ბოლო დროს ჩვენთან თითქოს ტაბუ დაედო, ე.წ. ”ქურდული მენტალიტეტის” ყოველგვარ გამოვლინებას. კანონმდებლობაში შესული ცვლილებების თანახმად, საკმარისი იყო ნებისმიერ მოქალაქეს თავი ”კანონიერ ქურდად” ეღიარებინა, რაც მას ხანგრძლივი ვადით ციხე ელოდა. ეგ კი არა, განათლების სამანისტრო და შსს ცდილობდნენ ცეცხლითა და მახვილით აღმოეფხვრათ მოზარდებსა და ახალგაზრდებში ”კაი ბიჭობის” ინსტიტუტი.
შეიძლება გავიხსენოთ ხელისუფლების მიერ დახოცილი უამრავ ახალგაზრდა. (მართალია ხელისუფლება ამას სხვადასხვა არგუმენტით ამართლებდა, მაგრამ გინდ ის ბიჭები დამნაშავეები ყოფილიყვნენ, ფაქტია რომ სამართალდამცავებს ჰუმანიზმის ნატამალიც კი არ გამოუმჟღავნებიათ). ”ნულოვანი ტოლერანტობა!” და ”ყველანი ციხეში!” – გარდატეხის ასაკში მყოფს გამუდმებით ეს ორი ფრაზა ჩამესმოდა. გავიდა წლები. უბნებში სულ უფრო ნაკლებად შეხვდებით ე.წ. ბირჟავიკებს, სკოლებში ლამის საპოლიციო რეჟიმია დამყარებული. პატარა ბავშვებს აღარ გააჩნიათ ის მცდარი ფასეულობები, რომლებზეც ჩვენ ვიზრდებოდით. (აქ მინდა ავღნიშნო, რომ სულაც არ მიმაჩნია ჩემი ბავშვობისდროინდელი ყველა ფასეულობა მცდარად, მაგალითად ერთმანეთის გატანა, რომლითაც 90-ანების ბავშვები განსაკუთრებულად გამოირჩევიან), აღარ დააქვთ დანები, აღარ კაჩაობენ, გაცილებით მეტ საინფორმაციო რესურსზე მიუწვდებათ ხელი და სხვა თუ არაფერი, ჩვენზე ბევრად უკეთეს პირობებში სწავლობენ. ერთი შეხედვით, ”კაი ბიჭობა” ნელ-ნელა ანაქრონიზმად იქცა… Continue reading
პრიალა ვარსკვლავი
ბურთულები სივრცეშია მიმოფენილი. ბურთულები ჭრელია – წითელი, ყვითელი, ყავისფერი, ლურჯი. აქ-აქ სიბნელეში წერტილები ციმციმებს – ცივი, მკრთალი, თითქოს უსიცოცხლო.
ოთახში ბნელა. თეთრ პერანგში გახვეული ბავშვი ნაძვის ხესთან სკამზე დგას. ხელში უზარმაზრი პრიალა ვერცხლისფერი ვარსკვლავი უჭირავს და ცდილობს ხის წვერს მოარგოს. ბავშვი თითის წვერებზე იწევა, წითელ შუბლზე დაძაბულობისგან ოფლი ცვარივით გადმოსდის, თუმცა ნაძვი ზედმეტად მაღალია…
კარი ჭრაჭუნით იღება და ბებია შემოდის. გაცვეთილი ყავისფერი საბანაო ხალათი აცვია, დასიებული ფეხები რეზინის ფლოსტებში აქვს გარჭობილი. იგი შუქს ანთებს და შვილიშვილს უკმაყოფილი მზერას არ აცილებს.
-რამდენჯერ გითხრა, შე სასიკვდილე, სკამზე არ დადგე-თქო?!
ბავშვი ხმას არ სცემს და თავის საქმეს განაგრძობს.
-გეყურება შენ, რასაც გელაპარაკები?
