ორიოდე სიტყვა თვითგვემის მავნებლობაზე

ყველას შემოწოლია ფიქრები საკუთარი მძიმე ხვედრის შესახებ. ”ამაში არ გამიმართლა, იმაში არ გამიმართლა, ეს რატომაა ასე,  ის რატომაა ესე” და ა.შ.  მართლაც, სრულიად ბუნებრივია ჩვენი ბედით უკმაყოფილოეი ვიყოთ და მეტი გვინდოდეს, იმიტორო ადამიანი, ჩემი აზრით, ზუსტად სრული კმაყოფილების მოსვლის მერე იღუპება. აღარაფერი აღარ უნდა. რონალდინიოსი არ იყოს, რომელიც საფეხბურთო მოედანზე ყველაფერს აკეთებდა რასაც უნდოდა, ვერავინ აჩერდებდა, ყველაფერი მოიგო, ყველაფერს მიაღწია, რის შედეგადაც სტიმული დაეკარგა, და ეხლა ყველასდასამწუხაროდ ისე ლაღად ვეღარ ბურთაობს როგორც უწინ…

მაგრამ პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, არაფერია საკუთარი თავის შეცოდებაზე ცუდი. როდესაც ეფლობი საკუთარ ტკივილში და სულს იჯიჯგნი. ზოგი, მგონი უმეტესობაც კი, ამაში ერთგვარ შვებას პოულობს, და თუ შეიძლება ასე ითქვას ათრობს კიდეც საკუთარ თავს სიბრალულით. ნარკოტიკივითაა, იკეთებ, იკეთებ და სულ უფრო მეტი გინდება. ირგვლივ ყველაფერი აზრსაა მოკლებული თვითგვემის გარდა. შეიძლება გსურთ დაისაჯოთ საკუთარი თავი, რაღაც შეცდომის გამო. ეგ კი არა, დროდადრო სუიციდის სანატრელი სურათიც კი გიდგებათ თვალწინ…

Continue reading

სიცოცხლის ხე

თქვენ ხართ მგზავრი, რომელიც გალაქტიკაში იკვლევს გზას. ვარსკვლავების გარემოცვაში ხართ. ისინი ორ კატეგორიად იყოფა – დიდი, მანათობელი, ცხელი ვარსკვლავები და პატარა, ცივი ვარსკვლავები. უკიდეგანო სივრცე უჭირავთ, გალაქტიკა ხომ უსასრულოა…

ოცნება აგიხდათ და ეხლა მოგეცათ საშუალება, დაიკმაყოფილოთ თქვენი ბავშვობის დროინდელი ლტოლვა. ვარსკვლავებზე დიდი ხართ, ისინი  პალტოს ეკრობიან, თითქოს თქვენი სვლის შეჩარებას ცდილობენ. ვარსკვლავების გროვა ხრაშუნით გეთელებათ ფეხქვეშ და სხვა, მანათობელი ვარკსვლავების შუქზე ციმციმებს…

გახსენდებათ სიზმარი – სიცოცხლის ხის მაძიებელი იყავით და კოსმოსში მიფრინავდით. იცოდით რომ იგი გალაქტიკის ცენტრშია მოთავსებული და მისი არსებობის წყაროს წარმოადგენს. იგი სამყაროს დასაბამიდან არსებობს. ეგ კი არა, თავდაპირველად მხოლოდ ამ ხის ღერო არსებობდა, შემდეგ გაიზარდა, გაისროლა ირგვლივ თავისი ტოტები,  და იქიდან ვარსკვლავები ჩამოცვივდა.

Continue reading

მეეზოვე და მწეველი გოგოები

ქართველი ქალები ერთი უნიკალური თვისებით არიან დაჯილდოვებულები.  ისინი ყოველთვის აგვიანებენ. ახლა თქვენ შეიძლება თქვათ, ქალებს საერთოდ სჩვევიათ დაგვიანებაო, მაგრამ არც მთლად მასეა საქმე.

