებია დაყრილი, რომლებიც ყოველი ნაბიჯის შემდეგ საცოდავად წკმუტუნებენ. ჭერზე სხვადასხვა ფორმისა და ზომის მუქი ლაქებია. ვამჯობინებთ მათი წარმოშობის ისტორიას არ ჩავუღრმავდეთ და ექსკურსიას განვაგრძობთ. რაც უფრო ვაკვირდებით მარკეტს მით უფრო გვაგონებს იგი მიტოვებულ მუზეუმს. გრძელ რკინის დახლებს სადაც სხვადასხვა ექსპონატია გამოფენილი, შუშის თავსახურები აფარია. ექსპონატების გაცნობა ნებისმიერი მსურველისთვის უნდა იყოს ფრიად საინტერესო, განსაკუთრებით კი მაღაზიების მოყვარულებისთვის. გული გვითბება როცა ვხედავთ, რომ ჩვენი ბაშვობის საუკეთესო ტრადიციების შესაბამისად იქ გახუნებული სნკერსი დევს. ჩვენთვის ესეც საკმარისია, მაგრამ ეჭვიც არ გვეპარება, რომ ნებისმიერი დამკვირვებელი იპოვის აქ თავისთვის ღირებულ პროდუქციას.

Continue reading

საქართველო და მსოფლიო, ანუ ვინ ”უქნა თავზე” იაპონიას

ამ ბოლო დროს ჩემი თავგადასავლების თხრობით იმდენად ვიყავი გატაცებული, რომ საქართველოსა და მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებზე დაწერა ვეღარ მოვახერხე. სათქმელი კი ბევრი დამიგროვდა.

რა უცნაურადაა მოწყობილი სამყარო – მაშინ, როდესაც იაპონიას საშინელი მიწისძვრა დაატყდა თავს, რასაც შემდგომ ატომური ელექტროსადგურის აფეთქება და რადიაციის გაჟონვა მოჰყვა, ქართული საზოგადოება საკუთარ IQსა და წიგნიერების დონეზე ცხარედ კამათობდა. იაპონელი ხალხი დაღუპულებს მისტიროდა, ჩვენ კი – განათლების სისტემის უვარგისობას და მედიის არაპროფესიონალიზმს.

როგორც ერთ, ისე მეორე თემას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ მედიაში. ყველა თანაუგრძნობდა იაპონიას და გმობდა ტელეკომპანია ”იმედს”. ჰოდა ამ დროს, როცა ყველას პირზე ფუკუშიმას რეაქტორი და ფეკალიების მოყვარული თხუნელა ეკერა, თავი ჩვენმა სამღვდელოებამაც გამოყო. ანტიკლერიკალიზმში ნუ ჩამითვლით, ვცდილობ შეძლებისდაგვარად პატივი ვცე ყოველ რეილიგიას, შეხედულებას და ა.შ., მაგრამ იმან რაც მოვისმინე, ეჭვი გამიჩინა ამ ადამიანის და იმ ადამიანების შეურაცხადობაში ვინც ”ქადაგების” წაკითხვის საშუალებას აძლევს.

ეს (მომიტევეთ ამ სიტყვისთვის) ინდივიდი იაპონიას დამტყდარ უბედურებას ამ ერის ზნედაცემულობას და მათში ქალწულების ნაკლებობას აბრალდებდა, ასევე აღნიშნავდა, რომ ეს დამსახურებული ღვთის  სასჯელია.

Continue reading

დღე რომელიც მთელ ცხოვრებაზე ძვირად ფასობს (ნაწ.3)

ნაწილი 2

ვარკვლავების გარემოცვაში ვართ. განათებული ღამის თბილისი უკიდეგანო კოსმოსს გავს. სახლები და ლამპიონები ვარკვლავებია, ხოლო მანაქანები, რომლებიც ყრუ გრუხუნით დაქრიან – კომეტები. ზემოთაც იგივე სურათია, მაგრამ როგორც ნოდარ დუმბაძეს ”მზიან ღამეში” უწერია – ”მე აღარ ვიყავი მარტო ამ ვარსკვლავების უსაშველო ორომტრიალში”.