პასუხს ვერ ამჯერად ღებულობს, სკამთან მიდის, ძლიერი ძარღვიანი ხელებით შვილიშვილს წელში ეჭიდება და იტაკზე სვავს. Continue reading
თოვლის პაპა, სანტა-კლაუსი (ვინცაა რა)
7 წლისას გულწრფელად მჯეროდა რომ ყოველი ახალი წლის ღამეს სანტა კლაუსი, ან თოვლის პაპა შემოიპარებოდა ხოლმე და ნაძვის ხის ქვეშ საჩუქრებს ტოვებდა. ამ რწმენას დაახლოებით 12 წლამდე ვინარჩუნებდი. შემდეგ დედაჩემმა დამარწმუნა, თოვლის ბაბუა მხოლოდ მეტაფორა იყო,რომლითაც გამოხატავდნენ იმ კეთილ საქმეებს, ადამიანები რომ ჩადიან ხოლმე საშობაოდ და საახალწლოდ. ახლა უკვე დანამდვილებით ვეღარ ვიტყვი აქედან რომელია მართალი და რომელი ტყუილი, მაგრამ იმას კი ვატყობ რომ ყოველი ახალი წლის მოახლოვებასთან ერთად (და არა მხოლოდ) მატულობს ეგრეთწოდებული ”ფსევდო თოვლის პაპების და სანტა კლაუსების” რაოდენობა, რომელთა დანახვისთანავე კვლავ შემაქვს ეჭვი თოვლის ბაბუის არსებობაში, ყოველ შემთხვევაში საქართველოში. Continue reading
მაკა
დასრულდა! -გაიფიქრა მაკას აჩრდილმა. სიგარეტი საფერფლეში ჩაჭყლიტა და უკანასკნელი ყლუპით ყავის ფინჯანი გამოცალა. კაფეში ქალები ბზუოდნენ. ზოგი საუბრობდა, ზოგი სამუშაო დღის მერე ისვენებდა, ზოგი კი რაღაცას უკვეთავდა, თითოეული ხმა დანასავით ესობოდა მაკას ყურებში. ისეთი მშვიდები იყვნენ, იღიმოდნენ, იცინოდნენ, საკუთარი პაწაწინა სამყაროს იქეთ ვერაფერს ხედავდნენ. ალბათ ამიტომაც მოსწონდათ კაფეში ჯდომა – გარეთ გახედვისას მოყინული ფანჯრების წყალობით ხომ ვერაფერს ხედავდნენ. მაკას წვავდა ბოლით და ლაყბობით გაჟღენთილი ჰაერი, ერთი სული ქონდა გარეთ გასულიყო, მაგრამ არ შეეძლო, ერთი მარტივი მიზეზით – გარეთ უსაშველოდ ციოდა. საქმე მხოლოდ, იმაში არ იყო, რომ თერმომეტრი -8 გრადუს ცელსიუსს უჩვენებდა… უბრალოდ მაკას ცოხვრებაში ზამთრის მოსვლა რაღაც უცნაურად დაემთხვა ქალაქში უჩვეულოდ ცივი და თოვლიანი დეკემბრის დადგომას.
ის ვიცი სახელიც არ ითქმის, ჩუსტი და კვერცხი
გაციება მკლავს, გარეთ ცივა, კონსპექტებს თავს ვერ ვაბამ, არადა შუალედურები კარსაა მომდგარი. მუზამ დიდი ხანია დედის გინებით დამიქნია ხელი და შორეული სივრცეების მოსანახულებლად გაემგზავრა. რაღა დარჩენია სახლში მჯდომ მოწყენილ ოცი წლის ახალგაზრდას? რა თქმა უნდა ტელევიზორი (ჰო, მერე რა რომ 21-ე საუკუნეა, ჩემპიონთა ლიგა უკვდავია!) და უპირველეს ყოვლისა ინტერნეტი-ო - იტყვით თქვენ! ტექნიკური პროგრესის პირობებში უსაქმურებს ისღა დარჩენიათ, დაილაგონ პერსონალურ კომპიუტერთან სხვადასხვა გემრიელობები და მიაშტერდნენ მონიტორს, რომლის შინაარსსაც დროდადრო თითის უბრალო დაწკაპუნებით ცვლიან (ჰო კარგი, მეც ეგრე ვარ ხოლმე, დიდი ამბავი! ლეპტოპიანებო მშურს თქვენი!). კი ბატონო, უკანასკნელ დრომდე ეს საშუალება მეტ-ნაკლებად მიცხრობდა მოწყენილობას და დროსაც მიკლავდა.