”ლამაზი ქალი პაემანზე ყოველთვის აგვიანებსო” – სრული ჭეშმარიტებაა. მაგრამ საქართველოში ქალი ყოველთვის აგვიანებს, იმისდა მიუხედავად, ლამაზია თუ არა. იმისდა მიუხედავად, პაემანზე მოდის თუ უბრალოდ შეხვედრაზე. შეყვარებული იქნება,  დაქალი, საყვარელი, თუ სიძის დეიდაშვილის მეზობელი იგი მაინც დაააგვაინებს.

თუმცა ნუ დაღონდებით, მამრობითი სქესის წარმომადგენელნო. თქვენი არ ვიცი, და როდესაც შეხვედრა მე რაიმე სასიამოვნოს მიქადნის, ჩემთვის 10-15 წუთი დაცდა პრობლემას არ წარმოადგენას. როგორც ჰოლდენ კოლფილდი იტყოდა, გინდა დაუგვიანია, მთავარია გოგო პაემანზე ლამაზი მოვიდესო…

ჰოდა, ამას წინათ ერთ ჩემს მეგობარ მანდილოსანს ვუცდიდი რუსთაველის მეტროსთან. ქარი უბერავდა, უსაშველოდ ციოდა, ბნელდებოდა, იგი კი არ ჩანდა. ბოლოს მესიჯი მაღირსა, მალე მოვალო. ეს შეტყობინება საკმაოდ საგანგაშო იყო, რადაგან იმას ნიშნავდა, რომ ახლახანს გამოვიდა სახლიდან. ფეხებში დაღლილობა ვიგრძენი და ლოდინი ახლომდებარე სკამზე  გავაგრძელე.

ჩემს მოპირდაპირე სკამზე, უფრო სწორად მის ზურგზე, ორი ქალიშვილი (?) იჯდა. ალბათ 15 წლის იქნებოდენ. არ ვიცი როგორ ავღწერო მათი გარეგნობა, მაგრამ ის სწორედ ისეთი იყო, რომელიც ნებისმიერ ადამიანს აიძულებს თქვას, ნეტა ჩემი შვილი არ იყოსო მასე. ორივეს ეცვა ჭრელი ჩათბილული ჟაკეტი, ქვემოთ კი სკეიტშუზებში ჩატნეული ვიწრო შარვალი. ასე აბურძგნული თმა კი ადრე სარკეში თუ მინახავს… ფეხები იქ დაეწყოთ, სადაც ნაკლებად ექსტრავაგანტული მოქალაქეები ზიან ხოლმე, თვითონ კი სკამის ზურგზე მოკალათდნენ და გამვლელებს აინუნშიც არ აგდებდნენ, ისე ხმამაღლა ჭორაბდნენ. სკამის გვერდით ბლომად ეყარა სხვადსხვა სიგარეტის ნამწვავი. საკმარისი იყო ისინი დამინახა, რაც ერთი ”ჭრელჟაკეტა” წამოხტა და გამვლელ ბიჭს წინ გადაუდგა. შემდეგ საკმაოდ არათავაზიანად სთხოვა რაღაც, რის საპასუხოდაც ბიჭმა გაიცინა და ჯიბიდან ამოღებული სიგარეტის კოლოფი გაუშვირა. როგორც კი ”ჭრელჟაკეტამ” მიიღო საწადელი იგი მაშინვე გაეცალა ბიჭს და კვლავ დაიკავა, როგორც ალბათ თვითონ ფიქრობდა, თავისი კუთვნილი ადგილი.

”შვილო, ერთი წამით ფეხები  გაწიე რა, შენი ჭირიმე” – მომესმა უცებ ხმა. ჯერ ეს თხვონა ინსტინქურად შევასრულე და მხოლოდ შემდეგ მოვიხედე. ნარინჯისფერ ქურთუქში გამოწყობილი მოხუცი მეეზოვე, ასფალტს გვიდა და თან სიგარეტის ნამწვევბსა და მზესუმზირის დაყრილ ნაჭუჭებს აგროვებდა.

