მომღიმართა ოჯახი

ამას წინათ მომღიმართა ოჯახის სტუმრები გახლდით. ისინი თბილისის ერთ-ერთ მოშორებულ რაიონში ცხოვრობენ, მაღალ ვარდისფერ კორპუსში. სახლის გარშემო  მოვლილი მწვანე ბუჩქებია, კეთილმოწყობილ საბავშვო მოედანზე კი პატარები დანავარდობენ. მეშვიდე სართულზე ავდივართ და სქელ რკინის კარს ვაღებთ. მოსაცდელში ყურებამდე გაღიმებული დიასახლისი გვეგებება.  ”ფეხზე გაიხადეთ, ბავშვებო” – გვეუბნება იგი და დივნებით მოფენილ სტუმრების ოთახში მივყავართ. ოთახი ნათელ ფერებშია მოწყობილი. თეთრი დივნები თითქოს გვეპატიჟება -” დაბრძანდითო”, შავი კვადრატული ბალიშები კი ზედ კეკლუცადაა დაგდებული. შუშის დიდი ჭაღიდან ჩამოსული სინათლე ერთდოულად სიმშვიდესა და სილამაზეს სძენს ამ ადგილს.

მომღიმარ დიასახლისს დიდი ლანგარი შემოაქვს – ზედ პეჩენია, სხვადასხვა ტკბილეული და ჩაი აწყვია. ამ ყველაფერს იგი პატარა მრგვალ საჟურნალე მაგიდაზე ალაგებს და თვითონ ახალგაზრდულად რბილ სავარძელში სკუპდება, აი გოგოებმა რომ ქვეშ ფეხის ამოკეცვა იციან. მისი მომღიმარი ქალიშვილი ჩემს გვერდით ზის და დედას აღფროთოვანებითა და სიყვარულით სავსე მზერას ვერ აცილებს. ბავშვები მოპირდაპირე დივანზე ვართ ჩამწკვრივებულები, ტკბილეულს და რატომღაც შაქარნარევ ჩაის შევექცევით, დიასახლისი კი საუბრით გვართობს. გვიყვება ბინის ინტერიერზე, რა რთულია ჩვენს დროში კარგი დიზაინერის პოვნა, რამდენი იწვალა სანამ შესაფერისი სამზარეულო აარჩია და ასე შემდეგ. ჩვენ ზრდილობიანად ვუსმენთ. შემდეგ სასაუბრო თემა ნელ-ნელა იცვლება და ახლა უკვე ”თქვენი თაობაა” განხილვის საგანი. 16 წლის ასაკში გათხოვებულა დიასახლისიც და ბებიამისიც, რა თქმა უნდა მოტაცების შედეგად. ყველაზე მეტად იმის ეშინოდა თურმე, ქალიშვილსაც მათი ბედი არ გაეზიარა. ამიტომაც დააშორა თავის დროზე შეყვარებულს. ”ბავშვი თუ არ გააკონტროლე, მაგის წერილები არ იკითხე, ტელეფონზე არ მოუსმინე, და თავის ჭკუაზე მიუშვი, ისეთ ამბებს დაატრიალებს, მტრისას!”.

”გახსოვს, შუბლი რომ გაგიტეხე?”- მოსიყვარულე ხმით კითხულობს დედა – “ვაი, და ბებიაშენს რომ ვუმალავდი” – ტკბილი ღიმილით აყოლებსი გი.

-ჰო დედიკო – პასუხობს გოგო – თავის დროზე ჩემთვის რომ არ დაგერტყა, ნამდვილად ვერ ვისწავლიდი უფროსების პატისვისცემას და ხალხში მოქცევას. ალბათ იმ დეგენერატსაც გავყვებოდი ცოლად.

ამ დროს შემოსასვლელი კარის ჭრაჭუნი ისმის. ”მამიკო მოსულა” – დაიყვირა ქალიშვილმა და წამოხტა. ოთახში მაღალი და ახლადგამელოტებული თმაჭაღარა კაცი შემოდის. სახე სერიოზული და დაღვრემილი აქვს. დიდი წარბები გრძელ ცხვირზე ხვდება ერთმანეთს. ხელში პალტო და მანქანის გასაღები უჭირავს.

”მამა, გაიცანი, ეს ჩემი მეგობრები არიან” – ამბობს მომღიმარი გოგო.

”გამარჯობათ ბიჭებო, ბევრი მსმენია თქვენზე!”  – ამობს მამა და ცდილობს თავის გაყინულ სახეზე ღიმილი გამოსახოს. სათითაოდ ხელი ჩამოგვართვა და სავარძელში დაეშვა. ”რა არის ქალო, პეჩენიები რომ გამოუტანე. ეგაა კაცების საქმე? ღვინო ვერ დაუდგი? ან ის ხორცი ტყუილად დევს მაცივარში?”

რა თქმა უნდა ჩვენ ხმას ვიმაღლებთ და ვთხვოვთ არ შეწუხდეს, თუმცა იგი ყურსაც არ იბერტყავს და ცოლს სამზარეულოში აგდებს.

ცოტა ხანში უკვე სუფრას ვუსხედვართ და სიყვარულის სადღეგრძელოს ვსვამთ.

”იცით, ბიძიებო, ნამდვილი სიყვარული ცხოვრებაში ერთხელ მოდის, და იგი არაფრის დიდებით არ უნდა  გაუშვა ხელიდან, თორე მერე მთელი ცხოვრება გაგყვებათ დარდათ. არც ვინმეს უნდა დაუჯეროთ და არც უნდა აჰყვეთ.” – ამბობს ოჯახის უფროსი და ჭიქას ცლის.

დიასახლისი სუფრაზე დაფუსფუსებს და ჩვენ ვხედავთ რომ მისი ღიმილი სადღაც გაპარულა…

კარგად რომ შევზარხოშდით და დასაშლელად გავემზადეთ, უფროსმა ათჯერ გვკითხა ყველას ტაქსის ფული თუ გაქვთო. სიმთვრალეში ეტყობა დაავიწყდა რომ მკაცრი უნდა იყოს, და მისი თვალები მამობრივი სითბოთი იყო აღსავსე.

ლიფტს რომ ველოდებით მისმა ცოლმა გაგვიღიმა და გვკითხა: ” ხომ გამოგვივლით კიდე?”

ოჯახის უფროსმა კი მხარზე ხელი დამადო და გვითხრა : ”აუცილებლად მოდით”….

Advertisements

13 responses

  1. კაია, სტანდარტული სიტუაციაა რაც ხდება ხოლმე.. ” ხომ გამოგვივლით კიდე?” – ეს ფრაზა გულისამრევია ხოლმე, გინდა თუ არ გინდა უნდა თქვა რომ ზრდილობიანად მოაჩვენო ხალხს თავი… ეჰ რაღაც ცუდი გავხდი და ვეღარაფერს ვიტან რაც მოჩვენებითია და პირფერულია…
    საან კაი ნამუშევარია, . შენი სტილი ხო იცი მომწონს….:*:*

  2. 😐 მე არ მიდნა ასეთი ოჯახი…
    და არც ის მინდა, იმ გოგოსნაირი იდიოტები არსებობდნენ 😐

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s