თუმცა არ შემარგეს! სიმშვიდის ეს ნათელი ეპოქა რამდენიმე თვეა რაც დავიწყებას მიეცა. შედით ნებისმიერ საიტზე, ჩართეთ ნებისმიერი არხი, პირველი ფრაზა, რომელსაც თქვენ გაიგონებთ იქნება ”ბიძი…” არა, ამას ვერ დავწერ! U know who – ის ვისი სახელიც არ ითქმის! (ჰო კარგი, ალაგ-ალაგ ჩუსტები და კვერცხებიც გამოერევა ხოლმე).
თითქოს არც ბნელ ჯადოქრობას ფლობს, და ცხვირიც თავის ადგილზე აქვს, მაგრამ მაინც თავს ვერ მივცემ უფლებას, იგი ნამდილი სახელით მოვიხსენიო. (ნაციონალებო, დივიდენდებს ველოდები!) მშვენივრად უხდება ამ ბატონს – ”ის ვისი სახელიც არ ითქმის”! თანაც, ჩვენი სახელმწიფოს პირველი პისი მას მართლაც საერთოდ არ ახსენებს!

insideout
რა საშინელებაა, როდესაც საკუთარ სულში იხედები და მხოლოდ ცარიელ, გამომშრალ უდაბნოს აღმოაჩენ. მიწას უზარმაზარი შავი ბზარები ადევს, საიდანაც მხოლოდ რომელიმე რეპტილია თუ გამოხოხდება ხოლმე. შემოგხედავს თავისი ცარიელი, გაყინული თვალებით, და კვლავ მიიმალება.
ჯალათი მზე, შხამიანი ისრებივით ისვრის თავის მწველ სხივებს და ცდილობს მოსპოს ყოველივე ცოცხალი. წარსულიდან მხოლოდ ფერფლად ქცეული ყვავილები და მცენარეებიღა შემოგრჩა. მხოლოდ ისინი თუ მოგაგონებს რა მდიდარი და ნაყოფიერი ოაზისი იყო აქ ერთ დროს.
ფეხები ქვიშაში გეძირება, გრძნობ, რომ უდაბნო ცდილობს შენც გშთანთქოს. სასწრაფოდ უნდა გაახილო თვალები…
თუმცა კი, განა გახელისას რამე უკეთესი გელოდება? ამასობაში ქვიშა უკვე წელამდე იწევს.
ქვიშა მჟავასავით გიხვრეტს კანს, ყელამდე ამოდის, გახრჩობს და თვალები თავისით გეხილება…
ცა წითლადაა შეღებილი და მზე ჩასასვლელად ემზადება. ქვაზე დიდხანს ჯდომისგან სხეული გათოშილი გაქვს, დგები და წასვლას აპირებ. სიცივე კანქვეშ აღწევს, სრულიად მარტო ხარ ქვების გარემოცვაში. საფლავს ჯერ კიდევ ეტყობა ახლდდაყრილი მიწა.
რიგები
შაბათი… გამოძინების და ძალების აღდგენის დროა, როდესაც კვირის განმავლობაში დაღლილ ადამიანს შეუძლია ლოგინში გაინაზოს და უსაქმურობით დატკბეს… ან გიჟივით წამოხტეს რვა საათზე, მეხანძრესავით სწრაფად ჩაიცვას, მოიგდოს მხარზე სპორტული ჩანთა და სახლიდან გავარდეს…
დიდის ამბით მივაბიჯებ წერეთლის მეტროსკენ და ვცდილობ ძილი ჩამოვიბერტყო, თუმცა იგი ჯიუტად არ მიშვებს, თითქმის ისევე, როგორც ჭირვეული ბავშვი ებღაუჭება წასასვლელად გამზადებული მამის ფეხს. ქუჩები ცარიელია და ჩემს გარშემო იშვიათი გამვლელები, ძირითადად ღამე ნამთვრალევი კაცები დაბაჯბაჯებენ. დილის ნიავი ნამდვილი პანაცეაა ძილის დასამარცხებლად, სასიამოვნოდ მიგრილებს სახეს, ყურებში კი მხოლოდ მანქანის დაქოქვის შოროეული დუდუნი ჩამესმის.