Continue reading

ჩემი

გიყვართ ზამთარი? თოვლი, სუფთა ჰაერი და ასე შემდეგ? გამოგიტყდებით და ზამთარი პირველ რიგში ჩემი საბნის გამო მიყვარს. იგი საკმაოდ ძველია, და აი უკვე რამდენი წელია გახუნებულ მწვანე ფერს ინარჩუნებს. მისი სუნი არც ერთ სხვაში არ შემეშლება. საოცრად თბილი, და კარგად ნაცნობი სუნი ასდის. ეს საბანი შალის, სიძველის, მოგონებების და უსაფრთხოების მშობლიური ნარევია. მან არაერთი ზეწარი გამოიცვალა, ბევრჯერ გარეცხილა თუმცა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თვისება აქამდე შეინარჩუნა. თუ არ ვცდები, ჩვენი მეგობრობა ათი წლის წინ დაიწყო. დეკემბრის ერთ ცივ და ბნელ საღამოს მამამ იგი კარადიდან გადმოიღო და თხელი ჭრელი საბნის ნაცვლად ჩემს საწოლზე დადო. ბინაში ძალიან ციოდა – ”კეროსინკა” ნამდვილად არ კმაროდა…  ოთახი ასევე ნავთის ლამპარის სუსტ შუქში იყო დამწყვდეული. რა მეკეთებინა? წიგნს ვერ წაიკითხავ, ტელევიზორს ვერ უყურებ, გარეთ ვერ გახვალ – გაიყინები. ჰოდა ავიღე, საწოლში ჩავწექი და ჯერ უცნობი საბანი დავიფარე… ალბათ მხოლოდ ისინი გამიგებენ, ვისაც საშინელი სიცივის დროს უცებ საამო სითბო უგრძვნია. გახსოვთ ეს შეგრძნება?

რა საოცრებაა როდესაც ცივი ოთახისგან თბილი საბანი გმიჯნავს. გარეთ მხოლოდ ცხვირი გაქვს გამოყოფილი, ის გაგრძნობინებს, რომ გარეთ ნამდვილად სიცივეა, და მისი წყალობით კიდევ უფრო აფასებთ საბანს. ჯერ მწარე ჭამეო, ხომ გაგიგიათ?

ჰოდა, მას შემდეგ ყოველ ზამთარს ერთად ვართ…  ჩემს მეტს არავის აფარია, და მეც მის გარდა არც ერთ საბანს არ ვიფარებ.

ყოველ ზამთარს იგი კვლავ ჩემს საწოლში აღმოჩნდება და ჩვენი რომანი მარტამდე გასტანს ხოლმე. ურთიერთობა საკმაოდ მრავალფეროვანი გვაქვს, არ იფიქროთ, რომ მხოლოდ ძილით შემოფარგლება. მასთან ერთად წიგნის კითხვა ან ტელევიზორის ყურება საოცარი ნეტარებაა.  სხვათაშორის, ამ დროს არც ჩაის დიდი ჭიქა აფუჭებს საქმეს…

ბეღურა

წარმოიდგინეთ რომ პატარა ბეღურა ხართ და დათოვლილ ტოტზე ზიხართ. გშიათ, გცივათ და სულაც არ გიხარიათ პირველი თოვლი. ქვემოთ ბავშვები გუნდაობენ და უბრალო თოვლს თოვლის პაპად აქცევენ.  მათი სიცილი და მხიარული შეძახილები თქვენს პაწაწინა გულამდე ვერ აღწევს. თუმცა აი ერთმა ლოყებღაჟღაჟა პატარა გოგომ თამაშს თავი დაანება. იგი დროდრო თქვენსკენ იხედება, და თანატოლებს რაღაცას დაჟინებით ეუბნება. ბოლოს, ძალიან რომ მოგაბეზრებენ თავს, ჰაერში აფრინდებით და თოვლიან ქარს შეეჭიდებით. გასცდებით ეზოს, ვიწრო ქუჩებს და თქვენს ირგვლივ გაფუჭებული შუქნიშნების ქალაქის უკიდეგანო სითეთრე გადაიშლება. ცა და მიწა ახლა თითქოს შეერთებულია. ზეციურ სასუფეველსა და ცოდვილ წუთისოფელს შორის  საზღვარი წაშლილია. თოვლმა თითქოს ყველაფერი შთანთქა, მდუმარე მთაწმინდაც კი მთლიანად შემოსა თეთრად…