ღამით ხეტიალი, როგორც ყველა რომანტიკოსს, ძალიან მიყვარს. მაგრამ პირადად მე ღამე, ვერასდროს შემიცვლის დღეს, თბილს და წყნარს, ლურჯ, ზღვის მაგვარ ცას და რა  თქმა უნდა მზეს. არასდროს დაფიქრებულხართ, ღამე ჩვენს გარშემო სინათლის რამდენი წყაროს ვხედავთ, და რამდენი რამ, როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნური, ცდილობს რომ გაანათოს, მაგრამ ვერც ერთი – ვერც ლამპიონი, ვერც პროჟექტორი, ვერც ვარსკვლავი და ვერც მთვარე ახლოსაც ვერ მიდის მზესთან. ჩვენთვის, დედამიწის მცხოვრებთათვის, მზე შეუცვლელია…

მაგრამ ეს ღამე… ვიცი დუმბაძისთვის ”მზიანი ღამის” ძირითადი აზრი პატიებაში და სიძულვილისგან გაწმენდაში იყო, მაგრამ ჩვენ ორისთვის ის ღამე ცოტა სხვანაირად იყო მზიანი. წეღან ვახსენე ეს ციური სხეული, შეუცვლელია თქო. მაგრამ რა ხდება, როცა ”მზე” აღარაა ცაზე, როდესაც იგი დედამიწაზე ჩამოდის? აქ სულაც არ ვგულისხმობ, ადამიანის მზესთან გაიგივებას, სხვათაშორის მეტად გაცვეთილ და ხშირს შემთხვევებში მეტად ყალბ მეთოდს,  უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ორივე თითქოს მზის შუქსა და სითბოს ვგრძნობდით ”ამ ვარკსვლავების უსაშველო ორომტრიალში”.

Continue reading

დღე რომელიც მთელ ცხოვრებაზე ძვირად ფასობს (ნაწ.2)

ნაწილი 1

***

დღე ნელა-ნელა დასასრულს უახლოვდება და მწუხრიც შეუმჩნევლად მოიპარება. ხელიხელჩაკიდებულები დაღმართს მივყვებით და ძველ, სახებავგადამძვრალ სახლებს სურათებს ვუღებთ. ისინიც თითქოს პოზირებენ და  ცდილობენ კარგად მოხვდნენ  კადრში. თუმცა სახლებიც, გამვლელებიც, ცვალებადი ცაც და მთვარეც თითქოს ერთგვარი დეკორაციაა, და ჩვენთვის მხოლოდ ერთგვარი დამატებაა. ურთიერთკბობა საოცარი რამაა. ასეთ დროს ადამიანები ვაკუუმში აღმოჩნდებიან ხოლმე, ოღონდ სასიამოვნო ვაკუუმში. მარტივად რომ ვთქვათ ერთ საერთო აკვარიუმში ყოფენ  თავს და ერთად ათვალიერებენ პატარა ოქროს თევზებს…

ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ თავდაპირველად ვერ ვამჩნევთ წელში მოხრილ, წვერგაუპარსავ და ელამ კაცს, რომელიც დაჟინებით გვეძახის.

”თქვენი ჭირიმე, ჩასვლაში დამეხმარეთ რა. ძალიან დავითვერი, და ვერ მივდივარ ჩემით. რამდენი ხანია ვდგავარ ასე და კაციშვილი ყურადღებას არ მაქცევს” – ამბობს კაცი, თან ენა სასტიკად ებლანდება, თითქოს პირში არ ეტევაო.

-დავეხმაროთ რა – ამბობს გულჩვილი მანდილოსანი, და უნდა ვაღიარო, გულის აჩუყების მიზეზი ნამდვილად ჰქონდა.

წარმოიდგინეთ, ადამიანი, რომელსაც არ ყავს მეგობრები, ცოლი, ბავშვები, სამსახური, რომელიც ცხოვრობს მარტო,  დედასთან ერთად და მხოლოდ დათრობისას, ცოტა ხნით მაინც ივიწყებს, რა ფუჭად გაატარა მთელი ცხოვრება. ნამდვილად  ვერ დავიკვეხნი, მაგარი ფიზიონომისტი ვარ თქო, მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად ნათლად ეწერა სახეზე, რომ სამებასთან მსხდომი, თითქმის უსინათლო ფილოსოფოსი ქალიც კი შენიშნავდა. Continue reading