აი ვუხვევ მეტროსკენ მიმავალ ქუჩაზე და უცებ ყველაფერი სასწაულებრივად იცვლება… თურმე გაფუჭებული ძრავა კი არ დუდუნებს, არამედ რაღაც პატარა ჯიხურთან შეკრებილი ადამიანთა ჯგუფი. უმეტესობას თმაში ჭაღარა აქვს შერეული, და ყველა მოხუცის დარად თბილად აცვია. თითოეული ადამიანი თითქოს აფრქვევს მოუთმენლობის ტალღებს – აი ”შლაპა” დახურულ ულვაშიან ბაბუას ხელები ზურგსუკან დაულაგებია და მოუსვენრად აბაკუნებს ფეხებს. მის წინ მდგომი შავოსანი ქალი კი გაცილებით ნაკლებად თავშეკავებულია, იგი თამამად, ხმამაღლა ლანძღავს მთავრობას, და მოითხოვს რომ რიგში წინ გაუშვან.
მშვიდობით, მაღლივო!
აი უკვე მესამე კვირაა, რაც სტუდენტებმა ”სწავლა” (ზოგმა ბრჭყალების გარეშეც) განვაახლეთ. კვლავ ჩავებით ამ მძიმე უღელში, დილაობით ტრანსპორტი კვლავ სავსეა, წიგნებმომარჯვებული, ან ხელცარიელი სტუდენეტებით. თუ ავტობუსით მგზავრობთ და ფეხზე ერთდროულად სამი კაცი გაბიჯებთ შედარებით ამოსუნთქვას მხოლოდ ვაკეში შეძლებთ, ხოლო თუ მეტროს მოქანავე ვაგონში სახეში გამუდმებით გხვდებათ ვიღაც ახალგაზრდის ზევით აღმართული იდაყვი, უსაფრთხოდ პოლიტექნიკურის შემდეგ თუ იგრძნობთ თავს. – ეს ყველაფერი ორწლიანი დაკვირვების შედეგია. წელს, ისევე როგორც შარშან დელისზე მივდივარ, სადაც ჩემი ახალი უნივერსიტეტი ”ჯავახიშვილის ტურიზმის საერთაშორისო სკოლაა” განლაგებული. მაღლივის არ იყოს, წესრიგი მანდაც ოცნებად მაქვს ქცეული, თუმცა ამაზე სხვა დროს, თან ამ ორი სასწავლებლის შედარება ცოტა არ იყოს და უნამუსობაა ჩემი მხრიდან - არაფერია ამ ქვეყნად მორდორ-მაღლივის მომაკვდინებელ აურაზე უარესი.
ზაფხულში, როდესაც გატანჯულს დიდის ამბით გადამქონდა საბუთები, თავს სიტყვა მივეცი რომ მივუძღვნიდი მაღლივს კიდევ ერთ, უკანასკნელ პოსტს…
აგურები
ბებიაჩემის სხვენში ნაპოვნი კიდევ ერთი წერილის ამონარიდი:
”როგორ ხარ ჩემო ძვირფასო დაო? როგორ უმკლავდები სიძნელეებს, ხომ მოიმარაგე მოთმინება?