თქვენ კი გშიათ.  თუმცა ხვდებით რომ ადამიანებს ახლა მშიერი ბეღურის გამოკვებაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო საქმეები ელით…

აი ნაცნობი ბეღურა მოფრინავს, ისიც თქვენნაირ დღეშია. მიგიპატიჟებთ თავის ბუდეში სადაც ნახევარ ჭიაზე დაგპატიჟებთ. თქვენ თავიზიან უარს ეტყვით და შემოუთვლით, ბარტყებს დაუტოვე, ისედაც რთულად იშოვება ჭიებიო. შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში განიხილავთ ადამიანების სიძუნწეს. საკმარისია თითო ადამიანმა დღეში ფანჯრიდან ერთი ნატეხი პური მაინც გადმოაგდოს და ამდენი ჩიტი შიმშილით აღარ დაიხოცება – ამბობს თქვენი ნაცნობი.

Continue reading

ფიქრნი მტკვრის პირას XXI საუკუნეში ანუ ბედი გაფუჭებული შუქნიშნების ქალაქისა

მტკვარი მზის შუქზე ათას მარგალიტად ირეკლება. დროდადრო მისი ზედაპირი ადუღებული ნაღებად ქცეულ რძეს ემსვგავსება და მაყურებელს სურვილიც კი უჩნდება იგი კოვზით აიღოს. მაგრამ აი მზე ღრუბლებს მიემალა…

ნაპირზე მეთევზეები დგანან. დროდადრო ისინი მტკვარში ანკესს აგდებენ, თუმცა უშედეგოდ. საკმარისია მდინარეს ცოტა ყურადღებით დააკვირდეთ და დაინახავთ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მასში ვერც ერთი ცოცხალი არსება ვერ გადარჩება. მხოლოდ მზის შუქზეა მტკვარი მშვენიერი, სინამდვილეში კი…

სწორედ მაზე წერდა ნიკოლოზ ბარათაშვილი  ასე ლამაზად:

”ნელად მოღელავს მოდუდუნე მტკვარი ანკარა

და მის ზვირთებში კრთის ლაჟვარდი ცისა კამარა”.

სამწუხაროდ ეს სურათი ახლა ჩვენთვის თვალმიუწვდომელია.

აი მტკვარში მიცურავს მარტოხელა ფეხსაცმელი. რაღაცით მუქ ტალღებთან მებრძოლ პატარა ნავს გავს. მდინარის ზედაპირზე თოლია ეშვებდა და პატარა ნავით გატაცებულებს იგი თავდაპირველად რაღაც გიგანტური ფრინველი გგონიათ…

ბოთლს აქ რაღა უნდა? წერილი ხომ არ დევს შიგნით? თუმცა ამის იმედი, ამ შემთვევაში, მხოლოდ გამოუსწორებელე რომანტიკოსებს თუ უნდა ქონდეთ…

როგორც ბევრი მწერალი და ისტორიკოსი გვატყობინებს, ადრე მტკვარი ათასი ქართველის სისხლით შეღებილა, და ჩაუკრავს საკუთარ მკლავებში მამაცი მეომრების ცხედრები. ამ ფონზე, იმის შესახებ საუბარია, თუ  რითია შეღებილი მდინარე ეხლა, ცოტა გვეუხერხულება…

Continue reading

საათივით

გაფუჭებული შუქნიშნების ქალაქში ბევრი მრწამსისა და ეროვნების ადამიანი ცხოვრობს.

ყველა თითქოს თანაბარი უფლებებით არსებობს, მაგრამ არც მთლად მასეა საქმე. რელიგიურ და ეროვნულ უმრავლესობას საკუთარი თავი სიმართლის უკანასკნელ ინსტანციად მიაჩნია და ბევრ რაღაცაში უმცირესობებს არაფრად აგდებს. მეტიც საკმარისია, გაიგონოს მისთვის უცნობი ენა ან სიტყვა, და ეს მის აგრესიას იწვევს. დაინახავენ იღლიაში წიგნებ ამოჩრილ ინდოელ სტუნდეტს, და დაიწყებენ – ვეპატიჟებოდით? რა ჯანდაბა უნდოდა აქ? თუმცა ამაზე სხვა დროს…

ახლა კი, მინდა მოგითხროთ ერთ პატარა სინაგოგაზე, რომელიც ქალაქის ცენტრშია განლაგებული. აგურებით ნაშენი სამსართულიანი შენობა შორიდან ნამდვილად არ მოგაგონებთ ტაძარს.  თუმცა მოახლოებისას შეამჩნევთ თეთრ ფონზე გამოსახულ დავითის ექვსქიმიან ვარკვლავს. ეზოში შესვლისას ორი მოხუცი კაცი შემოგეგებებათ, რომელთაც აუცილებლად უნდა კითხოთ სინაგოგის დათვალიერების ნებართვა. თუ ზრდილობიანად მიმართავთ, არამგონია უარი გითხრან, ოღონდ ჯერ მოგიწევთ თავზე რაიმე დაიფაროთ. თქვენ წინაშე ექვსქიმიანი ვარკსვლავებით მოჭედილ კარებს გააღებენ და თქვენც ებრაელების სალოცავ ადგილას შეაბიჯებთ.

Continue reading

ოაზისი

საწოლი თეთრი ზეწრითაა დათოვლილი. ალაგ-ალაგ დაჭმუჭნული ზეწარი ერთგვარ უკიდეგანო თეთრ უდაბნოს ქმნის, რომელშიც ერთადერთი ოაზისია – სიგარეტის ნამწვავი. თეთრი ნაწილი არ ჩანს, მაგრამ არ იფიქროთ, თითქოს მას უდაბნო აუჩინარებს. იგი უბრალოდ დასრულდა. ძალაგამოცლილი ნამწვავი ამაყად განისვენებს მიტკლის უდაბნოში, იგი ოაზისია. ოაზისის ფუნქციის შესრულება მხოლოდ ოაზისს შეუძლია, ოაზისობა კი იმას, ვინც თვითონ ნამყოფია ოაზისში.

ოაზისი რუხი ფერფლითაა შემოფარგლული, იგი დასრულებული ვნების ერთადერთი ნარჩენია, ყოფილმა სიგარეტმა გადმოისროლა ფერფლის სახით დაგროვილი ვნება, მან თვითონ განსაზღვრა ოაზისის ფარგლები…

თამბაქოს ბურუსი, დანამდვილებით, ამ ოაზისის შესანიღბავადაა ჩამოწოლილი, ნამწვავი მალავს საკუთარ თავს, რადგან შენი ოაზისობა თუ არ დაიცავი, ძალიან მალე უდაბნოს ნაწილი გახდები…

ბეჭდით დამშვენებული, მოქნილი ტითები სწრაფი მოძრაობით აქრობენ  უდაბნოს, რადგან ოაზისის გარეშე უდაბნო Continue reading

ვალენტინობა უვალენტინოდ

არავისთვის წესით არ უნდა იყოს ახალი ამბავი, რომ 14 თებერვალი მთელ ცივილიზებული სამყაროში სიყვარულის დღედაა გამოცხადებული, ანუ  ვალენტინობად. არ დაგიწყებთ ეხლა მღვდელ ვალენტინზე ლეგენდის მოყოლას, უბრალოდ ვიტყვი, რომ რაც თავი მახსოვს საქართველოში ვალენტინობას ყოველთვის აღნიშნავდნენ. უშუქობაში, სიცივეში, გაჭივრებაში, ყოველთვის როცა ქუჩაში გავდიოდი,  გაყინულ, მაგრამ ბედნიერ წყვილებს ვხედავდი…