მოთმინება… როგორი რთული, როგორი საჭირო… ხანდახან მეჩვენება რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და დასაფასებელია თვისებაა ადამიანში. მე კი ის საერთოდ არ გამაჩნია. ერთი პოეტის თქმისა არ იყოს “მთელი სამყარო მინდა, და მინდა ახლავე!”, მეც მყისიერ და სასურველ შედეგს ვითხოვ წარამარა. საკმარისია ეგრევე შედეგი არ მივიღო, და აი უკვე მზად ვარ საქმეზე ხელი ჩავიქნიო. და მართლაც, როდესაც დაიხარჯები, ჩადებ საკუთარი თავის ნაწილს რაღაცაში, სანაცვლოდ კი ვერაფერს იღებ, ძალიან რთულია მოიმარაგო მოთმინება და იმედის თვალით შესცქირო მომავალს…
”ელოდეთ! გწამდეთ! მოგეცემათ!” – ყველა ეს ფრაზა სულაც არ აქარწყლებს ჩემს სკეპტიკურობას.
რა ძნელია იმის გაცნობიერება, რომ შრომა წყალში ჩაგეყარა, რომ შენს მიერ მოზიდული აგურები არ აღმოჩნდა საკმარისი სახლის ასაგებად.
თუმცა ხანდახან სხვანაირადაც ხდება- წარმოდგინე ლამაზი, ყელმაღალი, ხორბლისფერთმიანი გოგო, რომლის კანიც ძველი დროის პოეტების თქმისა არ იყოს სპილოს ძვალივით თეთრია. მისკენ მიმიწევს გული, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში თითქოს ვიღაც ფრთხილი მხედარი ჩემში ზედ ნახტომის წინ ცხენს აჩერებს…
საღვთო მიწა (ნაწ.2)
ცა იღვრებოდა წვიმად და ზავდებოდა აქაფებულ, მშფოთვარე ზღვაში. ტალღები ღმუოდნენ, საღვთო მიწას გაავებულნი ეხეთქებოდნენ და აბრკოლებდნენ მცურავს, რომელიც გადასარჩენად იბრძობა მათ შავ წიაღში. ბოლოსდაბოლოს იგი მიუახლოვდა კუნძულს და მაგრად ჩაეჭიდა მისკენ ხელივით გამოშვერილ ქვას. მცურავი მაღლა აცოცდა, მოძებნა შესაფერისი ადგილი, ჩამოჯდა და სახიდან სველი თმა გადაიწია. სახე ძალიან ბავშვური ქონდა, ერთი შეხედვით შეიძლება გოგოსიც ყოფილიყო და ბიჭისაც, აი სხეული კი მართლაც ქალის სილამაზის ეტალონს წარმოადგენდა. მაღალი, ამაყი კისერი, ახლადმომწიფებული ყურძნის მტევნებევით სავსე მკერდი, წვრილი წელი და გრძელი სწორი ფეხები.
ქვები სველი იყო და გოგონას ძალზედ უჭირდა წონასწორობის შენარჩუნება, მისი პატარა ტერფები მოუსვენრად დასრიალებდა… ცა კი არც ფიქრობდა გამოდარებას, პირიქით სულ უფრო და უფრო მსხვილ წვეთებს უშენდა საღვთო მიწაზე მჯდომ განდეგილს… ქარი ღმუოდა როგორც ტკივილისგან გამწარებული ქალი და უხეში მამაკაცივით უჩეჩავდა თმას ზღვის წიაღში მყოფ ამ ერთადერთ ადამიანს.
”რატომ? რატომ?” ჩურჩულებდა გოგონა, დრო-და დრო ცისკენ აპყრობდა თავის შავ თვალებს, რომელბშიც ელვის კლაკნილი ირეკლებოდა… ასეთ მომენტებში ცა გაბზარულ ჭერს გავდა და ალბათ გოგონას იმედი ქონდა, რომ მოწყალე ღმერთი ამ ბზარიდან გადმოუგდებდა რამეს… თუმცა კი დრო გადიოდა, ბუნება კვლავ ბობოქრობდა, გოგო კი უშედეგოდ ელოდა დახმარებას… ბოლოს გოგონამ უკანასკნელად ახედა ცას, პირჯვარი გადაისახა და წყალში გადაეშვა…