გოგოს თითო-ოროლა მინდვირს ყვავილი ეჭირა ხელში და ბიჭს მადლიერი თვალებით შესცქეროდა. ფეხზე დაცრეცილი ჩექმა ეცვა, რომელიც მოყინულ ასფალტზე წარამარა სრიალებდა, ცასავით რუხი პალტო ქონდა მოსხმული და რაღაც ბერეტისმ აგვარი ეფარა თავზე.  ბიჭს ძველი მოკლე ”დუტის კურტკა” ეცვა, ჯინსები და აშკარად დერმანტინის ფეხსაცმელი. მახსოვს ისინი ზუსტად 10 წლის წინ შევნიშნე, სკოლიდან სახლში რომ ვბრუნდებოდი. არ ვიცი სად მიდიოდნენ, არც ის ვიცი, თვითონ თუ ქონდათ ამის შესახებ რაიმე წარმოდგენა, მგონი უბრალოდ ერთად იყვნენ, და მათთვის ეგ საკმარისი იყო. ყმაწვილი ხელებს უთბობდა, თან დროდარო ყურში რაღაცას ჩასჩურჩულებდა. ბედნიერება და წამით ტკბობა მათ სახეებზე იმდენად ნათლად იყო აღბეჭდილი, რომ აქამდეც კი მსიამოვნებს მათი გახსენება. მახსოვს, ძალიან დამწყდა გული, როდესაც ისინი წითელი იკარუსში გაუჩინარდნენ, რომელმაც ჰაერში შხამიანი გამონაბოლქვი დატოვა…

Continue reading

გაზაფხულის მოლოდინში


რა კარგია, როდესაც დილით მზის სხივი გაღვიძებს. როდესაც იგი შემოიჭყიტავს შენს ფანჯარაში როგორც ახლო მეგობარი, და რბილად წაგითაქებს თავში. როდესაც იდაყვებზე აიწევი და მას სასიამოვნო სითბოს სახეს მიუშვერ. რა კარგია როდესაც იცი რომ ზამთარი ილევა, რომ მის დასრულებამდე მხოლოდ 15 დღეა დარჩენილი, როდესაც ახლადამდგარი ფანჯარას ეცემი და ხეზე მჯდარ მტრედს დაინახავ. შემდეგ მუსიკის თანხლებით ივარჯიშებ, შხაპს მიიღებ და ჩაით ხელში კომპიუტერთან წამოსკუპდები. რა კარგია, როდესაც მომავალი ნათელ ფერებში გესახება, როდესაც ჩემი სენსეის თქმისა არ იყოს, მყარად დაგახარ მიწაზე და გრძნობ რომ იგი შენს ფეხქვეშაა… მგონი ცხოვრებას გადავეჩვიე. იმდენად უცნაური შეგრძნება იყო ყველაფერი ზემოთჩამოთვლილის გაცნობიერება, რომ რაღაც მომენტში საკუთარ თავს ვკითხე – კი მაგრამ, ეს მე ვარ? საავადმყოფოში წოლილხართ? მე არა. ალბათ ზუსტად იგივე შეგრძნებაა, როდესაც ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გამოგწერენ და გარეთ გასულს გიკვირს, რომ ირგვლივ საავადმყოფოს რუხი კედლების ნაცვლად სიცოცხლით აღსავსე ქალაქს ხედავ. ერთი კი დანამდვილებით ვიცი – ზამთარი სულს ღაფავს. რაც არ უნდა მოხდეს, 15 დღეში იგი დასრულდება. შიშველი ხეები აყვავილდება და ასე შემდეგ… ხვალ ვალენტინობაა და ეს ჩემ სიტყვებს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუმცა სიყვარულის დღის შესახებ დაწვრილებით ხვალ დავწერ. ველი გაზაფხულს, როგორც პირობითს, ისე ნამდვილსაც…

Continue reading